4 სექტემბერი: „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაკავების დროს შესაძლო ძალის გადამეტება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოძიოს
- 4 სექტემბერს „ნაციონალური მოძრაობის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეძგვერაძის დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მისი სახლის მიმდებარედ მიმდინარეობდა გამოძიება ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, დეპუტატი კი პოლიციას ხელს უშლიდა. ეძგვერაძის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, თბილისის საკრებულოს დეპუტატი პოლიციელებმა დაკავებისას სცემეს. ეძგვერაძეს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ეძგვერაძის დაკავების მომენტში ასევე დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ და თბილისის საკრებულოს სხვა წევრი, ირაკლი ნადირაძე, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 12 და 13 სექტემბერს ეძგვერაძე და ნადირაძე სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო და 2700 და 2500 ლარით დააჯარიმა.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმების წარმოება განხორციელდეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა აღქმული იყოს ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნად.