ENG

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში სტაბილურია

03 დეკემბერი, 2013

2013 წლის 3 დეკემბერი, თბილისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI),  რომლის საშუალებითაც 177 ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება,  საქართველო 55-ე ადგილზეა.

2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-იდან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 49 ქულა აქვს.  2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51–ე ადგილს იკავებდა.

კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ეზე, ხოლო ლატვია 49-ეზე), მაგრამ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას - ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას (რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ), სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს (რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ), ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი  საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა. სომხეთი 94-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იყოფენ.

2013 წლის შედეგებით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან.

2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ აქტიურად დაიწყო ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ზოგიერთ სფეროში, რაც გამოიხატებოდა, ერთის მხრივ, იმ საჯარო მოხელეთა სპექტრის გაფართოებაში, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოეთხოვებათ, ხოლო, მეორე მხრივ,  პირდაპირი წესით (ტენდერის გარეშე) დადებული სახელმწიფო კონტრაქტების (მათ შორის, ყველა მცირე შესყიდვის) განთავსებაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე. ამ ორ სფეროში საქართველო მისაბაძი მაგალითია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, მთავრობამ, გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც, გაატარა რეფორმები, რათა მეტი საჯარო ინფორმაცია გაეხადა ხელმისაწვდომი ინტერნეტის საშუალებით. შედეგად გაუმჯობესდა საჯარო უწყებების რეაგირება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ მიმართვებზე.

ამასთანავე, მაღალი თანამდებობის ზოგიერთმა პირმა ორაზროვანი განცხადებები გააკეთა საჯარო სამსახურში აყვანისას ნეპოტიზმის გამოვლინების თაობაზე. გასულ წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად არ შეისწავლა მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. ჯერჯერობით არასაკმარისი პროგრესია მომდევნო წლებზე გათვლილი ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხშიც.

კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი ზომები უნდა გაატაროს:

  • გააძლიეროს პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კონკურენციის სააგენტოსა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობები, უზრუნველყოს ისინი სათანადო რესურსებით  და არ დაუშვას არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა ამ უწყებების მუშაობაში;

  • დაამყაროს სათანადო დემოკრატიული კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე და სამინისტროს შეუზღუდოს ქვეყანის მასშტაბით სატელეფონო და ინტერნეტის საშუალებით წარმოებული კომუნიკაციის ოპერატიული კონტროლის შესაძლებლობა. ელექტრონულ კომუნიკაციაზე თვალთვალის წარმოების მკაცრი გაკონტროლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ  აქტივისტების, ჟურნალისტების, იურისტებისა და ზოგადად საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების დაცვის  კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ  მამხილებლებს საშუალება ჰქონდეთ, უშიშრად მიაწოდონ პრობლემების შესახებ ინფორმაცია  ჟურნალისტებსა და ამ საკითხებზე მომუშავე ანტიკორუფციულ ორგანოებს;

  • შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომლის მოვალეობა იქნება პრევენცია, გამოძიება და საზოგადოების განათლება;

  • გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგანაც დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს, შესაძლოა, მეტი ავტონომია და რესურსები მიენიჭოთ;

  • აღმოფხვრას კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხარვეზები, რომლებიც მთავრობას და მთავრობის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს საშუალებას აძლევს, რომ კონტრაქტები ელექტრონული შესყიდვების არსებული გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით და ტენდერების გარეშე დადონ;

  • იზრუნოს კორუფციის იმ რისკების შემცირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობასთან და საჯარო თანამდებობების ზოგიერთი კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებასთან;

  • უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალე მართვა, რადგანაც თავდაცვის ხარჯები წლების მანძილზე საქართველოში კორუფციის რისკების მნიშვნელოვან სფეროდ რჩება;

  • დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რათა მან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების მიუკერძოებლად განხილვა შეძლოს;

  • გააუმჯობესოს პარლამენტის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ზედამხედველობის უნარი, განსაკუთრებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებთან მიმართება.

კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) შესახებ:

CPI აფასებს ქვეყნებსა და ტერიტორიებს და ადგენს რეიტინგს იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად აღიქმება მათი საჯარო სექტორი. ამ რეიტინგში ცალკეული ქვეყნის ქულის დასადგენად „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ბერლინის სამდივნო აგროვებს სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ წარმოებული კვლევების მონაცემებსა და შეფასებებს კორუფციის კუთხით.

2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგი კვლევების მონაცემებს ეფუძნება:

კორუფციის აღქმის ინდექსთან (CPI), მის მეთოდოლოგიასთან და წარსულში ჩატარებულ კვლევებთან  დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  ვებგვერდს http://transparency.org/cpi.

საკონტაქტო პირები:

ნანა ლობჟანიძე: nana@transparency.ge, 595 210 309.

 

 

CPI, corruption