ახალციხის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის შეფასება
12 აგვისტო, 2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით.
ძირითადი მიგნებები
- ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი, უმეტეს შემთხვევაში, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
- ახალციხის საკრებულომ მკვეთრად გააუარესა საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა. წინამდებარე შეფასების მომზადებისას საკრებულომ არ მოგვაწოდა დეპუტატების სიტყვით გამოსვლის, ასევე, მათ მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების, ან წინადადებების შესახებ ინფორმაცია.
- ახალციხის საკრებულოს თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან ინტერესთა კონფლიქტის ფაქტები არ გამოუვლენია. 2023 წელს საკრებულოს 4 დეპუტატის და მათი ოჯახის წევრების კომპანიებმა მხოლოდ ახალციხის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან სახელმწიფო შესყიდვებით 6,480,666 ლარი მიიღეს.
- ახალციხის მერიამ, საკრებულოს თანხმობით, 2023 წელს, 8 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (სულ - 790 კვ.მ ფართობი) ელექტრონული აუქციონით გაყიდა. აქედან 4 ნაკვეთი (623 კვ.მ.) ახალციხის საკრებულოს დეპუტატმა, ასევე, მათთან და მერიის თანამშრომლებთან დაკავშირებულმა პირებმა იყიდეს.
- საანგარიშო პერიოდში, საკრებულომ 14 სხდომა გამართა და კენჭისყრაზე გატანილ 105-ვე საკითხს მხარი დაუჭირა. ერთადერთი საკითხი, რომელიც საკრებულომ მერიას შენიშვნებით უკან დაუბრუნდა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი იყო.
- საკრებულოს 39 დეპუტატიდან 7-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ყოველწლიური ანგარიში არ წარადგინა. ანგარიშების ფორმებიდან გამქრალია შეკითხვა, თუ რამდენი ინიციატივა წარადგინა დეპუტატმა. მათი ჩართულობით კონკრეტულად მოგვარებულ, ჯამში, 35 საკითხზე, მხოლოდ 11 დეპუტატი უთითებს, თუმცა, მათ შორის 15 საკითხი ემთხვევა.
- ახალციხის საკრებულოს 22 თანამდებობის პირიდან 6-მა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო.
- საკრებულოში მოქმედი სამი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთს არ წარუდგენია. ფრაქციების საქმიანობაზე, ჯამში, 368,462 ლარი დაიხარჯა.
- გენდერული თანასწორობის საბჭოს, საანგარიშო პერიოდში, არც სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგის სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია.
- ახალციხის საკრებულომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ წარდგენილი პეტიცია არ დაარეგისტრირა.
- 2023 წელს, ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა 1,223,706 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან ხელფასებში, დანამატებსა და ჯილდოებში, სულ 1,123,491 ლარი გაიცა.
- ერთ წელში საკრებულომ 33,251 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 89,199 ლარი შეადგინა. აქედან 9,834 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით 26,588 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ გახარჯა.