განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით

23 ივნისი, 2016

 

შეშფოთებას გამოვთქვამთ, 22 ივნისს „რუსთავის 2“-ის სასამართლო დავის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც აღნიშნული პროცესში პოლიტიკური ინტერესისა და გავლენის არსებობაზე მიუთითებენ.   კერძოდ, საუბარია სასამართლოს მიერ პროცესის მიზანმიმართულად დაჩქარებაზე, რომლის შედეგს, „რუსთავის 2“-ისათვის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში  გასაჩივრების საერთო ვადის შემცირება წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, დაჩქარებული წესით  ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება  ფოსტით გაუგზავნა მხარეებს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების ჩაბარება არ არის სასამართლოს ვალდებულება და ის თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს. სასამართლოს ამგვარი ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს მხარის შესაძლებლობის შეზღუდვას მაქსიმალურად გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და გადაწყვეტილების გასაჩივრება ვადის სრულად გამოყენების შემდგომ მოახდინოს.  შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ  აღნიშნული ქმედებით სააპელაციო სასამართლოს „რუსთავის 2“-ს შესაძლებელზე 18 დღით ნაკლები ვადა განესაზღვრა გადაწყვეტილების უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებისთვის.

მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად:  “თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.”

კანონმდებლობის მიხედვით, მხარეთა უფლებაა სრულად გამოიყენონ მოცემული ვადა, და გადაწყვეტილება 20-დან   30 დღემდე  პერიოდის  განმავლობაში, მათ შორის 30-ე დღეს  ჩაიბარონ.  „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ასევე ძმები ყარამანაშვილების, და ტელეკომპანია “საქართველოს” ადვოკატების განცხადებით, მათი მხარე სწორედ ამას გეგმავდა, რათა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების 21 დღიანი ვადის ათვლა რაც შეიძლება გვიან დაწყებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ასეთ მოკლე ვადაში გადაწყვეტილების დასაბუთების მომზადება და ამ გადაწყვეტილების პროაქტიულად ჩაბარება უპრეცედნტო ფაქტია. სასამართლოს ასეთი ქმედება არც ერთ სხვა საქმეზე არ განუხორციელებია.  ამ, და განსაკუთრებით  პირველ ინსტანციაში, საქმის მოსმენისას დაფიქსირებული დარღვევების ფონზე,  დასტურდება ეჭვი  სასამართლოს საქმიანობაზე შესაძლო პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით, რაც, მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. წინასაარჩევნოდ, ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გარშემო მოვლენათა ისეთი განვითარება, რომელმაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, დააზიანებს ქვეყანაში პლურალისტულ მედია გარემოს და დემოკრატიის ხარისხს.

print