ENG

როგორია კორუფციის დონე საქართველოში?

22 იანვარი, 2014

2013 წლის ოქტომბერში, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით, საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის მონაწილე 1918 რესპონდენტს, სხვა კითხვებთან ერთად, ისიც ჰკითხეს, მოსთხოვეს თუ არა მათ ქრთამი საჯარო მომსახურების სანაცვლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გასული ერთი წლის მანძილზე. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი რესპონდენტების მხოლოდ 3 პროცენტმა გასცა. ეს შედეგი ემთხვევა მიმდინარე წლის ზაფხულში გამოქვეყნებული „კორუფციის გლობალური ბარომეტრის“ კვლევის შედეგებს, სადაც ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტმა გასცა.

ეს კვლევები (რომლებსაც „კოურფციის გამოცდილების კვლევებს“ უწოდებენ) ცხადად მიუთითებს, რომ წვრილმანი კორუფციისა და მექრთამეობის პრობლემა საქართველოში დიდწილად გადაჭრილია. თუმცა ქვეყანაში კორუფციის დონის შესახებ უფრო შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება მხოლოდ ასეთი კვლევების საფუძველზე რთულია, რადგანაც საჯარო მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი ქრთამი კორუფციის ერთადერთი სახეობა არ არის. არსებობს კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები, რომლებთან უშუალოდ შეხება მოქალაქეების უმრავლესობას ყოველდღიურ ცხოვრებაში არ აქვს, თუმცა ეს ფორმები მეტად საზიანოა მთლიანად ქვეყნისთვის.

ამის გათვალისწინებით, კორუფციის საკითხით დაკავებული ორგანიზაციები (კორუფციის გამოცდილების კვლევების პარალელურად) ე.წ. „კორუფციის აღქმის კვლევებსაც“ წარმოებენ. ასეთი კვლევები, როგორც წესი, იმ ადამიანების მოსაზრებებს ემყარება, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ განსაკუთრებულ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებულ სფეროებთან (მაგ. სახელმწიფო შესყიდვები, პრივატიზაცია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, საგადასახადო სისტემა და ა.შ.) და პროფესიულ ცოდნას ფლობენ ამ დარგებში. ერთ-ერთი ასეთი კვლევაა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ყოველწლური კორუფციის აღქმის ინდექსი. ამ კვლევის უახლესი შედეგები 2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და საქართველომ 49 ქულა მიიღო 100-ქულიან შკალაზე (სადაც 0 კორუფციის აღმის ყველაზე მაღალ, ხოლო 100 - კორფუციის აღქმის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აღნიშნავს). ეს შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ, მიუხედავად ბოლო ათლწეულში მიღწეული პროგრესისა, შესაბამისი დარგების სპეციალისტების მოსაზრებით, კორუფციის კომპლექსური ფორმები კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში.

კორფუციის კვლევების სფეროში მესამე მიდგომაც არსებობს. ამ შემთხვევაში (განსხვავებით კორუფციის გამოცდილებისა და კორუფციის აღქმის კვლევებისგან) კვლევა ფოკუსირებულია ქვეყნის ანტიკორფუციული სისტემის სიძლიერის შეფასებაზე. ანტიკორუფციული სისტემა მოიცავს ყველა (სახელმწიფო და არასახელმწიფო) ინსტიტუტს, რომლების გარკვეულ როლს ასრულებენ კორუფციის პრევენციის მხრივ. ეს ინსტიტუტების ქვეყნის „იმუნურ ისტემას“ წარმოადგენენ, რომელიც მას კორუფციისგან იცავს. შესაბამისად, ამ ინსტიტუტების მდგომარეობის შეფასება საშუალება გვაძლევს დადავდგინოთ, თუ რამდენად არის ქვეყანა დაცული კორუფციისგან. საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2011 წელს გამოაქვეყნა, ხოლო 2014 წლის შემდგომაზე ამ კვლევის განახლებულ ვერსიას შემოგთავაზებთ. 2011 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფციის საფრთხეები უმთავრესი წყარო აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა იყო, რაც მაკონტროლებელი ინსტიტუტების (პირველ რიგში, პარლამენტისა და სასამართლოს) სისუსტით იყო გამოწვეული და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობებს ქმნიდა.

ქვეყანაში კორუფციის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, აგრეთვე, იმ კონკრეტულ სფეროებზეა ფოკუსირებული კვლევები, სადაც კორუფციის რისკი, როგორც წესი, შედარებით მაღალია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქათველოს“ მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშები სახელმწიფო შესყიდვების, აგრეთვე პოლიტიკსა და ბიზნესის კავშირების შესახებ, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოს საჯარო სექტორის ცალკეულ სეგმენტებში კვლავაც კორუფციის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს, რაც, თავის მხრივ, შემდგომი ანტიკორუფციული რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სამი მიდგომიდან ცალკე აღებული არც ერთი არ გვაძლევს ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის სრულ სურათს. ამდენად, მიზანშეწონილია სამივე ტიპის კვლევების შედეგების კომპლექსურად განხილვა, როდას ქვეყანაში კორუფციის დონის შეფასებას ვცდილობთ.

Author: ერეკლე ურუშაძე