ENG

გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების უკანონოდ დანიშნული გამგებლები

15 მარტი, 2013

11 მარტს ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა გამგებლები კონკურსის ჩატარების გარეშე დანიშნეს. მიგვაჩნია, რომ ამ ქმედებებით დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა და საჭიროა საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება.

გამგებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე. ამავე კანონის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა კანონის 30-ე მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლი კი გამგებლისთვის გამონაკლისს არ ადგენს, შესაბამისად, უდავოა გამგებლის დანიშვნისათვის კონკურსის ჩატარების აუცილებლობა.

ტელეკომპანია „მაესტროს” სიუჟეტში გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ზარდიაშვილი ადასტურებს, რომ ჯონი ოსიაშვილის დანიშვნა გამგებლად, რომელიც მანამდე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო, კონკურსის გარეშე მოხდა. იმავეს აცხადებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი და ადასტურებს გამგებელის თანამდებობაზე ირაკლი შიოლაშვილის კონკურსის გარეშე დამტკიცებას (28 ნოემბრის #42-კ ბრძანებით). უფრო მეტიც, ნატროშვილის მტკიცებით, კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს გამგებლის კონკურსის შედეგად დანიშვნას.

ნათელია, რომ სახეზე გვაქვს საკრებულოების მხრიდან კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ეჭვის ქვეშ დგება როგორც გამგებლების უფლებამოსილება, ასევე – მათ მიერ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტის კანონიერება. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოებს, გააუქმონ გამგებლების დანიშვნის შესახებ გამოცემული უკანონო აქტები. ასევე, უნდა გადაიხედოს უკანონოდ დანიშნული გამგებლების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“