ENG

2018 წლის სარეკლამო ბაზრის ანალიზი და გამოწვევები

17 ივლისი, 2019

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი ტენდენციების მონიტორინგს. ამჯერად, 2018 წლის სარეკლამო ბაზარი შევისწავლეთ, რომელიც მოიცავს ტელევიზიისა და რადიოს შემოსავლების ანალიზს, ასევე, საპრეზიდენტო საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების მიერ სატელევიზიო რეკლამის განთავსების პრაქტიკას, სარეკლამო ბაზარზე არსებულ ძირითად პროცესებსა და გამოწვევებს.

კვლევაში შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა: 

  • კერძო ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 16.8%-ით  (16.4 მილიონი ლარი) შემცირდა და 81.1 მლნ ლარი შეადგინა. კლება 2018 წელს „სხვა არასამაუწყებლო“ შემოსავლის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. კერძოდ, 2017 წლის დეკემბერში ტელეკომპანია GDS-მა ტექნიკის გაყიდვით („სხვა არასამაუწყებლო“  შემოსავლის სახით) 16 მილიონამდე ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, 2018 წლის განმავლობაში კი ამ კატეგორიაში მისმა წლიურმა შემოსავალმა მხოლოდ 38 ათასი ლარი შეადგინა. 

  • 2018 წელს ყველა ტელევიზიის სარეკლამო შემოსავალი 0.2%-ით (0.2 მლნ ლარი) შემცირდა და 75.3 მლნ ლარი გახდა. თუმცა, ცალკე კერძო ტელევიზიების შემოსავალმა 2.9%-იანი (2.2 მლნ ლარი) კლება განიცადა.

  • მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია, როგორც „რუთავი 2“-ის, ისე ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სარეკლამო შემოსავალი - ჯამში 1.8 მლნ ლარით, მათ ჰოლდინგებს ბაზარზე დღემდე დომინანტური პოზიცია უკავიათ და სარეკლამო შემოსავლების მხრივ ბაზრის 78%-მდე ფლობენ.

  • კერძო ტელევიზიებში ფინანსური შემოსავლების მხრივ ყველაზე მზარდი ტელეკომპანია „პირველია“. მისი სარეკლამო შემოსავალი, 2017 წელთან შედარებით, 35.2%-ით (840 ათასი ლარი) გაიზარდა და ქართულ ბაზარზე მესამე ადგილი დაიკავა.

  • 2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეკლამის სახით 2018 წელს 2 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო და ტელევიზიებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს დიდი სარეკლამო ზრდა სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, რაც, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ექსკლუზიურად ჩვენების დროს განთავსებულ რეკლამაზე მოდის.

  • ჯამში წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამაში, დაახლოებით, 8 მლნ ლარი დაიხარჯა. პოლარიზებულია წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო  კანდიდატების მიერ სატელევიზიო რეკლამის განთავსების საკითხი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რეკლამის დიდი ნაწილი ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგში განათავსა, ხოლო „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“  კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - „რუსთავი 2-ზე“. გრიგოლ ვაშაძეს „იმედში“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია. 

  • ტელევიზიების შემოსავლების მსგავსად, შემცირებულია რადიოს შემოსავლებიც. კერძოდ, ჯამური შემოსავლები 9.7%-ით (1 მლნ ლარი) ნაკლებია, ხოლო სარეკლამო  - 1%-ით (84 ათასი ლარი). ყველაზე შემოსავლიანი რადიო კვლავ ჰოლდინგი „ფორტუნაა“, რომელიც რამდენიმე რადიოს აერთიანებს.