გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასება

07 დეკემბერი, 2018

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  კვლევაში საქართველოს პარლამენტის „გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შეფასება”, შესწავლილია 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში[1] საბჭოს საქმიანობის შემდეგი  მიმართულებები:

  • კანონმდებლობის გენდერული ანალიზის განხორციელება;
  • საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება;
  • ახალი ინიციატივების ადვოკატირება;
  • საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი;
  • საბჭოს მხრიდან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობი.

მე-9 მოწვევის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის პროცესში შემდეგი ტენდენციები გამოკვეთა:

მიღწევები

  • მოქმედი საბჭოს საქმიანობა, წინა მოწვევის პარლამენტის საბჭოსთან შედარებით, გაუმჯობესდა როგორც ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის, ასევე მოქმედი კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მიმართულებით;
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ სამოქმედო გეგმის შემუშავება[2];
  • საბჭოს მიერ გახმაურებულ შემთხვევებზე რეაგირება განცხადებით[3] და  პარლამენტის წევრის კითხვის უფლების გამოყენებით (მაგ. თბილისში 4 შვილის დედის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით);
  • საბჭოს მიერ საკანონმდებლო წინადადებების და ინიციატივების გენდერული ანალიზისათვის მეთოდოლოგიის შემუშავება
  • საბჭოს დებულებით  გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის სპეციალური თანამშრომლის შტატის განსაზღვრა.

გამოწვევები

  • საბჭოს არ განუხორციელებია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საპილოტე გენდერული ანალიზი, რაც სამოქმედო გეგმით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენდა[4];
  • სრულად ვერ შესრულდა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულება -  ხუთის  ნაცვლად, მხოლოდ ორი  კანონპროექტის გენდერული ზეგავლენის შეფასება განხორციელდა
  • გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში არ მომხდარა საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილის ინიცირება (მაგ., შრომის კოდექსში ცვლილება, სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები)

რეკომენდაციები

  • კანონმდებლობაში გენდერული საბჭოს ვალდებულებად უნდა განისაზღვროს კანონმდებლობის გენდერული ზეგავლენის მიმართულებით ანალიზის განხორციელება. მიზანშეწონილია საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს მნიშვნელოვანი კანონპროექტების/რეფორმების ანალიზი;
  • საბჭომ გენდერული თანასწორობის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგია და მონიტორინგის შედეგები პერიოდულად უნდა  წარუდგინოს პარლამენტს;
  • პარლამენტის რეგლამენტის ახალ პროექტში განმარტებითი ბარათის ერთ-ერთ კომპონენტად უნდა განისაზღვროს გენდერულ თანასწორობაზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მიზანშეწონილია რომ საბჭომ, კომიტეტების მიერ კანონპროექტებზე განხორციელებული გენდერული ზეგავლენის ანალიზის შესახებ პერიოდული ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზეც გამოაქვეყნოს;
  • ბიუჯეტის პროექტის გენდერული ანალიზი ყოველწლიურად  უნდა ხორციელდებოდეს;
  • საბჭომ უნდა გააძლიეროს აღმასრულებელი ხელისუფლების გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა, გასცეს რეკომენდაციები და აკონტროლოს მათი შესრულება.

 


[1] მე-9 მოწვევის გენდერული თანასწორობის საბჭო 2017 წლის 5 იანვარს შეიქმნა

[2] წინა მოწვევის პარლამენტის საბჭოს სამოქმედო გეგმა, როგორც  დამოუკიდებელი სახელმძღვანელო დოკუმენტი არ ჰქონდა.

[3] საბჭოს 2018 წლის 12 იანვრის  განცხადება ოჯახში ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით https://goo.gl/Y83MjR; საბჭოს  2017 წლის 18 ივლისის განცხადება გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ძალადობრივ განცხადებებთან დაკავშირებით https://goo.gl/Ccr3aB 

[4] სამოქმედი გეგმით ამ ვალდებულების შემსრულებლად განისაზღვრა: გენდერული თანასწორობის
საბჭო, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. იხ. 2017 წლის სამოქმედო გეგმა, ვალდებულება 1.5 https://goo.gl/CtGCgH