ENG

ღია მმართველობა როგორც საქართველოს პრიორიტეტი

23 იანვარი, 2014

ღია მმართველობის პარტნიორობა  საერთაშორისო ინიციატივაა, რომელსაც მთავრობები ნებაყოფლობით უერთდებიან და რიგ ვალდებულებებს კისრულობენ მისი მთავარი მიზნების შესასრულებლად. ეს მიზნებია: მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით.

საქართველო აღნიშნულ ინიციატივას 2011 წლის აგვისტოში შეუერთდა და 2012 წლის აპრილში მთავრობამ უკვე პირველი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა, რომელშიც ჩამოთვლილი იყო ის კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანაში ღია მმართველობის ძირითადი პრინციპების დანერგვას შეუწყობდა ხელს. მთავარი აქცენტი გაკეთდა საჯარო მომსახურებასა და ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში; ასევე, სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა  და შესაბამის საჯარო უწყებებთან კოორდინაცია იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა. პირველი სამოქმედო გეგმის შესახებ ჩვენი კვლევა იხილეთ აქ.

ამჟამად გვსურს მთავრობის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ პირველი სამოქმედო გეგმის მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ჯამფსტარტ საქართველო“. აღნიშნული ორგანიზაციები დღესაც აქტიურად არიან ჩართულნი იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ ღია მმართველობის ფორუმის მუშაობაში, რომელიც ამ სფეროში ძირითად მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს. ეს ორგანიზაციები რეგულარულად აწვდიან მთავრობას რეკომენდაციებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც ღია მმართველობის შესახებ საზოგადოების დაბალ ცოდნასა და ინტერესს და ასევე ხელისუფლების უმაღლესი შტოებიდან ამ ინიციატივის არასაკმარის მხადაჭერასა და პასუხისმგებელ საჯარო უწყებებს შორის არასათანადო კოორდინაციას უკავშირდება. დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდგომ, ფორუმის მუშაობა ამა წლის 15 იანვარს განახლდა და 5 თებერვლიდან მისი შეხვედრები როგორც უწინ, კვლავ ყოველთვიურად ჩატარდება.

ამჟამად, ფორუმის მთავარი ამოცანაა მთავრობის მეორე სამოქმედო გეგმის პროექტის მომზადებაში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მთავრობა ვალდებულია 2014 წლის 30 აპრილამდე წარმოადგინოს მეორე სამოქმედო გეგმის პირველი პროექტი, ხოლო ამავე წლის 15 ივნისს – საბოლოო დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგი უნდა იყოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ გვსურს შევახსენოთ მთავრობას ღია მმართველობის პარტნიორობის წესები სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით და წარმოვადგინოთ შესაბამისი რეკომენდაციები, რაც ვფიქრობთ რომ ხელს შეუწყობს ამ პროცესის წარმატებით ჩატარებას:

  • საქართველოს პრემიერ მინისტრმა პირადად უნდა გამოუცხადოს მხარდაჭერა ღია მმართველობის პარტნიორობის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს და უზრუნველყოს ამ პროცესის ირგვლივ ყველა სამთავრობო უწყებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი რეგულარულად უნდა ესწრებოდეს ღია მმართველობის ფორუმის შეხვედრებს და უზრუნველყოს პრემიერ–მინისტრის პოზიციის წარმოდგენა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით;
  • ფორუმის მუშაობაში მთავრობამ ყველა შესაბამისი საჯარო უწყებისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები უნდა ჩართოს (მაგ: სპეციალიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, აკადემია, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები), რაც უზრუნველყოფს ახალ სამოქმედო გეგმაში სხვადასხვა პერსპექტივის ასახვას;
  • ღია მმართველობის პარტნიორობის წესების მიხედვით, მთავრობა ვალდებულია შექმნას ონლაინ პორტალი, სადაც გამოქვეყნდება სამოქმედო გეგმის ირგვლივ საჯარო კონსულტაციების გეგმა და გრაფიკი;
  • საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონებში, მოქალაქეებს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია კონკრეტული კონსულტაციის ჩატარების მიზნის, დროისა და ადგილის, ასევე კონსულტაციის ჩატარების მეთოდის შესახებ (ონლაინ ან პირადი შეხვედრა);
  • საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაცია უნდა შეჯამდეს და გამოქვეყნდეს ზემოთ აღნიშნულ ონლაინ პორტალზე, რათა იგი ყველა დაინტერესებული მხარისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

ჩვენ გვჯერა რომ აღნიშნული ზომების გატარება ხელს შეუწყობს საქართველოში ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრებას და მთავრობის მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში საზოგადოების ინტერესისა და ჩართულობის გაზრდას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში და უზრუნველყოფს საზოგადოების რეგულარულ ინფორმირებას მისი მიმდინარეობის შესახებ.

Author: ლაშა გოგიძე