ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხელისუფლება მიზანმიმართულად არ რეაგირებს
ვეხმიანებით პოლუტიკური პატიმრის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისი ადვოკატის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
კერძოდ, ჯანმრთელობის გაუარესება დაიწყო ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. იგი განიცდის სახსრების ძლიერ ტკივილს, საგრძნობლად უჭირს მოძრაობა და გადაადგილება, პერიოდულად ვერ ახერხებს წერასაც კი და გადაადგილებისას სჭირდება ხელჯოხი.
პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული კვლევები არის სპორადული, არასისტემური და არაეფექტური. ციხის ექიმის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ადვოკატის განმარტებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით კონსულტაცია გაიარეს მის მკურნალ თურქ ექიმებთან. თურქი მედიკოსების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე არსებობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისთვის მძიმე და, შესაძლო, შეუქცევადი შედეგების განვითრების რისკი, მათ შორის, საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი დაზიანებისა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის არსებითი შეზღუდვის ან/და დაკარგვის საფრთხე.
თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.
პენიტენციური დაწესებულების მხრიდან ადვოკატის წერილობით მოთხოვნაზე საპასუხოდ, წარმოდგენილი არ არის პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას მკურნალობის შესაბამისი გეგმა, არ არის მიღებული ზომები მათ ხელთ არსებული დიაგნოზის, მიმდინარე მდგომარეობის გაუარესების, დაავადების სიმწვავისა და არაეფექტიანი მკურნალობის შესაცვლელად.
საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც ირღვევა ელენე ხოშტარიასთან მიმართებით
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი („წამების აკრძალვა“) მოითხოვს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს პატიმრის მოთავსება ისეთ პირობებში, რომლებიც თავსებადია მისი ადამიანური ღირსების პატივისცემის უფლებასთან. სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების აღსრულების ფორმამ და მეთოდმა არ უნდა გამოიწვიოს ისეთი ტანჯვა ან სიმძიმე, რომლის ინტენსივობაც აღემატება დისკომფორტის ისეთ დონეს, რომელიც, ჩვეულებრივ ვითარებაში, პატიმრის მდგომარეობაში თავიდან ვერ იქნება აცილებული. მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, მისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის გზით (Kudla v. Poland, Application no. 30210/9, 26 October 2000, § 94).
ევროპულმა სასამართლომ მრავალ საქმეში დაადგინა, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პაციენტი ექიმმა მოინახულა და მას გარკვეული მკურნალობა დაუნიშნა, ავტომატურად ვერ გახდება იმ დასკვნის საფუძველი, რომ პატიმარს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოვლისმომცველი დოკუმენტაციის წარმოება, აგრეთვე, სწრაფი და ზუსტი დიაგნოზის დადგენა. ამასთან, როდესაც ამას ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს, სამედიცინო ზედამხედველობა უნდა იყოს რეგულარული და სისტემატური და მოიცავდეს ყოვლისმომცველ თერაპიულ სტრატეგიას, რომელიც მიმართულია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფვრისკენ ან მათი გაუარესების პრევენციისკენ, და არა მხოლოდ ცალკეული სიმპტომების მკურნალობისკენ (Blokhin v. Russia, Application no. 47152/06, [GC] 23 March 2016, §§ 136-137).
ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული სტანდარტების ფონზე სრულიად აშკარაა, რომ ციხის ადმინისტრაცია და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო უხეშად არღვევს ელენე ხოშტარიას ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ელენე ხოშტარია პოლიტიკური პატიმარია და მისი პატიმრობაში ყოფნის გადაწყვეტილება მიღებულია ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის წევრების მიერ.
ვითხოვთ, რომ ელენე ხოშტარია, როგორც პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, ხოლო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სასწრაფოდ მიეცეს ჯეროვანი მკურნალობის შესაძლებლობა, კერძოდ წვდომა სათანადო დიაგნოსტიკურ და თერაპიულ ზომებზე, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო საავადმყოფოში.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, მის დამფუძვნებელ ბიძინა ივანიშვილს და მისი გუნდის წევრებს. ისინი და აგრეთვე ყველა ის პირი, რომელიც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულებაში მონაწილეობს, სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც უკავშირდება ადამიანის წამებას (სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 1441 მუხლი), ან დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას (სსკ 1443 მუხლი), სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან (სსკ 333-ე მუხლი) ერთად.