არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიებას
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, დაბა ხარაგაულში მცხოვრებმა 30 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რასაც რამდენიმე დღით ადრე, წინ უძღვოდა მისი “დაკითხვა” ადგილობრივ პოლიციაში და გაურკვეველი დანაშაულებრივი ფაქტების აღიარების იძულება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას, რომელსაც ქუთაისის საოლქო პროკურატურა სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) აწარმოებს.
ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე, ამირან კვირიკაშვილის მამას მიენიჭა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. იმავე საქმეში დაზარალებულის სტატუსით აღიჭურვა გარდაცვლილის ძმა - არჩილ კვირიკაშვილი, რომელსაც მისივე განმარტებით, ადგილობრივი პოლიცია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით გარდაცვლილი ამირან კვირიკაშვილის პოლიციაში გამოკითხვის დღეს ასევე აიძულებდა გარკვეული გაუხსნელი ქურდობის ფაქტების აღიარებას.
გამოძიების ამ ეტაპისთვის დაუდგენელი რჩება ძმები კვირიკაშვილების ადგილობრივ პოლიციაში დაბარების და რამდენიმე საათიანი დაყოვნების სამართლებრივი საფუძველი. საქმეში არსებული მასალები მიუთითებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ ლეგიტიმური საფუძველი ამირან და არჩილ კვირიკაშვილის გამოკითხვისთვის, რაც აძლიერებს ამ საქმეში პოლიციელთა ბრალეულობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეებთან არაფორმალური გასაუბრების პრობლემურ პრაქტიკას.
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, თვითმკვლელობიდან ხუთ დღეში, 9 ნოემბერს დაიქვემდებარა. ამ დრომდე კი გამოძიებას დაბა ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველო აწარმოებდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირიკაშვილის თვითმკვლელობის დღიდანვე ცნობილი გახდა, რომ მისი ოჯახი და ახლობლები ამ ფაქტს ადგილობრივ პოლიციაში გარდაცვლილის „დაკითხვას“ უკავშირებდნენ, რაც ადგილობრივი პოლიციის მიერ ამ საქმის გამოძიების კომპეტენციას გამორიცხავდა, გამოძიებას ხუთი დღის განმავლობაში მაინც შსს წარმართავდა, რამაც ხელი შეუშალა დროული და ეფექტიანი გამოძიების წარმართვას ამ საქმეში.
თავიდანვე ცხადი იყო ხარაგაულის პოლიციის დაინტერესება ამ საქმით, რაც ასევე დასტურდება მათ მიერ 5 დღის განმავლობაში წარმოებული გამოძიების მიმდინარეობით. ამ დროის განმავლობაში, ხარაგაულის პოლიცია მუშაობდა თვითმკვლელობის საქმეში კონკრეტული, მათთვის ხელსაყრელი ვერსიის გამოკვეთაზე, რომელიც ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას მისი ჯანმრთელობის პრობლემებით და ეკონომიკური სიდუხჭირით ახსნიდა. ამ ვერსიის გამყარების მიზნით, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში პირველ რიგში დაკითხულები არიან არა კვირიკაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც საქმესთან მიმართებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიცემა შეეძლოთ, არამედ სხვა არარელევანტური პირები. რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიციის მიერ აღნიშნული საქმის გამოძიება ასევე არ გამორიცხავს კვირიკაშვილების პოლიციაში დაბარებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფალსიფიცირების რისკებს.
ასევე პრობლემურია ის, რომ ხარაგაულის პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას ის თანამშრომლები, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ამირან და არჩილ კვირიკაშვილზე განხორციელებულ ზეწოლაში და ამავე დროს, რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ თვითმკვლელობის საქმეზე მათთვის ხელსაყრელი ვერსიის შექმნას და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლას.
პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ ეტაპზე ხარაგაულის პოლიციიდან გამოთხოვილია პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და შენობის შესასვლელში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც მხოლოდ შესასვლელსა და გარე პერიმეტრზე გადაადგილებას აღწერს. პრობლემურია ის, რომ შენობაში სხვა ვიდეოკამერების არარსებობის გამო, გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი არ არის პოლიციის სამმართველოს სხვა სივრცეებში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები. ამ საქმეშიც იკვეთება რამდენად მნიშვნელოვანია, პოლიციის შიდა სივრცეები ასევე იყოს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ გამოძიების მიმდინარეობაზე დაკვირვებას და მოვუწოდებთ:
- დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას - გამოძიება წარიმართოს სწრაფად და სათანადო მტკიცებულებათა არსებობის შემდგომ დადგეს ხარაგაულის შინაგან საქმეთა რაიონული სამმართველოს პოლიციელთა პასუხისმგებლობის საკითხი;
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - გატარდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ საქმეზე ობიექტური და დროული გამოძიების ჩატარებისთვის ხელის შეშლას;
- საქართველოს პარლამენტს და მთავრობს - დროულად შეიქმნას ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც შეამცირებს პოლიციელთა თვითნებობის და დაუსჯელობის პრობლემას ქვეყანაში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
“თეთრი ხმაურის მოძრაობა”