ENG

საერთაშორისო გამჭვირვალობა: 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 51-ე ადგილზეა

04 დეკემბერი, 2012

საქართველო 51-ე ადგილს იკავებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომელიც საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმას ზომავს 176 ქვეყანაში. საქართველომ 2012 წლის კვლევაში 52 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე (სადაც 0 ძალზე კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალზე სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს).

კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2012 წელს დანიაში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, შვედეთსა და სინგაპურში დაფიქსირდა. რეიტინგის ბოლოში მიანმარი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი არიან.

2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი ახალი, გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით იქნა შედგენილი, რაც წლევანდელი მაჩვენებლების წინა წლების მონაცემებთან შედარების საშუალებას არ იძლევა. საქართველო რეიტინგში 51-ე ადგილს იყოფს სეიშელის კუნძულებთან, თუმცა უსწრებს ამ რეიტინგში ევროკავშირის წევრ რამდენიმე სახელმწიფოს, მათ შორის ჩეხეთს, ლატვიას, სლოვაკეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს, და ოდანვ ჩამორჩება რუანდას, ლიტვას, კოსტა-რიკასა და უნგრეთს.

საქართველომ 2004 წლის შემდგომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლის მხრივ. წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად გაუჩინარდა საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრებიდან. ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობა და გაიზარდა მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა მთელ რიგ სფეროებში. ამის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითებს შორისაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, და ეფექტიანი მომსახურება, რომელსაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლები უწევენ. ასევე აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვების ინოვაციური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული მმართველობის მექანიზმების შემოღება.  

ამავე დროს, 2004-2012 წლებში კვლავაც აღინიშნებოდა სერიოზული ნაკლოვანებები ქვეყნის ანტიკორუფციულ სისტემაში. პარლამენტისა და სასამართლოს სისუსტემ შეარყია ურთიერთკონტროლისა და გაწონასწორების დემოკრატიული სისტემა და აღმასრულებელი შტოს დომინირება გამოიწვია. რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყება, მათ შორის პროკურატურა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური, არასაკმარისად დამოუკიდებელი იყო ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან და პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა. აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელები სათანადო ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის გარეშე მუშაობდნენ, რაც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიდა. ზოგიერთ ინსტიტუტს, რომლებსაც გავლენიანი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობდნენ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმებისთვის გვერდის ავლის საშუალება ჰქონდა. სახელმწიფოს მართვის დაუბალანსებელმა სისტემამ სახელმწიფო სამსახურების უკიდურესი პოლიტიზირება გამოიწვია, რის აშკარა მაგალითებს ხშირად ვხვდებოდით განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.
 

იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს ნაკლოვანებები და უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს შემდგომი პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ:

  • გააძლიეროს პარლამენტის როლი ხელისუფლების სხვა შტოების საქმიანობაზე ზედამხედველობის კუთხით, მათ შორის სამართალდამცავი და საგამოძიებო ორგანოების საქმიანობის კონტროლის მხრივ;
  • ხელი შეუწყოს პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო ხელისუფლების ფორმირებასა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის ამაღლებას, რაც მოითხოვს სასამართლოების მიერ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის დაცვას და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს (განსაკუთრებით ყოფილ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას), აგრეთვე საპროცესო გარიგების პრაქტიკის რეფორმირებას;
  • შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კორუფციის პრევენციასა და გამოძიებაზე, ასევე კორუფციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე.
  • უზრუნველყოს ისეთი საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტების პროფესიონალური და მიუკერძოებელი საქმიანობა, როგორიცაა პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეროვნული ბანკი, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და მარეგულირებელი კომისიები, აგრეთვე თავი შეიკავოს ამ უწყებების საქმიანობაში არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევისგან და უზრუნველყოს ისინი სათანადო რესურსებით;
  • გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და გაზარდოს მათი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება პირდაპირი არჩევნების შემოღების გზით.
  • აღმოფხვრას კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ნაკლოვანებები, რომლებიც სამთავრობო უწყებებს საშუალებას აძლევს, რომ გვერდი აუარონ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არსებულ მექანიზმებს, მათ შორის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით კონკურენტული ელეტრონული ტენდერების ჩატარების მოთხოვნასა და ინფორმაციის თავისუფლებისა და ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი წესების დაცვის მოთხოვნას.
  • თავი შეიკავოს მედიის საქმიანობაში ნებისმიერი სახის არაჯეროვანი ჩარევისგან და შექმნას პირობები პოლიტიკურად დამოუკიდებელი და ფინანსურად მდგრადი მედია-სექტორისა და ძლიერი და დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის.


კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ:

კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები და ტერიტორიები შეფასებულია იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად განიხილება მათი საჯარო სექტორი. ეს არის კომპოზიტური ინდექსი, რომელიც სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევებსა და შეფასებებს ემყარება.

მიმდინარე წლის კორუფციის აღქმის ინდექსის ქულები ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით იქნა დათვლილი, რაც გულისხმობს, რომ 2012 წლის შედეგების შედარება 2011 წლის ან უფრო ადრინდელ შედეგებთან ყოვლად შეუძლებელია. თუმცა, ახალი მეთოდოლოგიის წყალობით, 2012 წლიდან დაწყებული შესაძლებელი იქნება სხვადასხვა წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგების შედარება.

საქართველოს ქულა 2012 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში შემდეგი კვლევების მონაცემებს ემყარება:

კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ვებ-საიტზე (http://transparency.org/cpi).

მედიის საკონტაქტო პირი:

ეკა როსტომაშვილი

+9955 77 74 40 00

ekar@transprency.ge