ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების განცხადება საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებების განახელბასთან დაკავშირებით
როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება.
როგორც ცნობილია, მმართველ და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის საარჩევნო რეფორმის თაობაზე მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციები ინდივიდუალურ რეჟიმში წარიმართება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ორგანიზაციები, რომლებიც ვაკვირდებოდით მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებების პროცესს, მივესალმებით მხარეების ინიციატივას კონსულტაციების განახლებასთან დაკავშირებით.
თუმცა ვფიქრობთ, რომ კონსულტაციების დახურულ ფორმატში გადატანა ვერ უზრუნველყოფს მის გამჭვირვალობას. მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლამ, რის შედეგადაც პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას, შესაძლოა მის მიმართ საზოგადოებაში ნდობის ხარისხი შეამციროს. ამიტომ მოვუწოდებთ მოლაპარაკებების მხარეებს:
- მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართონ კონსულტაციები და საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია მოლაპარაკებების შესახებ, რაც გაზრდის მოქალაქეთა ინფორმირებულობას და აღნიშნული პროცესისადმი მათი ნდობის ხარისხს.
- უზრუნველყონ კონსულტაციებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა, ხოლო მიღებულ გადაწყვეტილებებში გაითვალისწინონ ამომრჩეველთა ინტერესები.
- მოლაპარაკებების პროცესში იყვნენ კონსტრუქციულნი და შედეგზე ორიენტირებულნი, რაც ხელს შეუწყობს კონსულტაციების დროულ და შედეგიან დასრულებას.
ჩვენ კვლავაც მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ კონსულტაციების მონაწილე ყველა მხარესთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ფართო საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესების დემოკრატიულად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება და საქართველოში მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
ჩვენს განცხადებას “გეოპოლიტიკური კვლევევის საერთაშორისო” ცენტრიც უერთდება.