2021 წლის საარჩევნო რეფორმის შეფასება
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობამ, სახელმწიფო მწვავე კრიზისის წინაშე დააყენა. არჩევნების მიმართ უნდობლობა იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, მიღებულ მანდატებზე უარის თქმით გამოხატეს,[1] პარტია ,,მოქალაქეებმა“ კი, საპარლამენტო საქმიანობა ,,ქართულ ოცნებასთან“ გაფორმებულ მემორანდუმში ასახული საკითხების ცვლილების პირობით დაიწყო, რომელიც, მათ შორის, ეხებოდა: ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ პრობლემებს.[2]
2021 წლის თებერვლის დასაწყისში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მემორანდუმის გაფორმების შედეგად შეიქმნა, პარლამენტში მუშაობა განაახლა. ჯგუფის შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის გამო, ჯგუფმა მუშაობა მათი ჩართულობის გარეშე გააგრძელა,[3] რამაც პროცესის ინკლუზიურობაზე გავლენა მოახდინა. საარჩევნო რეფორმის პროცესის პარალელურად, 23 თებერვალს საქართველოს მთავრობამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაიწყო. დაკავების სპეციალური ღონისძიების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს ნიკა მელია, რამაც მთავრობის მიერ მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის და დემოკრატიული პროცესების შეფერხების რისკები გაზარდა.[4] ხელისუფლების აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ გამოავლინა, არსებული პოლიტიკური კრიზისის მართვის პროცესში, კონსტრუქციული პოლიტიკური ნების ნაკლებობა, რაც მიმდინარე საარჩევნო რეფორმაზეც უარყოფითად აისახა. შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად და პოლიტიკური დიალოგის განსაახლებლად აქტიური ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 28 თებერვალს საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის საფუძველზე შეიმუშავა 6 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი საარჩევნო რეფორმას ეხება. ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლს ასრულებს პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საარჩევნო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, საარჩევნო რეფორმის პროცესი ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში დაიწყო, რომელიც, ძირითადად ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ (ODIHR) 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შემუშავებული რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვას ისახავდა მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის შემადგენლობა მეტნაკლებად ინკლუზიური და გამჭვირვალე იყო, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესის გადახედვა, სოციალური ქსელებით განხორციელებული აგიტაციის რეგულირება და საარჩევნო დავების განხილვა - შეთანხმება ბოლომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულ დოკუმენტში მიმოხილულია ,,სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ერთობლივი შეფასებები და რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტია ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროდ მიგვაჩნია, წარმოვადგინოთ მოსაზრებები საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის მიზნით იმ პრობლემათა გადასაჭრელად, რომლებიც მთელი საარჩევნო ციკლის პროცესში უარყოფით გავლენას ახდენდნენ თანასწორ და თავისუფალ საარჩევნო გარემოზე. საარჩევნო რეფორმით გახსნილი დისკუსიის სივრცე შესაძლებლობას იძლევა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმ საკითხებსაც, რომლებსაც შემოთავაზებული საკანონდებლო ცვლილებების პროექტი არ ითვალისწინებს, მაგრამ საკვანძო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების შედეგების სანდოობის გაზრდის კუთხით.
[1] იხ. ინფორმაცია: https://civil.ge/ka/archives/380168
[2] იხ. ინფორმაცია: https://netgazeti.ge/news/515535/
[3] იხ. ინფორმაცია: https://bit.ly/3dSq6lY
[4] იხ. ინფორმაცია: http://bit.ly/3uy3Gg3