აუქციონები ერთი მონაწილით და საეჭვო პირდაპირი მიყიდვები - როგორ გაყიდა ქონება აჭარის მთავრობამ 2020-2021 წლებში?
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა, ასევე, ამგვარ გარემოში ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც ეჭვებს აჩენს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.
მსგავსი კვლევა ორგანიზაციამ ბოლოს 2020 წელს გამოაქვეყნა, სადაც 2019 წლის პრივატიზაციის პროცესი იყო შეფასებული.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საყურადღებო ფაქტები და ტენდენციები:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ქონების გასასხვისებკლად 39 ელექტრონული აუქციონი გამართა, რომლის 84% არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მათში მონაწილეობდა თითო პრეტენდენტი და აუქციონზე გატანილი ქონებები გაიყიდა თითო ბიჯში;
- აუქციონებში გამარჯვებული 8 და პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული 1 ნასყიდობის ხელშეკრულების ხელისმომწერი კომპანიის მეწილეებმა, მეწილეების ბიზნესპარტნიორებმა და დირექტორებმა „ქართულ ოცნებას” და „ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, გასულ წლებში 966,000 ლარი შესწირეს;
- პოლიტიკური შემოწირულების გამცემმა 7 სუბიექტმა აუქციონები უკონკურენტოდ, მინიმალური ფასნამატით მოიგო;
- აუქციონების გამოცხადების და მოცემულ აუქციონებში გამარჯვებული 4 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის დრო ემთხვევა ერთმანეთს.
- Პირდაპირი მიყიდვის გზით შესყიდული ობიექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქის, ბურაქ ბაშლილარის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. აჭარის მთავრობამ მას 5,226 ლარად მიყიდა 613,130 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, ბუნდოვანი პირობებით, ბაშლილარმა კი ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138,300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020”-ს;
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კვლავ აგრძელებს ავტონომიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების 1 ლარად გაყიდვის პრაქტიკას. შპს „გონიო 2020”-ს მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ვალდებულებებით გადაეცა, შპს „საბა კონსტრაქშენმა” პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე 2 ლარად შეძენილი ქონების დემონტაჟის ადგილას ძალოსნობის ახალი სავარჯიშო ბაზა უნდა ააშენოს და საამისოდ კომპანიამ დამატებით უკონკურენტოდ გაიმარჯვა აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის” მიერ გამოცხადებულ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერში.
2020-2021 წლების ზოგადი სტატისტიკა
საკვლევ წლებში უძრავი ქონებების გასასხვისებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მყიდველებმა ჯამში გააფორმეს 48 ნასყიდობის ხელშეკრულება, მათ შორის: 9 პირდაპირი მიყიდვის წესის, 6 უპირობო ელექტრონული აუქციონის და 33 პირობებიანი ელექტრონული აუქციონის საფუძვლებზე:
ვინ არიან 1 ლარად ქონების მიმღები პირები?
პირდაპირი მიყიდვის წესით უძრავი ქონებების პრივატიზაციით აჭარის რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა ჯამში 5,234 ლარის შემოსავალი მიიღო.
პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე, შპს „საბა კონსტრაქშენზე” გასხვისდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 5 შენობა-ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს ექვემდებარებოდა. ამ გარიგებისთვის გაფორმდა ნასყიდობის 2 ხელშეკრულება და თითოეულის ღირებულება შეადგენდა 1 ლარს. მოცემული ხელშეკრულებებით შპს „საბა კონსტრაქშენმა” იკისრა შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების/ნარჩენების გატანის ვალდებულება. ამ შენობებიდან 1 შენობა-ნაგებობა მდებარეობდა დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე, სადაც შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ”, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მასში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „საბა კონსტრაქშენმა”. ამ დრომდე ხელშეკრულებაში ცვლილებები 6-ჯერ შევიდა: კომპანიას სავარჯიშო ბაზა, ხელშეკრულების პირველი რედაქციით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ ვადამ ჯერ 2022 წლის აპრილამდე, ბოლოს კი 2022 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია.
შპს „გონიო 2020”-ს, პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე, 1 ლარად გადაეცა ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეადგენდა 373,800 ლარს. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა აიღო ვალდებულება, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, გაამწვანოს მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდით 05.36.24.827) და ბათუმის ბულვარს შორის ტერიტორია, მაგრამ გაურკვეველია, რა იგულისხმება ტერიტორიის გამწვანებაში, რამდენი კვადრატული მეტრის გამწვანება უნდა მოხდეს და რა თანხა უნდა დახარჯოს აღნიშნულ სამუშაოებში.
ფიზიკურ პირს ბურაქ ბაშლილარს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 5,226 ლარად საკუთრებაში გადაეცა 922 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, რომლის საბაზრო ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეადგენდა 613,130 ლარს. ბურაქ ბაშლილარმა ეს უძრავი ქონება საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138,300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020”-ს.
აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დოკუმენტში “ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად” არის მოხსენიებული: მყიდველმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სადავოდ მიჩნეულ, გადაფარვაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით 05.36.24.608) დაკავშირებით მომავალში არ ექნება პრეტენზია. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა დავაზე ან რისკებზეა საუბარი. მწირი აღწერილობიდან გამომდინარე შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე საკუთრების პრეტენზია კომპანია tustas industrial plants co.incorporation-ს ჰქონდა და ბაშლილარმა ხელშეკრულების გაფორმებით იკისრა ვალდებულება, ყველა შესაძლო ქონებრივი დავა სწორედ ამ კომპანიასთან და არა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აწარმოოს.
სიმბოლურ ფასად (1 ლარად) სააქციო საზოგადოება „ენერგო პრო ჯორჯიასაც” გადაეცა საკუთრებაში 262,426 ლარის ჯამური ღირებულების 29 ერთეული მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 2,753 კვ.მ, სადგური „ბათუმი 220-დან” სადგურ „ბათუმი 4-მდე” ახალი 110 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მოსაწყობად არაუგვიანეს 2023 წლის თებერვლისა. ასევე, მყიდველმა აიღო ვალდებულება 2023 წლის თებერვლამდე ელექტროგადამცემი ხაზი „ჭარნალის" მიერ დაკავებული ტერიტორიის გამოთავისუფლებაზე.
გარდა ჩამოთვლილი ქონებისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართები/ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადასცა 4 სოციალურად დაუცველ ან/და ეკომიგრანტ ოჯახს. მათ გარკვეული პერიოდით შეეზღუდათ ამ ქონების გასხვისების ან/და განკარგვის უფლება.
არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებული აუქციონები
უპირობო და პირობებიანი 39 ელექტრონული აუქციონიდან 33 აუქციონი არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა: მათში მონაწილეობდა მხოლოდ 1 პრეტენდენტი და შესაბამისად, აუქციონზე გატანილი ქონება გაიყიდა 1 ბიჯით. არაკონკურენტულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ 7 სუბიექტთან დაკავშირებული პირები „ქართული ოცნების” აქტიური შემომწირველები არიან. ელექტრონულ აუქციონში უკონკურენტოდ და 1 ბიჯის გაკეთების შედეგად გაიმარჯვა, ასევე, იონა წითელაძემ, რომელიც 2014-2015 წლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
კონკურენტულ გარემოში ჩატარებული 6 აუქციონიდან 1 შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდა 23 ბიჯის გაკეთების შედეგად.
უპირობო და პირობებიან ელექტრონულ აუქციონებზე გასაყიდად გატანილი ქონებების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის ჯამური ოდენობა შეადგენდა 37,214,900 ლარს, რაც ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილე პრეტენდენტების მიერ გაკეთებული ბიჯების შედეგად გაიზარდა 895,350 ლარით. შესაბამისად, უპირობო და პირობებიანი ელექტრონული აუქციონების საფუძველზე გაყიდული უძრავი ქონებებიდან აჭარის ბიუჯეტმა ჯამში 38,446,400 ლარის შემოსავალი მიიღო.
საპრივატიზებო ვალდებულებების ფარგლებში განსახორციელებელმა ჯამურმა მინიმალურმა საინვესტიციო მოცულობამ 79,400,000 ლარი შეადგინა.
ქონების მიმღებთა და მათი ბიზნესპარტნიორების შემოწირულებები მმართველ პარტიას
პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ხელისმომწერი 1 და ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები, მათი ბიზნესპარტნიორები ან/და დირექტორები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” და პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები არიან - სხვადასხვა დროს მათ ჯამში 966,000 ლარი შესწირეს.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან 7 სუბიექტს ელექტრონულ აუქციონებში კონკურენტები არ ჰყოლიათ და მათ აუქციონებში გაიმარჯვეს 1 ბიჯის შედეგად, საწყის საპრივატიზაციო საფასურზე მინიმალური ფასნამატით.
საყურადღებოა ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 4 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის თარიღიც, კერძოდ:
- შპს „მწვანე ტბა”, რომელმაც კონკურენტების გარეშე და 1 ბიჯის გაკეთების შედეგად გაიმარჯვა ელექტრონულ აუქციონში, დაფუძნებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ 1 თვით ადრე;
- შპს „ეკოსთორიჯ”, რომელმაც კონკურენტების გარეშე და 1 ბიჯის გაკეთების შედეგად 2 ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა, დაფუძნებულია ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე მხოლოდ 2 თვით ადრე;
- შპს „ეკოსთორიჯ 1”, რომელმაც კონკურენტების გარეშე და 1 ბიჯის გაკეთების შედეგად გაიმარჯვა ელექტრონულ აუქციონში, დაფუძნებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ 1 თვით ადრე;
- შპს ნიუ ტექნიკ ჯგუფი, რომელმაც 3 ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა, მათ შორის 2 აუქციონში კონკურენტების გარეშე, დაფუძნებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მხოლოდ 5 თვით ადრე.
დასკვნა და რეკომენდაციები
- მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს:
- შეისწავლონ ფიზიკურ პირთან, ბურაქ ბაშლილართან, შპს “გონიო 2020”-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით;
- შეისწავლონ იმ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც აუქციონამდე რამდენიმე კვირით ადრე დააფუძნეს.
- მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას:
- ელექტრონული აუქციონების გამოცხადებამდე უზრუნველყოს აქტიური საინფორმაციო კამპანია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პირობების შესახებ;
- უზრუნველყოს მჭიდრო და გამჭვირვალე კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც რეგიონულ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.