აქტივისტების არაპროპორციული და დაუსაბუთებელი დაკავების პრაქტიკა
უკრაინის მიმართ სოლიდარობის დემონსტრაციების ფონზე, ბოლო დღეებში, ხელისუფლებამ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებები დაიწყო და მათ მიმართ ადმინისტრაციული დაკავების შერჩევითად, არაპროპორციულად და დაუსაბუთებლად გამოყენების პრაქტიკა განაგრძო. აღნიშნული მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ უსაფუძვლო დაკავებებით საზოგადოებამ თავი შეიკავოს პროტესტის თუ სოლიდარობის გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობისგან.
ჩვენი შეფასებით, ამ და უწინ მომხდარი დაკავებების დროს სამართალდამცავებისა და სასამართლოს მიერ პერმანენტულად ირღვეოდა აქტივისტების უფლებები, სახეზე იყო კანონმდებლობის შერჩევითი გამოყენება და აქტივისტების უსაფუძვლო დაკავება. შედეგად, როგორც გამოხატვის, ასევე შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების მხრივ საქართველოში მდგომარეობა უარესდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წელს განხორციელებული ცვლილებებით, აქტივისტების წინააღმდეგ ხშირად გამოყენებად მუხლებზე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ვადა, რასაც დამატებითი მსუსხავი ეფექტი აქვს.
ქვემოთ მოცემულია ძირითადი ტენდენციები, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები სხვადასხვა დროს დაკავებიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აწყდებიან:
აქციის მიმდინარეობის დროს გამოვლენილი დარღვევები:
- ძირითადად ადმინისტრაციული დაკავება წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით ხდება ის, რომ ხშირად დაკავების საფუძველი და შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს. უმეტესად მათი დაკავება თვითნებურად ან საპოლიციო ძალების ხელმძღვანელი პირის მითითებით ხდება.
- აქტივისტების დაკავებისას პოლიცია გადამეტებულ ძალას იყენებს. დაკავების დროს ხშირია აქტივისტების ფიზიკური დაზიანების შემთხვევები. ასევე ადგილი ჰქონდა უკვე დაკავებული პირისათვის საპატრულო მანქანაში ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტებს.
დაკავების შემდეგ გამოვლენილი დარღვევები:
- დაკავებულებს უფლებებს არ განუმარტავენ. მათ უმეტესად არ აცნობენ დაკავების საფუძველს, ადვოკატის ყოლის უფლებას და არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი დროულად შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს.
- ადვოკატებს არ ეძლევათ საქმეში დროულად ჩართვისა და დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა. დაკავების შემდეგ, გართულებულია დაკავებულის ადგილმდებარეობის დადგენა. აქტივისტების ნაწილი დაუყოვნებლივ არ გადაყავთ პოლიციის შესაბამის განყოფილებაში და მათ მანქანაში უწევთ ლოდინი, ან ერთად დაკავებული აქტივისტები პოლიციის სხვადასხვა განყოფილებებში ხვდებიან, რაც მათი ადგილმდებარეობის დადგენას ართულებს და დროში ახანგრძლივებს. პოლიციის განყოფილებაში დაკავებულთან შეხვედრისთვის მისულ ადვოკატებს ხელოვნურად აყოვნებენ.
- დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიულია. როგორც წესი, დაკავების ოქმი პოლიციის განყოფილებაში ივსება. მათი უმრავლესობა წვრილმანი ხულიგნობის ან პოლიციის დაუმორჩილებლობის შესახებ მხოლოდ ზოგად მითითებას შეიცავს. ხშირად დამკავებელი და ოქმის შემდგენი სხვადასხვა პირია.
- პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს დაკავების მაქსიმალურ ვადას. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა (მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ეს ვადა 24 საათით შეიძლება გაგრძელდეს), სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს , პოლიცია ხშირად მაქსიმალური ვადას იყენებს სათანადო მიზნისა და დასაბუთების გარეშე.
სასამართლო პროცესში გამოვლენილი დარღვევები:
- სასამართლოს მიერ გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსი ხარვეზიანია. იგი არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი სასამართლოს მინიმალურ სტანდარტებს. მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა არა არის უზრუნველყოფილი, არასწორადაა გადანაწილებული მტკიცების ტვირთი, უგულებელყოფილია უდანაშაულობის პრეზუმფცია.
- სასამართლო არ აფასებს დაკავების კანონიერებას. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო უფლებამოსილია შეამოწმოს დაკავების საფუძველი და მისი კანონიერების საკითხი, იგი შესაბამისი შუამდგომლობის არსებობის პირობებშიც კი უარს ამბობს ამ საკითხის განხილვაზე.
- სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არასაკმარისია დაკავებულისათვის ადმინისტრაციული სახდელის შესაფარდებლად. როგორც წესი, მტკიცებულებად პოლიციელთა ახსნა-განმარტებები არის წარმოდგენილი. საქმის განხილვის დროს იშვიათად ხდება სატელევიზიო სიუჟეტებისა და პოლიციელთა სამხრე კამერების ჩანაწერების გამოკვლევა.
- სასამართლო გადაწყვეტილება უმეტესად დაუსაბუთებელი და შაბლონურია. გადაწყვეტილება, ძირითადად, პოლიციელთა ჩვენებებს ეფუძნება, კრიტიკულად არ არის შეფასებული მათ მონათხრობში არსებული უზუსტობები და შეუსაბამობები.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების დაუსაბუთებელი, არაპროპორციული და თვითნებური შეზღუდვა და მისცეს მათ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა.