ENG

ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს

16 ნოემბერი, 2018

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით  არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია.

მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, შეუქმნა რა მათ ხელოვნური ბარიერი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით. მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად. 

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის.  

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკოს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო.

ამასთანავე, ცესკოს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკოს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე.

არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს თუმცა, ამ შემთხვევაში  ცესკომ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი.  

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება