არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ
ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ.
19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას.
“ქართული ოცნება” შეთანხმების დატოვების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას აგრძელებს. შესაბამისი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა, მისი თქმით, მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება.
ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას.
ხელმომწერი ორგანიზაციები
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
ლიბერალური აკადემია
საზოგადოება და ბანკები
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი(რონდელის ფონდი) – GFSIS
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)