ENG

2010 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" მიხედვით საქართველო 68–ე ადგილზეა

26 ოქტომბერი, 2010
2010 წლის 26 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით საქართველომ 178 ქვეყანას შორის 68-ე ადგილი დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ შიდა პოლიტიკურ და საჯარო სექტორში არსებული კორუფციის საზომია. საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.8 ქულა მიიღო. გასულ წელს, საქართველომ 4.1 ქულით 66-ე ადგილი დაიკავა. თუმცა, 2009 წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. „საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელიც მოგვარებას საჭიროებს,“ აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მატიას ჰუტერი. სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გაჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანასების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე – ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება. „მეორე მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იმედს ამყარებს, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემა, რომელიც დეკემბერში ამოქმედდება, მრავალ პრობლემას გადაჭრის ამ სფეროში და სახელმწიფო კონტრაქტებს უფრო გამჭვირვალეს გახდის,–აცხადებს მატიას ჰუტერი, – ჩვენ ასევე მივესალმებით იმას, რომ რამდენიმე შემთხვევაში, კორუფციასთან დაკავშირებულ გამოძიება მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მიმართ განხორციელდა.“ „კორუფციის აღქმის ინდექსი“ აჩვენებს, რომ საქართველოს კორუფციის აღქმის უფრო დაბალი დონე აქვს, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთის გამოკლებით, რომელიც 4,4 ქულით 56–ე ადგილზეა. სომხეთის ინდექსი 2,6 ქულას შეადგენს და ეს ქვეყანა 123–ე ადგილზეა; აზერბაიჯანი 134–ე ადგილზეა 2,4 ქულით, ხოლო რუსეთი 2,1 ქულით 154–ე ადგილზეა. წლევანდელ რანგირებაში უმაღლესი ქულები მიიღეს დანიამ, ახალმა ზელანდიამ და სინგაპურმა (9,3 ქულა), ფინეთმა და შვედეთმა (9,2 ქულა). მათ მოჰყვება კანადა (8,9 ქულა), ნიდერლანდები (8,8 ქულა), ავსტრალია და შვეიცარია (8,7 ქულა) და ნორვეგია (8,6 ქულა). ბოლო ადგილი სომალიმ (1,1 ქულა) დაიკავა, რომელიც ოდნავ ჩამორჩება მიანმარსა და ავღანეთს ( 1,4 ქულა) და ერაყს (1,5 ქულა). „კორუფციის აღქმის ინდექსს“ (CPI) ყოველწლიურად შეიმუშავებს და აქვეყნებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სათავო ოფისი ბერლინში. ინდექსი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და საკონსულტაციო ჯგუფის კვლევებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ არ არის სათანადო საშუალება ამა თუ იმ ქვეყნის კორუფციის დონის შესადარებლად სხვადასხვა წლებში, რადგანაც წლების განმავლობაში „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მეთოდოლოგია იცვლება, ისევე როგორც იცვლება ის კვლევები, რომლებიც ინდექსის დასადგენად გამოიყენება. თუმცა, ინდექსი მოცემულ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის აღქმის კარგ სურათს აჩვენებს.