ბიზნესის კეთილსინდისიერება საქართველოში: საოპერაციო გარემო და შიდა მექანიზმები
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული კვლევის „ბიზნესის კეთილსინდისიერება საქართველოში“ თანახმად, ქვეყანაში მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს კერძო სექტორში კორუფციის პრევენციის მხრივ. ეს გამოწვევები გამომდინარეობს როგორც ბიზნესის საოპერაციო გარემოსა და მისი მარეგულირებელი საჯარო ინსტიტუტების ხარვეზებიდან, ისე თავად კერძო სექტორის შიდა პრობლემებიდან.
კვლევა ემყარება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ მომზადებულ „ქვეყანაში ბიზნესის კეთილსინდისიერების დღის წესრიგის“ (Business Integrity Country Agenda) მეთოდოლოგიას. მისი მიზანია ქვეყნის კერძო სექტორის წინაშე არსებული კორუფციის რისკების შეფასება. ამ რისკების გამოსავლენად საჭიროა როგორც თავად კერძო სექტორის შიდა მდგომარეობის ანალიზი, ასევე იმ საერთო გარემოს მიმოხილვა, რომელშიც ეს სექტორი ოპერირებს.
საქართველოს მთლიანობაში კარგი საკანონმდებლო ბაზა აქვს კორუფციის პრევენციისთვის, თუმცა კანონის აღსრულება ხშირად არაეფექტიანია, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებში. ამის მთავარი მიზეზია კორუფციის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებებების არასაკმარისი დამოუკიდებლობა მმართველი პარტიისგან და მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერის არაფორმალური გავლენა მათ საქმიანობაზე. ამგვარი გავლენა ასევე ქმნის შესაძლებლობას, რომ ანტიკორუფციული გამოძიებები გამოყენებულ იქნეს შურისძიების ინსტრუმენტად ხელისუფლებისთვის არასასურველი კომპანიებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ.
კვლევის ფარგლებში გამოვლენილ სხვა პრობლემებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:
- კანონის იმ ნორმების არაეფექტიანი აღსრულება, რომლებიც საჯარო სექტორში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციას და მამხილებელთა დაცვას ემსახურება.
- პოლიტიკური შემოწირულობების მარეგულირებელი ნორმების ხშირი დარღვევა, რაც მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე რჩება.
- არასათანადო რეაგირება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე.
- დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, რის შედეგადაც ბიზნესი საკმარისად დაცული არ არის შესაძლო უსამართლო და უკანონო მოპყრობისგან.
- ხარვეზები კონკურენციის სააგენტოს საქმიანობაში.
- ინფორმაციის ნაკლებობა კომპანიების ბენეფიციარ მფლობელთა შესახებ, რაც ბიზნესის გამჭვირვალობას ამცირებს და კორუფციის რისკებს ზრდის.
- კერძო კომპანიების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმების სისუსტე.
- გამჭვირვალობის ნაკლებობა კერძო კომპანიების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტში (მმართველობის სტრუქტურა, ლობირებასა და პოლიტიკურ შემოწირულობებზე დახარჯული თანხები, დირექტორთა საბჭოების წევრებისა და უფროსი მენეჯერების ანაზღაურება და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი).
- კერძო კომპანიების დირექტორთა საბჭოების არაეფექტიანი საზედამხედველო საქმიანობა.
- კერძო სექტორის პასიურობა ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მხრივ - როგორც ცალკეული კომპანიების, ისე ბიზნესის ასოციაციების დონეზე.
- თანამშრომლობის ნაკლებობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესს შორის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
- მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფა ხელისუფლების მხრიდან, რაც ასუსტების მის უნარს, გამოავლინოს კორუფციის შესაძლო შემთხვევები.
ანგარიშში მოცემულია რიგი რეკომენდაციებისა, აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, მათ შორის:
- ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფა, მათ შორის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის გზით.
- საჯარო ინსტიტუტებზე არაჯეროვანი პარტიული და არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა.
- სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
- ბიზნესის სექტორის მეტი აქტიურობა, როგორც შიდა ანტიკორუფციული მექანიზმების განვითარებისა და საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, ისე ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ანტიკორუფციულ ძალისხმევაში მონაწილეობის მხრივ.
- მედიის დამოუკიდებლობის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა.
