ENG

ახალი ვებ–გვერდი, რომელიც თბილისის ქუჩების პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება

21 მარტი, 2011

დაუყოვნებლივ გასავრცელებად
თბილისი – 21 მარტი, 2011 წელი Chemikucha.ge „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ შემუშავებული ვებ–გვერდია,სადაც თბილისის მცხოვრებლებს შეუძლიათ ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ მოკლე შეტყობინება განათავსონ, რაც საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

„თუკი შენიშნავ ქუჩაში წყლის მილს, რომელიც ჟონავს; საშიშ ჭას, რომელიც დაფარვას საჭიროებს; ვანდალიზმს ან სხვა სახის პრობლემას, ახლა უკვე მარტივად შეგიძლია ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე განათავსო“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური. „პრობლემის მოკლე აღწერილობის ვებ–გვერდზე განთავსება და რუკაზე მისი აღნიშვნა რთული არ არის და დიდ დროსაც არ წაიღებს, მაგრამ ამით თვალსაჩინო შედეგი იქნება მიღწეული. პრობლემის ვებგვერდზე ატვირთვის შემდეგ, თბილისის მერია ავტომატურად მიიღებს ამის შესახებ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით.“

„თბილისის მერიის წარმომადგენლები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.
თბილისის მერია მიღებული პრობლემებს განიხილავს და ეცდება ამ პრობლემების მოგვარებას.
ყველანი ერთად ჩვენ შევძლებთ თბილისი უფრო ლამაზი, უსაფრთხო და კარგად
ფუნქციონირებადი ქალაქი გავხადოთ“, – აცხადებს გიგაური.

Chemikucha.ge მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ პრობლემის ამსახველი ფოტოები, გამოსწორებული პრობლემის შესახებაც განათავსონ ინფორმაცია ვებგვერდზე, მოინახულონ სხვა მომხმარებლების მიერ ატვირთული და უკვე მოგვარებული პრობლემები.

FixMyStreet–ის კონცეფცია, რომელსაც Chemikucha.ge ემყარება, წარმატებულად მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში, სადაც ამგვარი ვებ–გვერდების მეშვეობით ათასობით პრობლემაა მოგვარებული. Chemikucha.ge პირველი ასეთი სახის პლატფორმაა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნებში შეიქმნა.

გასულ წელს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, გამოკითხული ქართველების 38%–მა განაცხადა, რომ გზები მათთვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. რესპოდენტებმა ადგილობრივი პრობლემების ნუსხაში ასევე დაასახელეს კანალიზაციის პრობლემები(10%), ქუჩის განათება (9%) და დასუფთავება(8%). ყველა ამ ზემოხსენებული პრობლემის მოგვარება Chemikucha.ge–ს მიზანს
წამოადგენს.

FixMyStreet Georgia – Chemikucha.ge პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.
 
მედია კონტაქტი:
ნანა ლობჟანიძე, კომუნიკაციების ოფიცერი
nana@transparency.ge
მობ: +995 99 21 03 09  
 

მიმდინარე საკითხების რეგულარული განახლებისათვის შეამოწმეთ ჩვენი ახალი ბლოგი
http://transparency.ge/blog ან დაგვექონტაქტეთ
http://www.facebook.com/TIGeorgia –ის საშუალებით.