არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ კერძო და არასამთავრობო სექტორისა და რიგითი მოქალაქეებისათვის არაგონივრული შეზღუდვების დაწესებას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ კერძო და არასამთავრობო სექტორისა და რიგითი მოქალაქეებისათვის არაგონივრული შეზღუდვების დაწესებას

26 დეკემბერი, 2011

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ასევე კოალიცია „არჩევანის თავისუფლება“ და არჩევნების თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზციები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ასევე კოალიცია „არჩევანის თავისუფლება“ და არჩევნების თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზციები

ატარებენ პრესკონფერენციას

დრო: 26 დეკემბერი, 16:00 საათი

 

ადგილი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ (მეფე მირიანის დარბაზი)

25 დეკემბერი 2011წ თბილისი - პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაავრცელებენ მიმართვას/განცხადებას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში და საარჩევნო კოდექსში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, რისი რეალური საფრთხე არსებობს, თუ პარლამენტი დღეის (25 დეკემბრის) მდგომარეობით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს დაამტკიცებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, მისაღებ ცვლილებათა ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა საფრთხე შეექმნათ თავად ამომრჩევლებს, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, არაპროპორციულად გამკაცრდეს კერძო სექტორისათვის დაწესებული შეზღუდვები.

26 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ყურადღება შემდეგ საპარლამენტო ინიციატივებს დაეთმობა:

ახლებურად ყალიბდება სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლი - „ამორჩევლის მოსყიდვა.“ თუ აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენს იურიდიული პირი, მისი ლიკვიდაცია მოხდება. მაგალითად, ასეთი შედეგი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ბიზნესკომპანია ამომრჩეველს ერთ ტომარა ფქვილს გადასცემს და სანაცვლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას სთხოვს. .

პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ის ამომრჩეველი, რომლიც მისგან ფულს, სხვა ქონებას ან მომსახურებას მიიღებს. მაგალითად, თუ ამომრჩეველს პარტია დაუფინანსებს გარკვეულ სამედიცინო მომსახურებას, ეს ამომრჩეველი დაისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სისხლისსამართლებრივი წესით დაისჯება ამომრჩევლის არამხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი მოსყიდვაც. აღნიშნული ჩანაწერი შეიცავს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული მოსყიდვა ყოველთვის დაუკავშირდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, თუ პირი (შესაძლოა, პროვოკატორი), რომელიც არ მოქმედებს პარტიის სახელით, სთხოვს რომელიმე ამომრჩეველს ხმის მიცემას აღნიშნული პარტიისთვის რაიმე თანხის თუ ნივთის სანაცვლოდ, ჩადენილი დანაშაული, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს პარტიის მიერ არაპირდაპირ, სხვისი მეშვეობით ჩადენილ დანაშაულად და გამოიწვიოს მისი ლიკვიდაცია.

ის იურიდიული პირი (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიზნეს კომპანია, რელიგიური ორგანიზაცია), რომელიც წარმომადგენლის, ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების თაობაზე, დაექვემდებარება პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილ შეზღუდვებს, კერძოდ: ის იურიდიული პირისაგან შემოწირულობას საერთოდ ვერ მიიღებს, ფიზიკური პირისაგან შემოწირულობას მიიღებს წელიწადში მაქსიმუმ 60,000 ლარის ოდენობით, გაუჩნდება კონტროლის პალატის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება, სესხის/კრედიტის აღებას მხოლოდ კომერციული ბანკებიდან შესძლებს, აეკრძალება ბანკისაგან შეღავათიანი კრედიტის მიღება, ვერ მიიღებს შემოწირულებას, ანუ უსასყიდლო დახმარებას და სხვა. ეს ჩანაწერი პირდაპირ არღვევს იურიდიული პირის, მის თანამშრომელთა გამოხატვის თავისუფლებას.

პოლიტიკური პარტიებისათვის დადგენილი შეზღუდვები შეეხებათ, ასევე, იურიდიულ პირებს, რომლებიც „პირდაპირ ან არაპირდაპირ“ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან ან „სხვაგვარად“ იმყოფებიან პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ, ასევე, ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს საქმიანი ურთიერთობა გაცხადებული პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების მქონე პირთან. აღნიშნული შეზღუდვები საფრთხეს უქმნის იურიდიული პირების და მოქალაქეების თავისუფალ საქმიანობას და სახელმწიფოს აძლევს მათი კონტროლის განუზომელ შესაძლებლობას.

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”
ტელ: +995 32 25 04 63
მობ: +995 95 221 999
ელ-ფოსტა: Anuka@osgf.ge

print
elections