ENG

2014 წლის მსოფლიოს კორუფციის აღქმის ინდექსი: საქართველო 50-ე ადგილზეა 175 ქვეყანას შორის

03 დეკემბერი, 2014

 

თბილისი, 3 დეკემბერი, 2014 წელი - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI) საქართველო 100 შესაძლებლიდან 52 ქულით 50-ე ადგილზეა 175 ქვეყანას შორის.

საქართველომ კორუფციის აღქმის ინდექსში 2012 წელს 52 ქულა მიიღო (51-ე ადგილი), 2013 წელს 49 ქულა (55-ე ადგილი), ხოლო 2014 წელს - კვლავ 52 ქულა (50-ე ადგილი). ვინაიდან, კორუფციის აღქმის ინდექსის მეთოდოლოგიის თანახმად, ქვეყანაში კორუფციის აღქმის დონის მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბარი მხოლოდ მისი მაჩვენებლის 4 ან მეტი ქულით მატების ან კლების შემთხვევაში შეიძლება, ეს შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში კორუფციის აღქმის დონე ბოლო სამი წლის მანძილზე სტაბილურია და ამ პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი ან უკუსვლა არ მომხდარა.

2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (92 ქულა), ახალ ზელანდიასა (91 ქულა) და ფინეთში (89 ქულა), კორუფციის აღქმის ყველაზე მაღალი დონე კი ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში დაფიქსირდა (8 ქულა).

საქართველოს მაჩვენებელი (52 ქულა და 50-ე ადგილი) საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 19 ქვეყანას შორის. ამავე დროს, საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს: ჩეხეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს. პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებს შორის საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ ესტონეთს, პოლონეთს, ლიტვას, სლოვენიას, ლატვიას და უნგრეთს.

ბოლო პერიოდში საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიდან აღსანიშნავია:

  • პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების გაზრდილი გამჭვირვალობა

  • ინფორმაციის პროაქტიური გამოქვეყნების საკანონმდებლო ვალდებულებისა და სტანდარტების შემოღება

  • აუდიტის სამსახური ეფექტური საქმიანობა

  • სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე ელექტრონული სისტემა.

ამავე დროს, შემდგომი პროგრესისა და საქართველოში კორუფციის პრევენციის ეფექტიანი სისტემის ფორმირებისთვის აუცილებელია ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრა, მათ შორის:

  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც კორუფციის კომპლექსური ფორმების (მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის) პრევენციისთვის აუცილებელი უფლებამოსილებებითა და რესურსებით იქნება აღჭურვილი

  • ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის გამიზნული საკანონმდებლო ნორმების პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების, მათ შორის  თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონაცემების გადამოწმების მექანიზმის, შექმნა

  • დამოუკიდებელი, პროფესიონალური და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. საჯარო სამსახურში მიღებისა და საჯარო სამსახურიდან დათხოვნის ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებსა და ნეპოტიზმს ამ სფეროში

  • საზედამხედველო და მარეგულირებელი ინსტიტუტების (მაგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საჯარო სამსახურის ბიუროს) ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მათ საქმიანობაში პოლიტიკურად მოტივირებული ჩარევის გამორიცხვა

  • სახელმწიფო შესყიდვებში გამარტივებული შესყიდვების მეტისმეტად მაღალი ხვედრითი წილის შემცირება.

კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის უფრო დეტალური ანალიზი მოცემული იქნება „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასებაში,“ რომელსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 2015 წლის თებერვალში გამოაქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო კორუფციის აღქმის ინდექსს ყოველწლიურად აქვეყნებს 1995 წლიდან. 2012 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რომელიც სხვადასხვა წლის შედეგების შედარების შესაძლებლობას იძლევა. კორუფციის აღქმის ინდექსი კომპოზიტური ინდექსია და სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებს ემყარება. საქართველოს ქულა 2014 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში შემდეგი კვლევების მონაცემებს ემყარება:

  1. ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი

  2. მსოფლიო ბანკის ქვეყნების პოლიტიკისა და ინსტიტუტების შეფასება

  3. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა

  4. მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი

  5. „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი

  6. „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა

*მონაცემები განახლდა 2017 წლის 14 სექტემბერს