გურჯაანის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გივი რამაზაშვილის დაუდეკლარირებელი ქონება და თანამდებობრივი შეუთავსებლობა
2024 წელს შევსებულ დეკლარაციაში გივი რამაზაშვილი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა, უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად არ უთითებს. გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, მან არ დატოვა დირექტორის პოზიცია ორ კომპანიაში და ბიზნეს წილები მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა.

დარღვევა I – დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება: გივი რამაზაშვილმა დეკლარაციაში არ ასახა გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მის თანა-საკუთრებაში არსებული 11,472 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
დარღვევა II – დაუდეკლარირებელი სამეწარმეო საქმიანობა და შემოსავალი: საკრებულოს წევრმა არ დაადეკლარირა ინდივიდუალური მეწარმეობის სტატუსი, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს სოფლის განვითარების სააგენტოსგან 72,341 ლარის შეღავათიანი კრედიტი მიიღო. აღნიშნული სააგენტოსგან მას 2021 წელსაც აქვს მიღებული 21,781 ლარის კრედიტი.
დარღვევა III – თანამდებობრივი შეუთავსებლობა: რამაზაშვილი დირექტორის პოზიციას იკავებს ორ კომპანიაში: შპს დაგი და შპს აგრობუმი, რაც “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონით თანამდებობრივი შეუთავსებლობაა.
დარღვევა IV – თანამდებობის პირისთვის აკრძალული სამეწარმეო საქმიანობა: გივი რამაზაშვილი სამ კომპანიაში ფლობს წილებს, რომლებიც მართვის უფლებით მესამე პირისთვის არ აქვს გადაცემული. რამაზაშვილი შპს დაგის, შპს აგრობუმისა და შპს სტოუნის 100%-იანი წილის, და შპს მეგობრობა 2018-ის 33.3%-იანი წილის მფლობელია. კანონის თანახმად, გივი რამაზაშვილს ეკრძალება საწარმოს წილის მართვა.
დარღვევა V – თანამდებობის პირისთვის აკრძალული ანაზღაურებადი სამუშაო: გივი რამაზაშვილის დეკლარაციის თანახმად, მან კონკრეტული კომპანიებისთვის მომსახურების გაწევის სანაცვლოდ ანაზღაურების სახით ჯამში 59,800 ლარი მიიღო. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონთან, რომლის თანახმადაც საჯარო მოსამსახურეს არ აქვს უფლება ასრულებდეს საჯარო სამსახურის გარდა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს.
რამაზაშვილის კომპანიები სახელმწიფოსგან გამარტივებულ შესყიდვებსაც იღებენ, კერძოდ: 2017-2024 წლებში შპს დაგმა ჯამში 39,610 ლარის, ხოლო 2020-2023 წლებში შპს აგრობუმმა და შპს მეგობრობა 2018-მა ჯამში 11,433 ლარის კონტრაქტები გააფორმეს.
საყურადღებოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ 2020 წელს უკვე დააჯარიმა გივი რამაზაშვილი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო. საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიშში შემდეგი დარღვევებია ჩამოთვლილი:
- მონიტორინგის პროცესში ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;
- დეკლარაციაში არ არის მითითებული თანამდებობის პირის და მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება;
- მითითებული არ არის თანამდებობის პირის მოძრავი ქონება;
- მითითებული არ არის თანამდებობის პირის საბანკო ანგარიში;
- მითითებული არ არის ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, გივი რამაზაშვილი, როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს გივი რამაზაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.