ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში კვლავ მეხუთე ადგილზეა

29 აპრილი, 2020

 

„საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ (IBP) გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ საქართველომ 100 შესაძლებელი ქულიდან 81 ქულა მიიღო, რაც 2017 წელთან შედარებით, უმნიშვნელო - ერთპუნქტიანი გაუარესებაა. აღნიშნული ცვლილება ძირითადად „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ მხრიდან რამდენიმე საკითხის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. ამ მაჩვენებლით 117 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო,  წინა კვლევის მსგავსად, კვლავ მე-5 ადგილზე დარჩა, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა და  მას მხოლოდ ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, შვედეთი და მექსიკა  უსწრებენ.

კვლევის მთელი პროცესი დაახლოებით 18 თვეს გრძელდებოდა და იგი ძირითადად 2018 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ მდგომარეობას აფასებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს ღია ბიუჯეტის კვლევას „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობისთვის“ 2012 წლიდან ატარებს. 

ბიუჯეტის გამჭვირვალობის გასაზომად გამოყენებულია 109 სხვადასხვა ინდიკატორი. „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიზანია შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს ქვეყნის ცენტრალური მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის საზოგადოებისთვის დროულ ხელმისაწვდომობას და არის თუ არა ამ დოკუმენტებში შეტანილი მონაცემები ამომწურავი. ეს რვა დოკუმენტია:

  • ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი
  • მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი
  • სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” ფასდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ყურადღებას, ასევე, ამახვილებს: ა) ბიუჯეტზე ეფექტიანი ზედამხედველობისა და ბ) საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზეც. ამ ორი თემის შეფასება „ღია ბიუჯეტის ინდექსის” შემადგენელი ნაწილი არ არის და ცალკე განიხილება. ამ მხრივ საქართველოს კვლავ აქვს გამოწვევები საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობის კუთხით. კერძოდ, 100 შესაძლებელი ქულიდან საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 28 ქულა (მსოფლიოში მე-14 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 82 ქულა (მე-11 ადგილი).

შთამბეჭდავი მიღწევების მიუხედავად, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” საქართველოს მთავრობას რიგ რეკომენდაციებს სთავაზობს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიღწეულ შედეგს. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ანგარიშების კიდევ უფრო დახვეწას და მოქალაქეების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის გაზრდას უკავშირდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.openbudgetsurvey.org.