ENG

განცხადება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის განხოციელებაში ხელშეშლასთან დაკავშირებით

01 დეკემბერი, 2018

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმიანება “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძრაობის „არა ნაციზმის“ ოფისში. მაუწყებლის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის გაღიზიანება გამოიწვია “რუსთავი 2”-ის მიერ დასმულმა კითხვამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რა დროსაც ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, ხოლო იქვე მყოფმა სხვა პირებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური ძალის გამოყენებით ოფისი დაატოვებინა. აღნიშნული ინციდენტის დროს დაზიანდა ასევე მაუწყებლის კუთვნილი აპარატურა.

ჟურნალისტების მიერ საარჩევნო თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და შემდგომ აუდიტორიისათვის მიწოდება, უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს არ მიეცათ საშუალება განეხორციელებინათ საკუთარი პროფესიული საქმიანობა.

ნებისმიერ რესპონდენტს აქვს უფლება არ უპასუხოს მედიის მიერ მისთვის დასმულ არასასიამოვნო ან თუნდაც მიუღებელ კითხვას, მაგრამ აღნიშნული არავის აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენოს ანდა ფიზიკურად იძალადოს ჟურნალისტზე.

მისასალმებელია, რომ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, მაგრამ აუცილებელია, რომ ის წარიმართოს სწრაფად და გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები გამოძიების ობიექტურობის მიმართ. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და დაუზიანა მათი კუთვნილი აპარატურა.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტები შეურაცხყოფისა თუ ფიზიკური ძალადობის ობიექტები გახდნენ საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ასევე ხშირია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ტელეკომპანიის თუ მისი ჟურნალისტების მიმართ აგრესიული რიტორიკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც საზოგადოებაში “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიის წახალისებას წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტის სწრაფი გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭება.

სურვილის შემთხვევაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მზად არის შესაბამისი იურიდიული დახმარება გაუწიოს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს.