ENG

რა პირობებში ცხოვრობენ ეკომიგრანტები შავღელეში

19 სექტემბერი, 2013

სოფელი შავღელე ხობი-ფოთის გზაზე, მდინარე რიონის ნაპირას მდებარეობს. გზიდან 6 კილომეტრით დაშორებული დასახლება სეზონური წვიმიანობის დროს იტბორება, მწყობრიდან გამოსულია სანიაღვრე სისტემა, წყალსაქაჩი განადგურებულია. ნესტისა და დატბორვის შიშით, საცხოვრებლად სახლების მეორე სართულს იყენებენ.

130 კომლიანი სოფელი 1989 წელს მეწყერისგან დაზარალებული აჭარელი ეკომიგრანტებით არის დასახლებული. ხულოდან, ქედადან და შუახევიდან ჩამოსახლებული ოჯახები საბჭოთა ხელისუფლებამ უხარისხოდ აშენებულ შენობებში შეასახლა. სახლების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, სახურავები განადგურების პირასაა. ნესტი და ჭაობი ხშირად აქაურების ქრონიკური დაავადებების მიზეზია. სოფელში არ მოქმედებს სამედიცინო პუნქტი, სასწრაფო დახმარების მანქანას კი გამოძახების ადგილზე მისასვლელად ამორტიზებული გზების გამო რამდენიმე საათი სჭირდება.

შავღელელების დიდი ნაწილის შემოსავლის ძირითადი წყარო თურქეთში მუშაობის სამი თვის მანძილზე მიღებული ანაზღაურებაა. სოფლის რწმუნებულის თქმით, ყოველწლიურად 120-ზე მეტი მოსახლე მეზობელ სახელმწიფოში სამუშაოს საძებნელად გადადის.

“ჩაის ვკრეფთ, მეტი სად უნდა ვიმუშაოთ, თურქული ჩვენ არ ვიცით და ისედაც, კაცების სამუშაო მანდ ძალიან ჭირს”, - ამბობს 41 წლის მერაბ ქამადაძე, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ ყოველთვიური ფულად-სოციალური დახმარება დანიშვნიდან 2 თვეში გაუუქმა. მიზეზად სააგენტომ ქამადაძის ყულევის ტერმინალზე 2 თვით დასაქმება დაასახელა - შემდუღებლის პოზიციაზე მუშაობისას მერაბ ქამადაძემ ხელზე ყოველთვიური ანაზღაურების სახით 150 ლარამდე მიიღო. შავღელეს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნუგზარ ჭაღალიძემ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელს უთხრა, რომ სახელმწიფო დახმარებას 32 ოჯახი იღებდა, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთა მორიგი ვიზიტის შემდეგ კი მათგან მხოლოდ 6 ოჯახს შეუნარჩუნდა. გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით გაგზავნილმა არცერთმა წერილმა შედეგი არ გამოიღო.

თურქეთში მუშაობის გარდა, ადგილობრივები თავს მესაქონლეობითაც ირჩენენ, თუმცა საძოვრების სიმცირის გამო მსხვილფეხა პირუტყვის გამოკვება ჭირს. მცირემიწიანობის გამო კი სოფლის მეურნეობა არამომგებიანია.

ერთადერთი პროექტი, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით შავღელეში განხორციელდება, საბავშვო ბაღის მშენებლობაა. ამისთვის სახელმწიფო პროგრამით 25 581 ლარი გამოიყო, რასაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსება - 30 ათასი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალ წელს შავღელეში 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი უნდა გაიხსნას. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბადრი ჯობავამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელს უთხრა, რომ 55 ათასი ლარი საკმარისია საბავშვო ბაღის ასაშენებლად. მისივე თქმით, უკვე არსებობს შენობის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.

ბადრი ჯობავამ ისიც დაამატა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიმდინარე წელს შავღელეში ამბულატორიაც უნდა გაიხსნას.  რაც შეეხება არხების გაწმენდის საკითხს, ჯობავა აცხადებს, რომ არხები მელიორაციის სამსახურის საკუთრებაა და მათი რეაბილირაცია სწორედ ამ სახელმწიფო უწყების უფლებამოსილებაა.

მძიმე მდგომარეობაშია სოფლის სკოლაც, რომელსაც რემონტი და ინვენტარის განახლება სჭირდება. პრობლემაა ტრანსპორტთან დაკავშირებითაც - დღეში სამარშრუტო ტაქსის მხოლოდ ერთი რეისი შავღელე-ფოთის მიმართულებით არ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნებს: შავღელელები მწირი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გატანასაც ვერ ახერხებენ ფოთისა და ხობის საკოლმეურნეო ბაზრებზე.

ვფიქრობთ, რომ ხობის მუნიციპალიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გამოინახოს რესურსი შავღელეს მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად. მიზანშეწონილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს შავღელე-ფოთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ასევე უნდა დაჩქარდეს, სოფელში ამბულატორიის გამართვის საკითხი - საექიმო მომსახურებისა არარსებობა და მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა საფრთხეს უქმნის ადამიანთა არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც კი.

“საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველო” განაგრძობს რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მონიტორინგს და საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის გაცნობას.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“