ENG

წინასაარჩევნოდ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები სწრაფად უნდა იქნას შესწავლილი

16 ნოემბერი, 2018

 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განსაკუთრებით თვალში საცემია ისეთი შემთხვევების ზრდა, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა დროულად შეისწავლონ ეს შემთხვევები, რათა საარჩევნო გარემოს ზიანი არ მიადგეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გრძელვადიანი დამკვირვებლების მეშვეობით ასეთი შემთხვევების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა რეგიონიდან პერიოდულად იღებს. ქვემოთ იხილეთ უფრო დეტალურად ჩვენთვის მოწოდებულ შემთხვევებზე:

რუსთავში დევნილთა კომპაქტური დასახლების ადგილებში „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იძულებით გადაადგილებულ პირებს სთავაზობენ იუსტიციის სახლში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე სოციალური დახმარების მოთხოვნით განცხადების დაწერას. ჩვენი წყაროს თქმით, კოორდინატორები  მათ არწმუნებენ, რომ ისინი დახმარებას „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიიღებენ, სანაცვლოდ კი ხმა სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალ აბასთუმანში ზუგდიდის მერის წარმომადგენელი ზაზა ქადარია რამდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირდა სოციალური დახმარების შესაძლო დანიშვნას.

ზუგდიდში მაცხოვრისკარის უბანში ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის პირობით მოსახლეობის ნაწილს 50-50 ლარი დაურიგეს.

მოვუწოდებთ სახელმწიფო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდნენ ამ შემთხვევებით და მიიღონ შესაბამისი ზომები.