ENG

საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოს მოქალაქეები სასამართლოს, მედიას და პარლამენტს ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტებად მიიჩნევენ

09 ივლისი, 2013

თბილისი, 2013 წლის 9 ივლისი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალი გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 4% ადასტურებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია (2010 წლის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 3%-მა უპასუხა ამ კითხვას დადებითად). კვლევაში შესული 107 ქვეყნიდან საქართველოში ქრთამის გადახდის  ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ოთხი გამოკითხულიდან ერთ ადამიანზე მეტი (27%) აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი გადაუხდია.

მიუხედავად ამ შედეგისა, კორუფცია საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის ისევ პრობლემად რჩება. გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის ფარგლებში, 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული გამოკითხვისას, შეკითხვაზე „რომელ ინსტიტუტს მიიჩნევთ ყველაზე კორუმპირებულად?“, რესპონდენტების 51%-მა სასამართლო დაასახელა. შემდეგ ადგილზე გამოკითხულთა 42%-ით მედია არის, ხოლო პარლამენტს გამოკითხულთა 34% მიიჩნევს კორუმპირებულ ინსტიტუტად. ნაკლებად კორუმპირებულ ინსტიტუტებად დასახელდა რელიგიური ორგანიზაციები (გამოკითხულთა 81% ამბობს, რომ ეკლესია არ არის ან ნაკლებად კორუმპირებულია), ჯარი (73%) და არასამთავრობო ორგანიზაციები (71%).

„კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სასამართლო სისტემაში დაწყებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ასევე გვჭირდება პროკურატურის რეფორმირება. პროკურატურა ძლიერი ინსტიტუტია და ის ხელისუფლებისგან სრული დამოუკიდებლობით უნდა გამოირჩეოდეს. დღეს საქართველოს პროკურატურა საკმაოდ ხშირად პოლიტიზირებულია. მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლოს ნდობა უნდა ჰქონდეთ,“ – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში საჯარო სექტორში ნეპოტიზმი ისევ პრობლემად რჩება: კითხვაზე, რამდენად საჭიროა პირადი კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისას, გამოკითხულთა 38% პასუხობს, რომ ასეთი კონტაქტები მნიშვნელოვანია; 15% თვლის, რომ ასეთი კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ 28% მიიჩნევს, რომ პირადი კონტაქტები მნიშვნელოვანი არაა.

შეკითხვაზე, როგორ მოიქცეოდნენ კორუფციის ფაქტის გამოვლენისას, ქართველი რესპონდენტების 63% აცხადებს, რომ ისინი ასეთ ფაქტს გაასაჩივრებდნენ. მათი 49% პროცენტი ამბობს, რომ ოფიციალურ ცხელ ხაზზე დარეკავდა (რომელიც საქართველოში არ არსებობს). გამოკითხულთა დიდი ნაწილი, ვინც ამბობს, რომ კორუფციის ფაქტის აღმოჩენისას არაფერს მოიმოქმედებდა, ამბობს, რომ ხმის ამაღლებას კორუფციის წინააღმდეგ აზრი არ აქვს (46%); მეოთხედზე მეტი აცხადებს, რომ არ იცის, ვის და როგორ უნდა შეატყობინოს კორუფციის ფაქტის შესახებ, ხოლო 21% ამბობს, რომ სიფრთხილის გამო შეიკავებდა თავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დაკვეთით, საქართველოში გამოკითხვა ჩაატარა გამოკითხვებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა IPM-მა, რომელმაც პირისპირ გამოკითხა საქართველოში მცხოვრები 1,000 მოქალაქე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა) 2012 წლის სექტემბერში. გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელსაც ბერლინში მდებარე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნო ახორციელებს, ერთადერთი გამოკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკვლევს საზოგადოებრივ აზრს კორუფციაზე. 2013 წლის გლობალური კორუფციის ბარომეტრი 107 ქვეყანაში 114,270 ადამიანის შეხედულებებს და გამოცდილებებს ასახავს.