ENG

ერთ ლარად გაცემული ქონება - პრობლემატური ტენდენციები

05 მარტი, 2013

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით სიმბოლურ ფასად გასხვისებაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადრეც საუბრობდა (ბლოგი 1, ბლოგი 2).  ჩვენ ეს საკითხი ბევრ შემთხვევაში საკმაოდ პრობლემატურად მიგვაჩნდა, რადგანაც ხშირად ქონება სხვისდებოდა ისეთ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ქონების სახელმწიფოსგან მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე რეგისტრირდებოდნენ, ასევე დაფიქსირდა სიმბოლურ ფასად ქონების მიმღები სუბიექტების კავშირი გარკვეულ თანამდებობის პირებთანაც, ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად გაუმჭვირვალე იყო საკუთრების მიმღებთა შერჩევის კრიტერიუმები. გარდა ამისა მრავლად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ინვესტორი არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ქონების გასხვისება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. ქონების გასხვისების წარდგინებას ახდენს ქონების მმართველი ადმინისტრაციული ორგანო ან განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობა.  სახელმწიფო ქონების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით1.

კანონის მიხედვით, როდესაც ხდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკრეტული შერჩევის საფუძველზე, დადგენილი უნდა იყოს გარკველი პირობები და ქონების მიმღები სუბიექტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ამ პირობებს, ასევე მას უნდა შესწევდეს უნარი სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მოცემული საპრივატიზაციო ვალდებულება.

სწორედ ამ ორი მოთხოვნის გათვალისწინებით შევისწავლეთ სახელმწიფო ქონების გასხვისების რამდენიმე შემთხვევა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ბოლო სამი წლის მანძილზე სიმბოლურ ფასად გასხვისებული სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზისას გამოვლინა შემდეგი ტენდენციები:

საპრივატიზაციო პირობის არ არსებობა

მიღებული ინფორმაციიდან საინტერესოა არაკომერციული იურიდიული პირის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევა, რომელსაც 1 ლარად ქვეყნის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში გადაეცა 285 000 კვ.მ-მდე უძრავი და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება, ყოველგვარი საინვესტიციო თუ სხვაგვარი საპრივატიზაციო ვალდებულების გარეშე. საპრივატიზაციო პირობის არსებობა, როგორც აღვნიშნეთ, აუცილებელია კონკურენტული შერჩევის განხორციელებისთვის, რაც მოცემული შემთხვევაში არ მომხდარა. აღნიშნული ბადებს ეჭვს, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე.

საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა

როგორც ავღნიშნეთ მნიშვნელობვანია სუბიექტს ქონდეს უნარი და შესაძლებლობა, რომ სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მოცემული საინვესტიციო თუ სხვა სახის ვალდებულება. მაგალითად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაირკვა, რომ შპს EKO Georgia საპრივატიზაციო ქონების მიღებამდე ერთი თვით ადრე შპს “გორის სასათბურე მეურნეობა”, შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი”2 და შპს “Hospital Digomi” კი ხუთი თვით ადრე დარეგისტრირდნენ იურიდიულ პირებად. ამგვარ შემთხვევებში ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად შეუძლია მცირე ხნით ადრე რეგისტრირებულ კომპანიებს ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

სამთავრობო კავშირების მქონე ბენეფიციარები

ასევე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები იმ შემთხვევებში, როდესაც იკვეთება კავშირები კონკრეტულ თანამდებობის პირებთან. მაგალითად, შპს „ჯეოლენდს“ 2012 წლის ნოემბერში სიმბოლურ ფასად გადაეცა 8 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ამ კომპანიის 50% წილის მფლობელი არის გიგი უგულავას ძმა, ირაკლი უგულავა. შპს "Avente hospital management group"- ს 2012 წლის სექტემბერში გადაეცა შპს "ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის" 100% წილი და 15140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ზუგდიდში, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებით. შპს "Avente hospital management group"- ის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირია სსიპ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დირექტორი ივანე ყაჭიური.

რეკომენდაციები

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გასხვისება მრავალ ქვეყანაშია მიღებული. როგორც წესი, აღნიშნული ემსახურება ინვესტორებისთვის  ხელსაყრელი პირობების შექმნას, რაც შესაბამისად სტიმულს აძლევს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. ქონების პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფლება უნდა გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის დადგენილ პირობებს. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება. სახელმწიფო ქონების გასხვისება კონკრეტულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს, კერძოდ იგი ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორის გაძლიერებას და მისი ეფექტურობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, დასაქმების უზრუნველყოფასა და ა.შ. ქონების გასხვისებისას სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს იმ ინვესტორს (ქონების შემძენს), რომელიც უზრუნველყოფს გადაცემული ქონების ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლოდ გამოყენებას. შესაბამისად აუცილებელია, რომ ქონების გადაცემისთვის დადგინდეს გარკვეული კრიტერიუმები და პირობები.

სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან, ხოლო ნაწილი კი წარმოიშვა ხელისუფლების კანონთან შეუსაბამო მოქმედებების შედეგად. შესაბამისად პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია მოხდეს:

  • საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა;

  • პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ეფექტური ინფორმირება;

  • პრეზიდენტისათვის გადაწყვეტილების მისაღებად გადაცემული წარდგინების სრულყოფილად დასაბუთება და კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ის, თუ რომელი სახლემწიფო ინსტიტუტი იქნება უფლებამოსილი განკარგოს სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, წარმოადგენს მეორეხარისხოვან საკითხს. მხოლოდ უფლებამოსილი სუბიექტის ცვლილება ვერ იქნება არსებული პრობლემების მოგვარების გარანტია. აუცილებელია სახლმწიფომ უზრუნველყოს იმგვარი მექანიზმის დამკვიდრება, რომელიც ერთის მხრივ არ წარმოშობს საზოგადოებაში დასაბუთებულ ეჭვებს და მეორეს მხრივ იქნება მოქნილი და ეფექტური საშუალება ქვეყანაში ინვესტიციების ზრდისთვის და პრივატიზების სვა იდეალური მიზნების მიღწევისთვის.


 

1მუხლი 10 ნაწილი 10, საქართველოს კანონი სახელმწიფო ქონების შესახებ”, სსმ, 48, 09/08/2010.

2შპს “კავკასიის სამთო ჯგუფის”100% წილის მფლობელია მის დაფუძნებამდე სამი თვით ადრე კვიპროსში რეგისტრირებული “Pamtilon Holdings Limited”-ი

Author: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო