2015 წლის მსოფლიოს კორუფციის აღქმის ინდექსი: საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2015 წლის მსოფლიოს კორუფციის აღქმის ინდექსი: საქართველო 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის

27 იანვარი, 2016

თბილისი, 27 იანვარი, 2015 წელი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველო 100 შესაძლებლი ქულიდან 52 ქულით 48-ე ადგილზეა 168 ქვეყანას შორის.

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველომ 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს - კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი). ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო ოთხი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთში (90 ქულა) და შვედეთში (89), ყველაზე მაღალი კი - ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).

ისევე, როგორც გასულ წელს, საქართველოს მაჩვენებელი (52 ქულა) საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: უნგრეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს.

კორუფციის აღქმის ინდექსის ლიდერ ქვეყნებს ახასიათებთ მედიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი, ბიუჯეტის ხარჯების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის, კეთილსინდისიერების მაღალი დონე თანამდებობის პირთა შორის, და ხელისუფლების სხვა შტოებისგან სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ამავე დროს, რეიტინგის ბოლოში მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და დამოუკიდებლობის ნაკლებობა მედიასა და სასამართლოში.

2015 წელს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიდან აღსანიშნავია:

  • განახლებული ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ასევე სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიის შექმნა

  • საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2017 წლიდან თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედებას გულისხმობს

  • მამხილებელთა დაცვის კანონმდებლობის გაუმჯობესება

ამავე დროს, შემდგომი პროგრესისა და საქართველოში კორუფციის პრევენციის ეფექტიანი სისტემის ფორმირებისთვის აუცილებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა, მათ შორის:

  • სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი

  • ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის გამიზნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების შექმნა

  • დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში

  • საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროს) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა

  • სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.

კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზი მოცემულია „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაში,“ რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2015 წლის ივნისში გამოაქვეყნა.

კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო 1995 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს , ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი კომპოზიტური ინდექსია და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს ემყარება. საქართველოს ქულა 2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში შემდეგი კვლევების მონაცემებს ემყარება:

  1. ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი

  2. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა

  3. მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი

  4. „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი

  5. „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა

 

*მონაცემები განახლდა 2017 წლის 14 სექტემბერს

print