არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას. საბჭოს მდივნის განცხადებით, კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნა ემსახურება ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური და ძირეული პრობლემების გადაფარვის მცდელობას და ის რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.
უკანასკნელ პერიოდში ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები ღიად საუბრობენ სასამართლოში არსებულ სავარაუდო კორუფციის შემთხვევებზე, არასასურველ ჩარევებსა და ფავორიტიზმზე. როგორც ცნობილია, ბიზნესსექტორის შეშფოთების საპასუხოდ და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით იუსტიციის სამინისტრო და მთავრობა უკვე რამდენიმე თვეა, პარალელურად, მუშაობს სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხზე. როგორც ცნობილია, განიხილება კომერციული და საგადასახადო პალატების, როგორც საერთო სასამართლოების სისტემაში, ისე მის გარეთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან დამოუკიდებლად, შექმნის იდეები. ამ საკითხზე საუბარი იყო ასევე ინსვესტორთა საბჭოს უკანასკნელ სხდომაზეც. ასევე ცნობილია, რომ იუსტიციის სამინისტრო კომერციული პალატების შექნასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ბრიტანეთის მთავრობასთან, ევრობანკსა და გერმანელ პარტნიორებთან. სამინისტრომ უკვე მიმართა ევრობანკს კომერციული პალატების ახალი მოსამართლეების შერჩევისა და მათთვის ტრენინგ-პროგრამების ორგანიზებაში დახმარების თხოვნით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის ცნობილი იყო კომერციული და საგადასახადო პალატის შექმნის თაობაზე მიმდინარე სამუშაოებისა და დისკუსიის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, საბჭომ საკითხის სათანადოდ დამუშავებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის გარეშე, ნაჩქარევად მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნის გადაწყვეტილება. ასევე, დაუდგენელი კრიტერიუმებით შეირჩა 4 მოსამართლე (თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია), რომელებიც განიხილავენ სანივთო, სამეწარმეო გაკოტრების და ვალდებულებით სამართლებრივ დავებს, რომელთა დავის საგნის ღირებულება 500 000 ლარს აღემატება. ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, საბჭოს ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება წარმოადგენდეს საპასუხო ნაბიჯს საბჭოსგან დამოუკიდებელი კომერციული პალატის ჩამოყალიბების იდეის საპირწონედ და ემსახურებოდეს ბიზნესსექტორისათვის მოჩვენებითი ეფექტის შექმნას.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ ბიზნესდავებში სწრაფი და ხარისხიანი მართმსაჯულების განხორციელებისათვის ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყანაში საინვესტაციო გარემოსა და ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა ამავდროულად, მხოლოდ ამ კატეგორიის დავებში არსებული პრობლემების აღმოფხვრა არ იქნება საკმარისი სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებისა და ქვეყანაში ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემა კლანური მმართველობის პრინციპებით იმართება, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფავორიტიზმის საფუძველზე ნიშნავს/აწინაურებს მოსამართლეებს, ყველა ტიპის დავაში შეიძლება გაჩნდეს არასათანადო ჩარევების რისკი და ეჭქვეშ დადგეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და კვალიფიციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაიწყოს სასამართლოს სისტემის სრული და ძირეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი და სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას არა მხოლოდ ცალკეული, არამედ ყველა კატეგორიის დავაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი