დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ტელეკომპანია “ფორმულაზე” ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარმოებული დავა ტელეკომპანია “ფორმულაზე” ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად

30 სექტემბერი, 2021

 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება

ტელეკომპანია “ფორმულას” მფლობელის და მთავარი დამფინანსებლის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და ზოგადად, წინასაარჩევნო  პერიოდში მის მიმართ მიმდინარე პროცესები, კრიტიკულ ტელევიზიაზე ზეწოლას ისახავს მიზნად.

დღეს, 2021 წლის 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და მისი მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს და დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ეს არ არის კეზერაშვილის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიღებული ერთადერთი გადაწყვეტილება. მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, წინასაარჩევნოდ, უზენაესმა სასამართლომ სამი წევრის შემადგენლობით, მათ შორის, ყოფილი პროკურორის შალვა თადუმაძის მონაწილეობით, კეზერაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე არსებობს საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციოს სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გამამართლებელი განაჩენი. ამ დროს შალვა თადუმაძე(ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი) მოქმედი გენერალური პროკურორი გახლდათ.

დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” 51% მფლობელი და მისი მსხვილი დამფინანსებელია. სამწუხაროდ, „ფორმულას“ წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ გახდნენ მუქარისა თუ აგრესიული რიტორიკის ადრესატები. აღსანიშნავია ასევე, რომ ხელისუფლება არ უზრუნველყოფს „ფორმულას“ ჟურნალისტების უსაფრთხებას და არ აქვს კანონით დადგენილი რეაგირება მათზე თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მედიის მფლობელის წინააღმდეგ წამოწყებული სამართლებრივი დავა აძლიერებს ეჭვს, რომ  ხელისუფლება მედიის შევიწროებასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს, რაც ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია.

print