2021-2022 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს მაკონტროლებელი ფუნქციის შეფასება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აფასებს, თუ როგორ შეასრულა თავისი მაკონტროლებელი ფუნქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ 2021-2022 წლებში - საბჭომ 9 მექანიზმიდან 4 არ გამოიყენა.
ანგარიში მოიცავს V მოწვევის უმაღლესი საბჭოს მუშაობას - 2020 წლის არჩევნების შედეგების ცნობიდან 2022 წლის 13 ივლისის მდგომარეობით და მისი მიზანია აჭარის მთავრობის კონტროლის მექანიზმების ანალიზი. ეს მექანიზმები განსაზღვრულია აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, აჭარის უმაღლესმა საბჭომ:
- ვერ განაახორციელა აჭარის მთავრობის საქმიანობის ეფექტიანი, პროაქტიული და ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ინტერესების შესაბამისი კონტროლი;
- არ გამოავლინა პოლიტიკური ნება, შეისწავლოს საბიუჯეტო პროგრამების ეფექტიანობა და მათი გავლენა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გარემოზე;
- უმაღლესი საბჭო არ სწავლობს გაწეული ხარჯების კანონიერებას, ბიუჯეტში თანხების აუთვისებლობის მიზეზებს და არ ცდილობს, გაითვალისწინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ხარვეზები;
- მისასალმებელია, რომ წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების რაოდენობა. თუმცა რეგლამენტით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობით საბჭოს წევრთა მხოლოდ 25%-მა ისარგებლა;
- საბჭოს წევრები თანამდებობის პირთა მოსმენისას ხელმძღვანელობენ უმეტესწილად პარტიული ინტერესებით.
საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს კონსტიტუციური კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ, აჭარის უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო საქმიანობასთან ერთად, აჭარის მთავრობის საქმიანობის კონტროლი ევალება. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-14 თავში ჩამოთვლილია ის მექანიზმები, რომლებიც აჭარის მთავრობის კონტროლისთვის გამოიყენება:
- კითხვისა და შეკითხვის უფლებამოსილების განხორციელება
- მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა
- თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე დასწრება
- მინისტრის საათი
- აჭარის მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
- მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება
- ბიუჯეტის შესრულების კონტროლი
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს არ იყენებდა და აჭარის მთავრობას სრულყოფილად ვერ აკონტროლებდა. ეს გავლენას ახდენდა როგორც საბჭოს, ისე მთავრობის ფუნქციონირებაზე, კერძოდ:
- მისასალმებელია, რომ წინა საკვლევ პერიოდთან შედარებით, 3-ჯერ გაიზარდა უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის გაგზავნილი სადეპუტატო კითხვების რაოდენობა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ამ შესაძლებლობით საბჭოს 21 წევრიდან მხოლოდ 5-მა ისარგებლა. მათ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს 41 კითხვით მიმართეს - 21 შეკითხვის ავტორი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” 3 წევრი, ხოლო 20 კითხვის ავტორი “ქართული ოცნების” 2 წევრი იყო.
- ინტერპელაციის წესით შეკითხვა საბჭოს არცერთ წევრს არ დაუსვამს;
- საკვლევ პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოს საქმიანობის ანგარიში ერთხელ წარუდგინა. ეს არის კანონით განსაზღვრული ვალდებულება;
- თანამდებობის პირები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მოსმენისთვის არ მოუწვევიათ. რეგლამენტით გათვალისწინებული „მინისტრის საათი” კი 8-ჯერ ჩატარდა;
- კანონის შესაბამისად, რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალური და წლიური მიმოხილვა ჯამში 6-ჯერ მოხდა;
- უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერებაში დარღვევები არ აღმოუჩენია. შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარისთვის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით არ მიუმართავს;
- უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის მიმართ უნდობლობის საკითხი არ დაუსვამთ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება
2020 წლის მოწვევის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობა ამავე წლის 25 დეკემბერს დაამტკიცა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 15-მა დეპუტატმა: 14-მა მხარი დაუჭირა მთავრობის დამტკიცებას; 1 წინააღმდეგი იყო; „ნაციონალური მოძრაობიდან” უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ,ვისინი არჩევნების შედეგების გამო ბოიკოტს უცხადებდნენ უმაღლესი საბჭოს მუშაობას.
მთავრობის უნდობლობის გამოცხადების საკითხი
აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. მიმდინარე მოწვევის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის საკითხი არავის დაუსვამს.
კითხვისა და შეკითხვის უფლებამოსილების განხორციელება
აჭარის ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს კითხვით მიმართა დღეს მოქმედი უმაღლესი საბჭოს ხუთმა წევრმა: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ (“ქართული ოცნება”) უწყებებს კითხვით 16-ჯერ მიმართა, ასევე “ქართული ოცნების” წევრმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა - 4-ჯერ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კითხვით 21-ჯერ მიმართეს: გია აბულაძემ - 11-ჯერ, ელგუჯა ბაგრატიონმა - 9-ჯერ, გიორგი კირთაძემ - ერთხელ.
უმაღლესი საბჭოს ფრაქციას ან უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ სამკაციან ჯგუფს უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მთავრობას, მთავრობის წევრებს, რომლებიც ვალდებულნი არიან დასმულ შეკითხვას უპასუხონ პლენარულ სხდომაზე. მიმდინარე მოწვევის უმაღლეს საბჭოში ამ წესით არავის უსარგებლია.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს საქმიანობის ანგარიში 2022 წლის 7 ივნისს წარუდგინა.
სხდომა გამოირჩეოდა მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციით, ურთიერთბრალდებებით. მთავრობის თავმჯდომარე შეურაცხმყოფელ, შეუსაბამო ლექსიკას იყენებდა. ამ სხდომამ საზოგადოებაში გააჩინა საფუძვლიანი მოსაზრება, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო არა მხოლოდ ვერ ახორციელებს ეფექტურ ზედამხედველობას მთავრობაზე, არამედ ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკურ დებატებს რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში.
სხდომის თავმჯდომარემ პროცესის ნორმალიზებისთვის არ გამოიყენა რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმები, რომ მთავრობის თავმჯდომარეს შეეწყვიტა შეუსაბამო ლექსიკა და ემსჯელა მსხვილი პროექტების შესრულების გაჭიანურების, ბიუჯეტის გასაცემლების გაუხარჯაობის მიზეზების, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური, განათლების და სხვა სფეროს პრობლემების უკეთ მოგვარების გზებზე.
თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება და მათი მოსმენა
თანამდებობის პირები მიმდინარე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე არ მოუწვევიათ. შესაბამისად, მათი მოსმენა არ მომხდარა.
მინისტრის საათი
2021-2022 წლებში უმაღლეს საბჭოში რეგლამენტით გათვალისწინებული „მინისტრის საათი” 8-ჯერ ჩატარდა. მინისტრის საათის დროს უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე შესაბამისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ მოხსენებით გამოდის მთავრობის ცალკეული წევრი. ფრაქციებსა და კომიტეტებს განსახილველი საკითხების ჩამონათვალით მინისტრებისთვის წინასწარ არ მიუმართავთ.
ბიუჯეტის შესრულების კვარტალური ანგარიშის განხილვა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა 2021 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი, მეორე და მესამე კვარტლის, ასევე 2022 წლის პირველი კვარტლის მიმოხილვა.
ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა
2021 წლის 31 მარტს, აჭარის მთავრობამ უმაღლეს საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა, მოგვიანებით კი აუდიტის სამსახურმა უმაღლეს საბჭოში ამ შესრულების შეფასების დოკუმენტი (მოხსენება) წარადგინა.
აუდიტის სამსახურმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ პრობლემად რჩებოდა ბიუჯეტის დაგეგმვისას წინა წელს გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრა, რეზერვების ეფექტიანად გამოყენების საკითხი; აუდიტმა ხარვეზები გამოავლინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ საწარმოებში, კერძოდ, ამგვარი 37 საწარმოდან 2020 წელს დივიდენდი მხოლოდ 2 საწარმოს ჰქონდა გადახდილი, მნიშვნელოვანი ხარვეზები აღმოჩნდა ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი საწარმოების მენეჯმენტშიც.
აუდიტმა აღნიშნა ისიც, რომ 2020 წელს აჭარის მთავრობას ასიათასობით ლარი აუთვისებელი დარჩა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეაბილიტაციისა და სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის პროგრამებში. თანხების აუთვისებლობის ერთ-ერთ მიზეზად მთავრობა COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებს ასახელებდა, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნით, ზოგ შემთხვევაში თანხების აუთვისებლობა გამოწვეული იყო სატენდერო დოკუმენტაციისა და ზოგადად, სატენდერო პროცედურების დაგვიანებული დაწყებით.
ზოგადად, დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული საბიუჯეტო პროგრამების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე, მათი ეფექტიანობის ერთგვარ გაზომვაზე და მომდევნო წლის ბიუჯეტის გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით დაგეგმვა-განხორციელებაზე.
აუდიტმა უმაღლეს საბჭოში წლიური ბიუჯეტის შესრულებაზე მოხსენება წარადგინა 2022 წელსაც, მანამდე კი აჭარის მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა საკანონმდებლო ორგანოს.
2021 წლის ბიუჯეტის შესრულების მოხსენებაში აუდიტის სამსახური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების მიერ ავტონომიის მთავრობიდან კაპიტალური და სპეციალური ფინანსური დახმარებებიდან მათზე გადაცემული თანხების აუთვისებლობაზე მიუთითებს - 2021 წელს აჭარის მთავრობას მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი 35 მილიონ ლარამდე თანხა დაუხარჯავი დარჩა.
გამოვლენილი მნიშვნელოვანი პრობლემების მიუხედავად, აჭარის უმაღლეს საბჭოს პასუხისმგებელი პირები შესაბამისი განმარტებებისთვის არ დაუბარებია.
გარდა ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვისა, უმაღლეს საბჭოს უფლება აქვს მთავრობის მიერ ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერება გააკონტროლოს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი შეუძლია მთავრობის თავმჯდომარეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით მიმართოს. საკვლევ პერიოდში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
რეკომენდაციები
- უმაღლესმა საბჭომ უფრო აქტიურად და სრულად უნდა გამოიყენოს კონტროლის ის მექანიზმები, რომლებიც მას მიანიჭა აჭარის კონსტიტუციამ, კონსტიტუციურმა კანონმა და რეგლამენტმა; საბჭოს დეპუტატებმა და ფრაქციებმა უფრო ხშირად უნდა დაიბარონ თანამდებობის პირები, ასევე ხშირად უნდა გამოიყენონ ინტერპელაციის მეთოდები, „მინისტრის საათის” ჩატარებამდე კი შესაბამის მინისტრს წინასწარ უნდა გაუგზავნონ კითხვები, სხვა შემთხვევაში, რეგლამენტის თანახმად, მინისტრს უშუალოდ სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება არ აქვს.
- უმაღლესი საბჭო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს აუდიტის სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულების შეფასების დოკუმენტებში გამოვლენილ ხარვეზებს და პროაქტიულად გამოითხოვოს ინფორმაცია პროექტების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ;
- უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ფრაქციებმა და კომიტეტებმა მთავრობისა და ცალკეული სამინისტროების ეფექტიანი კონტროლისთვის უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რათა სრულყოფილად შეისწავლონ ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემები, მათ შორის მთავრობის სხვადასხვა უწყების არასათანადო მუშაობით გამოწვეული საჭიროებები.