19 ოქტომბერი: გარდაბანში მასწავლებლის დღის აღნიშვნისას ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენება - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

19 ოქტომბერი: გარდაბანში მასწავლებლის დღის აღნიშვნისას ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო აგიტაციისთვის გამოყენება

  • QvemoQartli.ge საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, გარდაბანში მასწავლებლის ეროვნული დღე ოფიციალური თარიღის (27 ოქტომბერი) ნაცვლად 19 ოქტომბერს აღნიშნეს. წყაროს ინფორმაციით, ეს ღონისძიება ორგანიზებული იყო მერიის მიერ, ესწრებოდა ყველა სკოლის მასწავლებელი და გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ ფერებში შესრულებული ბანერები. მასწავლებლებს გადასცეს საჩუქრები, რომელსაც თან ახლდა ლურჯი ბარათი „41“ ნომრით და მისალოცი ტექსტით ვიცე გუბერნატორ გიორგი შინჯიკაშვილისა და პარლამენტის წევრისა და მმართველი პარტიის მოქმედი საპარლამენტო კანდიდატის - სავალან მირზოევის სახელით. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების შესახებ საკუთარ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია განათავსეს გიორგი შინჯიკაშვილმა და გარდაბნის მერმა დავით კარგარეთელმაც, რომელმაც დაადასტურა ამ ღონისძიების ზემოხსენებული პირების მხარდაჭერით ჩატარების ფაქტი.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, დაუშვებელია საბიუჯეტო თანხებით დაფინანსებული ღონისძიებების გამოყენება საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბანერების განთავსება და ფლაერების გავრცელება წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებით წინასაარჩევნო აგიტაციას და აგრეთვე აჩენს აღქმას, რომ ღონისძიება არის მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული. ასეთი ქმედება საარჩევნო კოდექსის მიხედვით ითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად და 4000 ლარამდე ჯარიმით ისჯება.

print