რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე: ხშირად დასმული კითხვები - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

რა უნდა ვიცოდეთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე: ხშირად დასმული კითხვები

16 აპრილი, 2013

ვისთვის არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა აზღვევს ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა არადაზღვეულ პირს. თუ თქვენ არ ხართ უკვე დაზღვეული, არ ხართ საპენსიო ასაკის, სტუდენტი, არ ხართ უმწეოთა კატეგორიაში, ანუ არ გაქვთ 70,000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა,  მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, რომელიც ა/წ 28 თებერვალს დაიწყო. 

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ?

გეგმიური ამბულატორული მომსახურების მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებაში.  თქვენ უფლება გაქვთ თავად აირჩიოთ პროგრამაში მონაწილე ჯანდაცვის დაწესებულება (პოლიკლინიკა). თუ არ იქნებით კმაყოფილი, არჩეული სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეგიძლიათ 2 თვეში ერთხელ. თქვენ უფლება გაქვთ, რეგისტრირებული იყოთ პროგრამაში მონაწილე მხოლოდ ერთ ჯანდაცვის დაწესებულებაში.

რა შედის გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაში?

გეგმიურ ამბულატორიული მომსახურებაში შედის:

ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება:

  • პროფილაქტიკური აცრები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული ღონისძიებები;
  • დაავადებათა დიაგნოსტიკა, მართვა და რეფერალი საჭიროების შესაბამისად;
  • ლაბორატორიული გამოკვლევები ექსპრეს დიაგნოსტიკური მეთოდით: შარდის ანალიზი, გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
  • ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
  • განუკურნებელ და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე (კომპეტენციის ფარგლებში).

ექიმის დანიშნულებით ამბულატორიულ დონეზე კლინიკურ ლაბორატორიული გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი.

როგორ დავრეგისტრირდეთ გადაუდებელი მომსახურების მისაღებად?

გადაუდებელი სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად  რაიმე სახის წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. შესაბამის რეგისტრაციას შეტყობინების სახით აკეთებს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხვდება პაციენტი.

რა შედის გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაში?

გადაუდებელი ამბულატორია მოიცავს ისეთი გადაუდებელი მდგომარეობის მართვასა და სტაბილიზაციას, რაც არ საჭიროებს სტაციონარში 24-საათიან დაყოვნებას. წინასწარ განსაზღვრულია მდგომარეობების სია, რომელთა გადაუდებელ ამბულატორიულ მართვას დაფარავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს მდგომარეობები მოიცავს ტრავმებს, მოტეხილობებს, ჭრილობებს, თერმულ დაზიანებებს (დამწვრობა/მოყინვას), მოწამვლა/ინტოქსიკაციას, ცხვირიდან სისხლდენას, ალერგიის მართვას ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის დროს, შარდის შეკავებას, მწვავე ლარინგიტს (კრუპს), გულსისხლძარღვთა დაავადებებს (ჰიპერტონულ კრიზს, გულის რითმის დარღვევებს) და სხვადასხვა სახის მწვავე ტკივილს.

რა შედის გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში?

პროგრამა ითვალისწინებს ისეთი მდგომარეობების დაფინანსებას, როდესაც დაუყოვნებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე, მოსალოდნელია ორგანოს ან/და კიდურის დაკარგვა ან პაციენტის გარდაცვალება რამდენიმე საათში. განსაზღვრულია 450-ზე მეტი მდგომარეობა, რომელთა შემთხვევაშიც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევას.

პროგრამა ასევე მოიცავს ინტენსიურ თერაპიას და კრიტიკული მდგომარეობების მართვას. გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებისათვის დაწესებულია მაქსიმალური ლიმიტი ერთ შემთხვევაზე შეადგენს 15,000 ლარს.

ითვალისწინებს თუ არა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა მედიკამენტების ანაზღაურებას?

პროგრამა ანაზღაურებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რაც გადაუდებელი სტაციონარული და გადაუდებელი ამბულატორული მომსახურების შესაბამის დაწესებულებაში გაწევის პროცესშია საჭირო. გეგმიური ამბულატორული მომსახურების ფარგლებში მედიკამენტების ანაზღაურება არ ხდება არც სამედიცინო დაწესებულების შიგნით და არც მის გარეთ.

ითვალისწინებს თუ არა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა თანაგადახდას პაციენტის მხრიდან?

მომსახურება ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

როგორ ხდება მშობიარობის ანაზღაურება?

მშობიარობის ხარჯების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013  წლის 1 ივლისიდან განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ეცნობება მოსახლეობას. დღეისთვის კი „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ ხორციელდება მაღალი რისკის ორსულთა და მელოგინეთა მკურნალობა.

გაგრძელდება თუ არა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვა პროგრამები?

დიახ, გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა:

  • დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი;
  • პროფესიულ დაავადებათა პრევენცია.
  • იმუნიზაცია;
  • ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება;
  • ინფექციული დაავადებების მართვა;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;
  • დიაბეტის მართვა;
  • ტუბერკულიოზის მართვა;
  • აივ-ინფექცია/შიდსი;
  • ნარკომანია;
  • დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია;
  • უკურნებელ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა;
  • იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
  • სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება;
  • სოფლის ექიმი;
  • რეფერალური მომსახურება;
  • სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება;
  • ეპიდზედამხედველობის პროგრამა;
  • უსაფრთხო სისხლი.

სად შეიძლება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დაწვრილებითი  ინფორმაციის მიღება?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული გეგმიური, გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების სრული ჩამონათვალი მოცემულია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, რაც შეგიძლიათ იხილოთ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე: www.matsne.gov.ge ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე: www.moh.gov.ge.

healthcare