ENG

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით „საქართველოს ფოსტა“ უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდა

26 მარტი, 2013

2013 წლის 25 იანვარს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის №30 ბრძანება. ამ ბრძანების საფუძველზე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები განხორციელდა, რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ წერილით მომართა ადგილობრივ მეწარმეთა ჯგუფმა, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწევიან. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან და, უფრო მეტიც, მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. მეწარმეებმა ეჭვი გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული რეგულაციები მათი  ბაზრიდან განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. ამ კომპანიაში ისინი „საქართველოს ფოსტას“ გულისხმობდნენ.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ საბაჟოზე ამ მხრივ არსებული პრობლემების მოკლე ანალიზი წარმოგვედგინა.

1. რას გულისხმობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება და რა პრობლემებს შეიცავს ახალი ნორმები

ბრძანების ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომლებიც მცირე და საშუალო გადამზიდველების საქმიანობისთვის მართლაც ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქნეს მიჩნეული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, საქონლის გადამზიდველს, იმისათვის, რომ მან საქმიანობის გაგრძელება შეძლოს, საქართველოს შემოსავლების სამსახურის „სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაციის მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში“ დაშვება მოეთხოვება. საქართველოს შემოსავლების სამსახური კი გადამზიდველს აღნიშნულ დაშვებას მხოლოდ მაშინ მისცემს, თუ ის, სხვა პირობებთან ერთად, აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გადამზიდველს აქვს საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია. მიგვაჩნია, რომ ეს ბაზარზე შესასვლელ ფორმალურ ბარიერს ქმნის და ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების მსურველ ახალ მეწარმე სუბიექტს არათანაბარ პირობებში აყენებს. კერძოდ, ეს  ნორმა შეუძლებელს ხდის ახალჩამოყალიბებული გადამზიდველის მიერ საქმიანობის დაწყებას. გარდა ამისა, აღნიშნული მოთხოვნა სუბიექტური შეფასების რისკებს ქმნის, რაც ასევე არ არის მიზანშეწონილი;  

ბ) გადამზიდველს აქვს საბაჟო საწყობი. ჩვენთვის გაურკვეველია, რატომ მოეთხოვება გადამზიდველს საბაჟო საწყობის ქონა მაშინ, როცა მას საბაჟო საწყობის მომსახურებით სარგებლობა საკონტრაქტო პირობების საფუძველზედაც შეუძლია. ეს ნორმა არ აზუსტებს, საკმარისია თუ არა, რომ გადამზიდველი საკონტრაქტო მომსახურებით იღებდეს საბაჟო საწყობის მომსახურებას, რათა საქმიანობის გაგრძელება შეეძლოს. საბაჟო საწყობს ძირითადად მცირე და საშუალო გადამზიდველები ქირაობენ, რადგანაც მათ არ აქვთ ძვირად ღირებული სასაწყობო ინფრასტრუქტურის ფლობის შესაძლებლობა. ასეთი გადამზიდველები უმეტესად საქართველოში არსებულ საბითუმო ბაზრებს (მაგალითად, ლილოს ბაზრობას) ამარაგებენ;

გ) გადამზიდველს აქვს საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს საქონლის წინასწარი დეკლარირება სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით. თუმცა იმისათვის, რომ ეს შესაძლებელი გამხდარიყო, მეწარმეებს სპეციალური პარამეტრების შესაბამისი  პროგრამა უნდა დაეწერათ, რასაც გარკვეული დრო და ფინანსური რესურსები სჭირდება. აღმოჩნდა, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება გადამზიდველებს 7 დღეში უნდა მოეხერხებინათ − ამას საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 6 თებერვლის №4257 ბრძანება ითხოვდა. ასეთ მცირე ვადაში შეუძლებელი იყო გადამზიდველის მიერ შესაბამისი პროგრამის შემუშავება, ტესტირება (ჩვეულებრივ, ამ პროცესის დასრულებას 2 თვე მაინც სჭირდება) და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ პროგრამის საკუთარ სისტემაში დაშვებაზე თანხმობის მიღება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ საქონლის წინასწარი დეკლარირების სისტემის შემოღება მიზანშეწონილია, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ საკითხისადმი ასეთი არაოპტიმალური მიდგომა. კერძოდ, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა:

  • თავად შემოსავლების სამსახურს შეემუშავებინა უნიფიცირებული პროგრამა, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ექნებოდა გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ ყველა მეწარმეს. ეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა რესურსსაც დაზოგავდა, ვინაიდან მათ მოქმედი სისტემით სხვადასხვა მეწარმის მიერ შემუშავებული პროგრამის ტესტირება მოუწევთ; ან

  • თავად შემოსავლების სამსახურს უზრუნველეყო გადაზიდვის საქმიანობით დაკავებული მეწარმის დაშვება შემოსავლების სამსახურის სერვერზე - გაეროს მიერ შემუშავებულ საბაჟო მონაცემთა დამუშავების პროგრამულ სისტემა ASYCUDA World-ში ე. წ. ბროკერის მოდულის გამოყენებით. აღნიშნული პროგრამა ადაპტირებადია ნებისმიერი ქვეყნის საგარეო-სავაჭრო პროცედურების მოთხოვნებთან და საშუალებას იძლევა, დეკლარირების პროცესი საერთაშორისო კოდებისა და სტანდარტების შესაბამისად წარიმართოს;

დ) გადამზიდველმა უნდა უზრუნველყოს იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზება. რადგან გადამზიდველი მხოლოდ გადაზიდვის მომსახურებას ეწევა, არ შეიძლება გამართლებულად იქნეს მიჩნეული მისთვის სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის (ამ შემთხვევაში − იმპორტიორის) მიერ გადასახადების გადახდის უზრუნველყოფის ვალდებულების დაკისრება. ეს ნორმა საქართველოს კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მისი შესრულება შეუძლებელია, რადგანაც არ შეიძლება გადამზიდველმა პასუხი აგოს იმისთვის, რომ მისი კლიენტები არ იხდიან დაკისრებულ გადასახადებს. აღნიშნული საკითხის მონიტორინგი საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა.

აუცილებელია იმ გარემოების გათვალისწინებაც, რომ საქონლის გადაზიდვის საქმიანობაზე ზემოაღნიშნული მოთხოვნების შემოღებით პრაქტიკულად ხდება შინაარსობრივად სალიცენზიო/სანებართვო რეჟიმის დაწესება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაა. კერძოდ, მისი მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა, რომლის თანახმად, „დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას“.

ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საბაჟოზე დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების დაწესება არ შეესაბამება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მოთხოვნებს, რომლებიც წევრ სახელმწიფოებს, პირიქით, იმპორტ-ექსპორტის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას და საქონლის გაფორმების დროს მოსათხოვი დოკუმენტების რაოდენობის შემცირებასა და გამარტივებას სთხოვს.  

2. „საქართველოს ფოსტის“ უპირატესი მდგომარეობა

სიტუაციის ზედმიწევნითი ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ფოსტა“ არის ერთადერთი ეროვნული გადამზიდველი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კერძოდ, მას აქვს საქონლის გადაზიდვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება, საბაჟო საწყობი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა.

ამასთანავე, საქართველოს ადგილობრივ გადამზიდველთა (შპს „Stargroup“ და შპს „კარა“) განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ კლიენტების შემთხვევაში არ ხდება იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც აწესებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას, რათა მან უზრუნველყოს იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზება. გარდა ამისა, ზოგიერთ გადამზიდველს (შპს „კარა“) საბაჟოზე ტვირთის განბაჟების შეფერხების დროს პირდაპირ შესთავაზეს ტვირთის „საქართველოს ფოსტაში“ გადატანა და ამ შემთხვევაში მის სწრაფად განბაჟებას დაჰპირდნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გადამზიდველთა განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეთავაზებული ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური რამდენჯერმე აღემატებოდა სხვა ეროვნული გადამზიდველების მიერ შეთავაზებულს.

სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ  აღნიშნული ნორმების ამოქმედების მიზანია, დაწესდეს რეგულაციები „საქართველოს ფოსტის“ სასარგებლოდ, რათა კონკურენტ ეროვნულ გადამზიდველებს ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობისთვის პირობები გაურთულდეთ და საბოლოოდ განიდევნონ ბაზრიდან.

3. რა ხდება საბაჟო გაფორმების პუნქტში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“ რამდენიმე დღის განმავლობაში აკვირდებოდა საბაჟო გაფორმების პუნქტში არსებულ ვითარებას. ორგანიზაციამ მიმართა გეზ-ის საბაჟო გაფორმების ზონის ხელმძღვანელობას საქონლის იმპორტის პროცედურების აღსრულებაზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის მიცემის თაობაზე. სამწუხაროდ, გეზ-ის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს არ მისცა ასეთი შესაძლებლობა, რაც ამ პროცესში გამჭვირვალობის პრობლემის არსებობაზედაც მიუთითებს.

საყურადღებოა ისიც, რომ ახალი სისტემის შემოღებამდე, მისი სრულფასოვანი და ეფექტიანი ამოქმედებისათვის აუცილებელი იყო სათანადო ღონისძიებების განხორციელება ბაზარზე მოქმედი მეწარმეების ინფორმირების, მათი აღნიშნულ სისტემასთან თავსებადობის, სამეწარმეო საქმიანობის პროცესში შეფერხებების თავიდან აცილების და ამ პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ზემოხსენებული ბრძანების ძალაში შესვლამდე საჭირო იყო გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და გონივრული ვადის დაწესება. ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მითითებული ღონისძიებების განხორციელება, ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების ახალი პროცედურების შემოღების პროცესი დაიწყო და სერიოზული პრობლემებით წარიმართა − ეროვნულ გადამზიდველთა ჯგუფის ტვირთები, რომლებმაც ორგანიზაციას მომართეს, გაფორმების ორგანოში შეფერხდა, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ზომებს არ იღებდნენ, მეწარმეები გაურკვევლობაში იყვნენ და, უფრო მეტიც, გადამზიდველებმა (შპს „Stargroup“, შპს „კარა“) თავიანთი ტვირთის საბაჟო გაფორმება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, რაც ის „საქართველოს ფოსტის“ საბაჟო საწყობში გადაიტანეს. ამის შედეგად მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივმა გადამზიდველებმა თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე მიმართეს სასამართლოს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებული რისკები ჯერ კიდევ აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე უნდა შეფასებულიყო, ვინაიდან საბაჟო ადმინისტრირების შემთხვევაში ყოველთვის არის რისკის ელემენტი მაშინ, როდესაც ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისას კონტროლის პროცედურები იცვლება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოებისთვის ახალი საბაჟო პროცედურების დანერგვასა და სათანადო კონტროლის უზრუნველყოფას შორის ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა მინისტრსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგების ახალი წესის მიმართ ორგანიზაციის შენიშვნები (მათ შორის, ის დარღვევები, რომლებითაც მოხდა ახალი რეგულაციების შემოღება) და წინადადებები. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების შემოღება კონტრაბანდასთან ბრძოლის მიზნით გახდა აუცილებელი. თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს გადამზიდველისთვის ბიუროკრატიული ბარიერების დაწესებას კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რაც, თავის მხრივ, ოპერატიული სამსახურების ფუნქციაა. კონტრაბანდული ტვირთი შეიძლება შემოიტანოს როგორც ახალშექმნილმა, ისე მოქმედმა გადამზიდველმა. გარდა ამისა, გადამზიდველის საკუთრებაში საბაჟო საწყობის არსებობა არ უზრუნველყოფს იმას, რომ ეს მეწარმე კონტრაბანდულ ტვირთს არ შემოიტანს.  

ამასთანავე, საბაჟო ადმინისტრირების პროცესში რისკის (მათ შორის, არალეგალური ტვირთის გადატანის) მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკა განსხვავდება საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული მოდელისგან. რისკის მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკა საბაჟო გამშვებ პუნქტში „მწვანე“, „ყვითელი“, „წითელი“ და „ლურჯი“ საბაჟო კონტროლის დერეფნების დანერგვას გულისხმობს. სისტემაში ინტეგრირებული გადამზიდველის რისკის პროფილების გამოყენების საფუძველზე ხდება საქონლის შერჩევითი ინსპექტირება და, შესაბამისად, საბაჟო კონტროლის ადეკვატური დერეფნის განსაზღვრა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანება მხოლოდ ორი ტიპის („წითელი“ და „მწვანე“) დერეფნების გამოყენებას ითვალისწინებს. საბაჟოზე რისკის მენეჯმენტის სისტემის არსი კომპიუტერული პროგრამის მიერ კონკრეტული ტვირთისათვის საბაჟო კონტროლის დერეფნის ფერის მინიჭებისას შერჩევითი მიდგომის და ადამიანის ხელოვნური ჩარევის ფაქტორის მაქსიმალურად გამორიცხვის უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზედმიწევნით გააცნეს საბაჟოზე არსებული ვითარება, შეხვედრის შემდეგ მომჩივან გადამზიდველთა პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა საბაჟო პროცედურების დახვეწის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში ჩვენი ორგანიზაციის ჩართულობასთან დაკავშირებით, რასაც მივესალმებით. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საბაჟოზე არსებული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდეს.

5. „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ რეკომენდაციები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველოს“ რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა უზრუნველყონ:

ა) საქართველოს ფინანსთა  მინისტრის  2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანების და საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 6 თებერვლის №4257 ბრძანების საფუძველზე შემოღებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის ძალადაკარგულად გამოცხადება;

ბ) დროული ღონისძიებების განხორციელება, რათა საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ახალი სისტემა შეესაბამებოდეს რისკის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტებს;

გ) იმპორტ-ექსპორტის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივების, საქონლის გაფორმების დროს მოსათხოვი დოკუმენტების რაოდენობის შემცირებისა და გამარტივების თაობაზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მოთხოვნების დაცვა;

დ) ახალი სისტემის დანერგვისას საქართველოს კანონმდებლობის დაცვა და გარდამავალი პერიოდის შემოღება, როდესაც გადამზიდველებს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების სამართლებრივი მოწესრიგების ახალ წესთან ადაპტირების საშუალება ექნებათ;

ე) საბაჟო კონტროლისა და მონიტორინგის ადეკვატური სისტემის დანერგვით ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა.

ასევე მნიშვნელოვანია, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტომ დაიწყოს აღნიშნული საკითხის მოკვლევა, რათა შეფასდეს „საქართველოს ფოსტის“ დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე და მიღებულ იქნეს ზომები ამ კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთისათვის.

ცნობისათვის, ზემოთაღნიშნული პროგრამის მოგვარების მიზნით “საერთაშორისო გამჭვირვალობა  – საქართველო” დღეს, 26 მარტს, გეგმავს შეხვედრას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო“