ENG

გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის IV ანგარიში

19 ივლისი, 2017

ძირითადი მიგნებები

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ, რამაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ეჭვები გააჩინა პროცესის პოლიტიზირების შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2013 წლის თებერვლიდან გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს ახორციელებს. ამ პერიოდში გამოქვეყნდა სამი ანგარიში. პირველი 2013 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, მეორე - 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის აპრილამდე პერიოდის, ხოლო მე-3 კი 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ივნისამდე პერიოდის დაკვირვებებს ეხება. ორგანიზაციის დამკვრვებლები ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და აღწერდნენ პროცესს შემდგომი შეფასების მიზნით. ანგარიშის მიზანია, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის და მხარეთა პოზიციების შესახებ, გამოვლინდეს პროცესუალური დარღვევები და გახმაურებულ საქმეებთან არსებული ტენდენციები. წინამდებარე ანგარიში მოიცავს 2015 წლის ივნისიდან - 2017 წლის აპრილამდე პერიოდს. დაკვირვება ხდებოდა 12 სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები იყვნენ წინა ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირები: მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ნიკანორ მელია და სხვები.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ტენდენციები და ფაქტები:

  • თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე (ე.წ. “კაბელების საქმე”) განვითარებული რიგი მოვლენების და გარემოებების გამო არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა საზოგადოებაში;
  • პრობლემური იყო “კაბელების საქმისთვის” გრიფით საიდუმლოს სტატუსის მინიჭება, რის შედეგადაც დაცვის მხარეს სისხლის სამართლის მასალებზე დაშვება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული ჰქონდა. შესაბამისად, ამ პერიოდში დაცვის მხარეს არ ჰქონდა კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის უფლების სრულად რეალიზაციის შესაძლებლობა;
  • მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას სარჩელის დაკმაყოფილების შემდგომ აღმოიფხვრა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების არაკონსტიტუციური პრაქტიკა. განსაკუთრებით პრობლემური იყო გიგი უგულავას მიმართ რამოდენიმე პატიმრობის გამოყენების საკითხი. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში საეჭვოდ ემთხვეოდა ერთი ბრალდებულის მიმართ არსებული სხვა აღკვეთი ღონისძიების ვადის გასვლას. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურის მთავარ მიზანს იმ მომენტისთვის პირის პატიმრობაში დატოვება წარმოადგენდა; 
  • რიგ შემთხვევაში, პროცესის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის დაპირისპირებას, რაც აზიანებს სასამარლოს ავტორიტეტს და მისადმი მხარეების პატივისცემას. ასევე მოსამართლის მხრიდან მხარის მიმართ არაეთიკურ დამოუკიდებულებას, რაც ასევე არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს;
  • პრობლემა გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულების ღონისძიების ყადაღის გამოყენებისას. დარჩა შთაბეჭდილება რომ ბრალდებულთან დაკავშირებული პირების ქონებაზე ყადაღის დადების ფაქტობრივი (მტკიცებულებები) საფუძვლები არ იყო საკმარისი მათ ქონებაზე ყადაღის დასადებად, ამასთან კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ყადაღის პერიოდულად გადახედვის შესაძლებლობას, რაც პრობლემურია;
  • კვლავაც ბოლომდე ვერ მოწესრიგდა მოწმეთა განცალკევების საკითხი. როგორც წესი, საქმის განხილვისას ვერ ხერხდებოდა მოწმეთა ერთმანეთთან კომუნიკაციის სათანადოდ თავიდან აცილება, ამასთან რიგ შემთხვევაში, მოწმეები ესწრებოდნენ სასამართლო განხილვებს სანამ დაიკითხებოდნენ;
  • საქმეთა განხილვისას მედია საშუალებებს არ შექმნიათ პრობლემა სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთებისას, ისინი შეუფერხებლად ახორციელებდნენ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებას;
  • კვლავაც დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ყველა დაინტერესებულ პირს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა სხდომას. მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში სხდომის დარბაზის სივიწროვე, ზოგ შემთხვევაში კი დამსწრეთა დიდი რაოდენობა იყო. იყო შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სხდომა არ ჩატარებულა დიდ დარბაზში, მიუხედავადად იმისა, რომ იმ დროისთვის დარბაზი თავისუფალი იყო;
  • პროცესის დაკვირვებისას, ხშირად იყო ტექნიკური ხარვეზები მიკროფონებთან დაკავშირებით, რაც ართულებდა დამსწრეებისთვის მოწმეთა ჩვენებების სრულყოფილად გაგებას.
  • რიგ საქმეებში პროცესი იდებოდა და ხელოვნური ჭიანურდებოდა;
  • გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოსამართლემ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დარბაზში წესრიგის დაცვა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პრობლემა სისტემატიურ ხასიათის არ იყო. ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლემ დამრღვევი პირების მიმართ ჯარიმისა და სხდომის დარბაზიდან გაძევების ღონისძიებაც გამოიყენა;
  • ასევე ზოგად პრობლემად რჩება თანამდებობის პირების კომენტარები, რომლებიც მიმდინარე გახმაურებულ პროცესებსა და მათში მონაწილე ბრალდებულებს ეხებოდა. ამგვარმა კომენტარებმა, შესაძლოა, სასამართლოზე ნეგატიური გავლენა მოახდინონ.