2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები

12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი წარადგინა. გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”  მოკლე შეფასებას და რეკომენდაციებს ამ პროექტთან დაკავშირებით. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტია და საბოლოო დამტკიცებამდე ორჯერ დაუბრუნდება მთავრობას ცვლილებებისთვის. არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.

ძირითადი მიგნებები

  • 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი (გადასახდელები) 22.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის ხარჯებზე 1.5 მლრდ ლარით (7.5%-ით) მეტია.
  • ყველაზე მეტად 3 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 561 მლნ ლარით იზრდება და 6.8 მლრდ ლარი ხდება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 294 მლნ ლარით იზრდება და 2 მლრდ ლარი ხდება, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 178 მლნ ლარით იზრდება 1.3 მლრდ ლარი ხდება.
  • ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 279 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 55 მლნ ლარით. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯების კლება იწვევს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება  29.3 მლნ ლარით იზრდება და 180 მლნ ლარი იქნება. ზრდას ძირითადად ხელფასების მატება იწვევს.
  • საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მათ შორის, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება. მასწავლებლების ხელზე ასაღები ხელფასი 100 ლარით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 378 მლნ ლარით მატებას იწვევს.
  • 2023 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. პენსიის ზრდა ბიუჯეტის ხარჯების 494 მლნ ლარით ზრდას იწვევს.
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან კაპიტალური პროექტების ხარჯები 276 მლნ ლარით მცირდება და 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. კლებას ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი გრანტების შემცირება განაპირობებს. თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გაზრდილი დაფინანსების გამო, ჯამში, კაპიტალური ხარჯები 2022 წლის დონეზე შენარჩუნდება.
  • ზოგ შემთხვევებში ბიუჯეტის პროგრამების სათანადოდ შედგენა კვლავ პრობლემად რჩება. მაღალ ხარჯიანი უწყებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულებით არსებული პროგრამები და ქვეპროგრამები. მიუხედავად იმისა, რომ განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ქვეპროგრამის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლება არ არის და მას არც შესაბამისი ინდიკატორები ახლავს.
  • 2023 წელს მთავრობა 3.6 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 1.2 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. ახალი 3.6 მლრდ ლარის ვალიდან 1.4 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 2.2 მლრდ - საგარეო ვალზე.
  • 2023 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 31 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 39% იქნება. 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ვალი მშპ-ის მიმართ დაახლოებით 41%-ია.
  • 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 21.3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.5 მლრდ ლარით (7.3%-ით) მეტია. ასეთ მატებას საგადასახადო შემოსავლების 1.5 მლრდ ლარით დაგეგმილი ზრდა განაპირობებს.
  • 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს 63 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების პროგნოზირებული მოცულობა და იგი 280 მლნ ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ გრანტებშია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 83 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი ევროკავშირისგან მისაღები თანხა 145 მლნ ლარს შეადგენს.
  • პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2022 წლის გეგმაზე 100 მლნ ლარით ნაკლებია.
  • ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.3 მლრდ ლარი (მშპ-ის 2.9%) იქნება. 2022 წლის ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი მშპ-ის 3.1%-ია. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტი კანონით დაშვებულ საზღვრებშია, ის მაინც მაღალ ნიშნულზეა.
  • ბოლო წლებში მაღალ პროცენტში (10%-მდე) აღებული საშინაო ვალის გამო, 400 მლნ ლარით იზრდება მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი. 2023 წელს სესხის პროცენტის დაფარვის ხარჯი 1,155 მლნ ლარი იქნება, რაც ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მაგალითად, ვალის ძირის და პროცენტის მომსახურება (ჯამურად 2.4 მლრდ ლარი) აღემატება განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას და თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე თავდაცვის ხარჯები.
  • ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5%-ით, ხოლო 2023 წელს 5%-ით გაიზრდება. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 8.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. მომავალ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე.
  • 2023 წლისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.85 არის აღებული, წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი 3.5%-ია.

რეკომენდაციები

  • მისასალმებელია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და კანონით დაშვებულ ზღვრებს უბრუნდება, თუმცა ის მაინც მაღალია და ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე, მთავრობა მის შემცირებას უნდა ეცადოს. დეფიციტის შემცირება ფასების და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. ამასთან, იგი ეროვნულ ბანკს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაში დაეხმარება, მთავრობის ვალის ტვირთს კიდევ უფრო შეამცირებს და ქვეყნის საკრედიტო რეიტინგს გააუმჯობესებს;
  • ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასთან ერთად, მთავრობამ უნდა შეამციროს მაღალ პროცენტიანი შიდა ვალის აღება, რომლის მომსახურება ბიუჯეტის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის;
  • შემცირებული უცხოური გრანტების მნიშვნელოვნად ზრდისთვის მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსისთვის საჭირო რეკომენდაციები. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების 2014-2021 წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამ სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირისგან ყოველწლიურად დამატებით 400 მლნ ლარამდე გრანტის მიღების შესაძლებლობა მიეცემა;
  • ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად გამკაცრებას საჭიროებს პროგრამული ბიუჯეტის სწორად შედგენის კონტროლი. განსაკუთრებული ყურადღება პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნების სწორად დასახვას და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორების სწორად შერჩევას უნდა მიექცეს. დღემდე პროგრამული ბიუჯეტის პრინციპები ფორმალობად რჩება და რეალურად ის მხოლოდ ბიუჯეტის ტექნიკურ ნაწილში არის ასახული;
  • ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები, რომლებიც დანართშია მოცემული,  ბიუჯეტის შესახებ კანონის ძირითადი ტექსტის ნაწილი უნდა გახდეს.

 

1.მაკროეკონომიკური გარემო

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2022 წლისთვის ეკონომიკის 8.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ვინაიდან მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, წლიური ზრდის ტემპის 8.5%-მდე შენარჩუნება რეალური ჩანს. წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის გამო ეკონომიკურ აქტივობაზე დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნით, ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენით და რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთიდან საქართველოში გაზრდილი მიგრაციით და ფულადი გზავნილებით არის განპირობებული.

2023 წლისთვის მთავრობა ეკონომიკის 5%-ით ზრდას პროგნოზირებს, რეალურად კი რამდენით გაიზრდება 2023 წელს ეკონომიკა, ამ ეტაპზე ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ეს მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობაზე და იმ გარემოებაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთიდან ომის გამო გაზრდილი ფულადი ნაკადების საქართველოში შემოსვლა. აქედან გამომდინარე, 5%-იანი ზრდის პროგნოზი ბიუჯეტის დასაგეგმად საჭირო საორიენტაციო ნიშნულად შეიძლება ჩაითვალოს.

2023 წლისთვის აშშ დოლარის მიმართ ლარის საორიენტაციო გაცვლით კურსად 2.85 არის აღებული. წლიური ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი 3.5%-ია.

2.სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები[1]

პროექტის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 21.3 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 1.5 მლრდ ლარით (7.3%-ით) მეტია.

შემოსულობების ყველაზე მსხვილი მუხლი  - შემოსავლები 2023 წელს 17.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლისთვის დაგეგმილ შემოსავლებზე 1.4 მლრდ ლარით (9.1%-ით) მეტია.

შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებს, გრანტებს და სხვა შემოსავლებს მოიცავს. ჯამური შემოსავლების დაგეგმილ ზრდას საგადასახადო შემოსავლების 1.5 მლრდ ლარით მატება განაპირობებს. მათ შორის, 600 მლნ ლარით უნდა გაიზარდოს დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) მიღებული თანხა, 516 მლნ ლარით - საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 116 მლნ-ით - მოგების გადასახადიდან მიღებული შემოსავალი. 2023 წელს ბიუჯეტში 1.5 მლრდ ლარით მეტი საგადასახადო შემოსავლის დაგეგმვა ეკონომიკური ზრდით და ინფლაციით არის განპირობებული. ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტში 16 მლრდ ლარამდე გადასახადი უნდა შევიდეს.

63 მლნ ლარით მცირდება მისაღები გრანტების მოცულობა და იგი 280 მლნ ლარს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და სხვა სახელმწიფოთა მთავრობებისგან მისაღები გრანტები 73 მლნ ლარით მცირდება, ხოლო ცენტრალური მთავრობის საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან (სსიპ-ებიდან) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებიდან (ა(ა)იპ-ებიდან) მისაღები გრანტები 10 მლნ ლარით იზრდება.[2] ყველაზე დიდი კლება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მიმდინარე გრანტებშია. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან 83 მლნ ლარით ნაკლებ გრანტს მიიღებს, სულ კი მისაღები თანხა 145 მლნ ლარს შეადგენს. ჯამში, 2023 წელს მისაღები 280 მლნ ლარის გრანტიდან ევროკავშირზე და ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მთავრობებზე 180 მლნ ლარი მოდის, ხოლო სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მისაღებ გრანტებზე - 100 მლნ ლარი.

2023 წელს ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 15 მლნ ლარით იზრდება, რაც ჯარიმებიდან და საურავებიდან 15 მლნ ლარით მეტი მოსალოდნელი შემოსავლის მიღებით არის განპირობებული.

2023 წელს პრივატიზაციიდან (არაფინანსური აქტივების კლებიდან) 200 მლნ ლარის მიღებაა დაგეგმილი, რაც 2022 წლის გეგმაზე 100 მლნ ლარით ნაკლებია. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში პრივატიზაციის შედეგად ბიუჯეტში 132 მლნ ლარია მობილიზებული, როცა წლიური გეგმა 300 მლნ ლარია.

ფინანსური აქტივების კლებიდან, რაც ადრე გაცემული სესხების დაბრუნებას გულისხმობს, 2023 წელს ბიუჯეტში 280 მლნ ლარი შევა, რაც 2022 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე 130 მლნ ლარით მეტია.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

3.ბიუჯეტის გადასახდელები[3]

პროექტის მიხედვით, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 22.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელებზე 1.5 მლრდ ლარით (7.5%-ით) მეტია.

გადასახდელების ყველაზე მსხვილი მუხლი - ხარჯები 856 მლნ ლარით იზრდება. ეს ზრდა ადმინისტრაციული[4] ხარჯების (675 მლნ ლარით) და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯების (307 მლნ ლარით) მატებითაა განპირობებული. 

შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა 378 მლნ ლარით გაიზრდება და ჯამში ის 2.2 მლრდ ლარი იქნება, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 21%-ით მეტია. ასეთი მაღალი ზრდა განპირობებულია იმით, რომ 2023 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. მაგალითად, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასები 20%-ით იზრდება, ხოლო საჯარო სკოლების მასწავლებლების ხელზე ასაღები თვიური ხელფასი - 100 ლარით. 115 მლნ ლარით იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა თავდაცვის სამინისტროში, 116 მლნ ლარით კი - შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცვლილება შედის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სექტორში თანამდებობრივი სარგო უნდა გაიზარდოს არანაკლებ იმ პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით, რა პროცენტული მაჩვენებლითაც ბოლო 4 კვარტალში გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო შრომის ანაზღაურება. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი 25%-ით ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულ საშუალო ხელფასს.

298 მლნ ლარით (18%-ით) იზრდება საქონლის და მომსახურების შესყიდვის ხარჯები და ჯამში იგი 2 მლრდ ლარი იქნება. ზრდას მნიშვნელოვანწილად მაღალი ინფლაცია განაპირობებს, ვინაიდან სახელმწიფოს საქონლის და მომსახურების შესყიდვა გაუძვირდა.

მნიშვნელოვნად იზრდება მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი, ანუ სესხების პროცენტის დაფარვა. 2022 წელს პროცენტის დაფარვის ხარჯი 755 მლნ ლარია, ხოლო 2023 წელს 400 მლნ ლარით მეტი, 1,155 მლნ ლარი იქნება. ასეთი მატება ბოლო წლებში საშინაო ვალის მაღალ პროცენტში (10%-მდე) აღებამაც განაპირობა.

ყველაზე მეტი თანხა - 6.4 მლრდ ლარი სოციალურ ხარჯებზეა გამოყოფილი, რომელიც პენსიას, ჯანდაცვას და სოციალურ დახმარებებს მოიცავს. 2022 წელთან შედარებით, ეს ხარჯი 307 მლნ ლარით (5%-ით) იზრდება.

სოციალური ხარჯების შემდეგ ყველაზე მეტი თანხა - 4.9 მლრდ ლარი კაპიტალურ პროექტებზეა გამოყოფილი, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 276 მლნ ლარით (5.3%-ით) ნაკლებია. 4.9 მლრდ ლარის კაპიტალურ ხარჯებში შედის ადგილობრივ ხელისუფლებებისთვის გამოყოფილი 770 მლნ ლარის კაპიტალური ტრანსფერიც, რომელიც 191 მლნ ლარით მცირდება. კაპიტალური ხარჯების 27.4% დონორების მიერ დაფინანსდება.

გადასახდელები ასევე მოიცავს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალის ძირის დაფარვის მაჩვენებელს, რომელიც 2023 წელს 1.2 მლრდ ლარი იქნება. შედარებისთვის, 2022 წელს 1.1 მლრდ ლარის სახელმწიფო ვალი დაიფარება. მთავრობის ვალის მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. მაგალითად, ვალის ძირის და პროცენტის მომსახურება (ჯამურად 2.4 მლრდ ლარი) აღემატება განათლებაზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას და თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე თავდაცვის ხარჯები.

მონაცემთა წყარო: ფინანსთა სამინისტრო

4.უწყებები და პროგრამები, რომელთა დაფინანსება მნიშვნელოვნად იცვლება

2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით, ყველაზე მეტად - 561 მლნ ლარით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 6.8 მლრდ ლარს აღწევს. კერძოდ, პენსიის ხარჯი 494 მლნ ლარით იზრდება და 3.4 მლრდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება. გარდა ამისა, 50 მლნ ლარით იზრდება სახელმწიფოს მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის დაფინანსება და იგი 310 მლნ ლარს მიაღწევს. მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალურ დახმარებაზე გამოყოფილი თანხა 188 მლნ ლარით იზრდება. ეს მატება გამოწვეულია 2022 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100-დან 150 ლარამდე ზრდით და ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრდით. 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 32,677 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის სექტემბერში 660,833 შეადგინა. იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და საცხოვრებელი პირობების შექმნის პროგრამის დაფინანსება 166 მლნ ლარით იზრდება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 425 მლნ ლარით ამცირებს „კორონავირუსით“ გამოწვეული დაავადების მართვაზე („კოვიდპაციენტების” მკურნალობაზე) გამოყოფილ თანხას. 2023 წელს ამ მიმართულებით 120 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. შედარებისთვის, 2021 წელს ამ მიზნით 1.2 მლრდ ლარამდე დაიხარჯა.

294 მლნ ლარით იზრდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და ის 2 მლრდ ლარს გაუტოლდება. ზრდა ძირითადად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებზე მოდის. მასწავლებლებს 2023 წლის იანვრიდან 100 ლარით გაეზრდებათ ხელფასი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 178 მლნ ლარით იზრდება და იგი 1.3 მლრდ ლარი იქნება. სამინისტროს ბიუჯეტის ზრდას ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით მატება და ლოჯისტიკურ უზრუნველყოფაზე დამატებით გამოყოფილი 53 მლნ ლარი იწვევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 107 მლნ ლარით იზრდება და იგი 1 მლრდ ლარს გადააჭარბებს. ამ ზრდას ძირითადად პოლიციელების ხელფასის 20%-ით მატება განაპირობებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მხოლოდ 1 მლნ ლარით იზრდება, თუმცა მის პროგრამებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 184 მლნ ლარით მცირდება, ხოლო წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება 75 მლნ ლარით იზრდება. 45 მლნ ლარით იზრდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხა.

2023 წლის ბიუჯეტში თანხა აღარ არის გათვალისწინებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაზე, რომელზეც მიმდინარე წელს 170 მლნ ლარია გამოყოფილი.

იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 49 მლნ ლარით იზრდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - 29.3 მლნ ლარით, საერთო სასამართლოების კი - 11 მლნ ლარით. ბიუჯეტების ზრდის მთავარი მიზეზი ხელფასების მატებაა.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 19 მლნ ლარით იზრდება და იგი 101 მლნ ლარს გაუტოლდება. მაუწყებლის ბიუჯეტის ზრდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე ხდება, რომლის მიხედვით მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% უნდა იყოს. 2022 წლის მშპ-ზე დაყრდნობით, 2023 წელს მაუწყებელმა ბიუჯეტიდან არანაკლებ 101 მლნ ლარი უნდა მიიღოს.

ყველაზე მეტად ორი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 279 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 54.6 მლნ ლარით.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას სახელმწიფო ქონების მართვის პროგრამის 349 მლნ ლარით ნაკლები დაფინანსება იწვევს. აღნიშნულ შემცირებას თავის მხრივ სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურის განვითარების ხარჯების კლება განაპირობებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას ძირითადად ორი პროგრამის დაფინანსების კლება განაპირობებს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე 40 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე - 30 მლნ ლარით ნაკლები. ამავე დროს, 24 მლნ ლარით იზრდება შეღავათიან აგრო კრედიტებზე გამოყოფილი თანხა.