ENG

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის

28 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში 2018 წლის 1 აგვისტოდან 16 დეკემბერის ჩათვლით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხების მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა:

პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით, მეორე ტურისთვის საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც შესაძლოა მოეხდინა არსებითი გავლენა არჩევნების შედეგებზე.

აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა როგორც ძალადობრივი ინციდენტები, ისე შესაძლო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებები და გათავისუფლების მუქარა, რომელთაგან ერთ-ერთს სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოყვა. მეორე ტურის შემდეგ ერთ-ერთი მედია ორგანიზაციის მიერ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აყალბებენ არჩევნებს რამდენიმე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები.

ძალადობის კუთხით განსაკუთრებით პრობლემური იყო 30 ოქტომბერს ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საქმეზე „ქართული ოცნების“ ხუთ მხარდამჭერს ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება. ამ ინფორმაციიდან ჩანს, რომ იგნორირებულია ინციდენტში პოლიტიკური მოტივის არსებობა. ჩვენი აზრით, მხოლოდ ძალადობის მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნა არ იყო საკმარისი და ეს დამამძიმებელი გარემოებაც უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

პირველი ტურის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, ასევე, გახშირდა. ზეწოლაში ძირითადად იმ ადამიანებს ადანაშაულებდნენ, ვისაც  კავშირი ჰქონდათ საბიუჯეტო ორგანიზაციებთან.

თითქმის მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის და მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ხორციელდებოდა სიტყვიერი თავდასხმები, რომელთა ძირითადი მიზანი ამ ორგანიზაციების საარჩევნოდ დისკრედიტირება შეიძლება ყოფილიყო.

აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნოდ დისკრედიტაციის მცდელობა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გახსნილად გამოცხადების გზით. ამ ფაქტს წინ უძღოდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „რუსთავი 2” მიერ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევათა მთელი სერია. ეს ჩანაწერები ეხებოდა ქვეყანაში სავარაუდო ბიზნესის დატერორების, გავლენიანი არაფორმალური დაჯგუფებების, ელიტური კორუფციის და გამოუძიებელი საქმეების გარშემო სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. როგორც ჩანს, სწორედ ამ ჩანაწერების გადაფარვის მიზნით საქართველოს პროკურატურამ წინასაარჩევნოდ საზოგადოების ყურადღების გადატანა ძველი საქმეების გახსნილად გამოცხადებით სცადა.

ამ პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობას” ბერლინის სამდივნომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მან შეშფოთება გამოხატა საქართველოს ე.წ. სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების არსებობის გამო, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური ჯგუფების გავლენაში გამოიხატებოდა.

წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისში კვლავ პრობლემური იყო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების საკითხი. წინა არჩევნების მსგავსად, ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა, რამდენად სამართლიანად წარიმართა კომისიის წევრთა შერჩევის პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში კვლავ წინასწარ გავრცელდა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც კომისიებში უნდა დანიშნულიყვნენ. ასევე, მედიით გავრცელდა რამდენიმე სატელეფონო ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის შემთხვევაში დასტურდება პროფესიული ნიშნით კომისიების წევრების შერჩევაში მმართველი პარტიის აქტიური მონაწილეობა და მათზე გავლენა.

წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, პრობლემური იყო საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული რამდენიმე გადაწყვეტილება. კერძოდ, კომისიამ საზოგადოებრივი კვლევის გაშუქების კუთხით მაუწყებლებს, ჩვენი აზრით, კანონთან შეუსაბამო მოთხოვნები წაუყენა. გარდა ამისა, გაუგებარი იყო კომისიის პოზიციები ზოგიერთ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, რამაც შთაბეჭდილება დატოვა, რომ მისი გადაწყვეტილები შეგნებულად იყო მიკერძოებული.

როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინაასაარჩევნო პერიოდში ძირითადად არაეფექტური იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეაგირება პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რეგულაციების სავარაუდო დარღვევებზე. შემთხვევების გადამოწმების პროცესი დიდხანს იწელებოდა და საბოლოოდ შედეგიც არ ჩანდა. მხოლოდ 26 ნოემბერს გამოაქვეყნა აუდიტის სამსახურმა მცირე ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე დარღვევაზე რეაგირების შესახებ. ასეთმა არაეფექტურობამ ამ უწყების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც გააჩინა გარკვეული კითხვები.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

ამ კუთხით ორი შემთხვევა იყო აღსანიშნავი. პირველი ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში დანიშვნას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით  არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილი იყო.

მეორე შემთხვევა კი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ახალ წესს ეხებოდა, რომლის მიხედვით შერჩეულმა საარჩევნო კომისიებმა პირველი საერთო არჩევნები ჩაატარეს. საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების  გასულ წელს მიღებულმა ახალმა წესმა კომისიებში მმართველი პარტიის უპირობო დომინაცია უზრუნველყო.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საპრეზიდენტო არჩევნების როგორც პირველი ისე მეორე ტურის წინ დაფიქსირდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წინასაარჩევნო შეხვედრებზე მობილიზება და მათთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვების იძულება, ასევე, უკანონო აგიტაციისა და საკომუნიკაციო საშუალებების საარჩევნო მიზნებით გამოყენების რამდენიმე შემთხვევა. ამ არჩევნებზეც საარჩევნო კომისიები სოციალური ქსელების პირადი გვერდებით აშკარა აგიტაციის შემთხვევებს კვლავ არ აღიარებდნენ საარჩევნო აგიტაციად, რაც პრობლემად რჩება.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება

საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა „საარჩევნო კოდექსის“ რეგულაცია.

რაც შეეხება საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომი პერიოდი ამ კუთხით გამორჩეული იყო. პირველი ტურის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვისმენდით „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცია, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც სწორედ საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას წარმოადგენს.

საარჩევნოდ მოტივირებული სახელმწიფო ხარჯებისა და პროგრამებიდან აღსანიშნავია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 900-მდე ოჯახისთვის ბინების დაკანონება, სხვადასხვა ჯგუფისთვის სოციალური დახმარებების ან ხელფასების ზრდა, ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემა და სხვა.

გარდა ამისა, პირველი ტურის შემდეგ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ” 600 000 ათასი მოქალაქისთვის საკრედიტო ორგანიზაციებში დაგროვებული ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებ განაცხადა. ეს შემთხვევა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან ერთად საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად იმიტომ მივიჩნიეთ, რომ მის განხორციელებაში საქართველოს მთავრობა იყო ჩართული.