ENG

რა არის კოჰაბიტაცია?

17 დეკემბერი, 2012

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უპრეცედენტო რეალობის მომსწრენი გავხდით, რეალობის, სადაც პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა ერთმანეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალებს წარმოადგენენ. პრეზიდენტი იძულებული იყო პარლამენტის უმრავლესობისთვის სასურველი პრემიერმინისტრის კანდიდატი წარედგინა, რის შედეგადაც, პრეზიდენტი და მთავრობა პრემიერმინისტრის მეთაურობით წარმოადგენენ ურთიერთდაპირისპირებულ მხარეებს. აღნიშნულ მდგომარეობას კოჰაბიტაცია ჰქვია.

კოჰაბიტაცია (Cohabitation) ფრანგული სიტყვაა და თანაცხოვრებას, თანაარსებობას ნიშნავს, რაც კარგად გამოხატავს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ურთიერთობის ხასიათს. კოჰაბიტაცია სათავეს საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციიდან იღებს, როდესაც საფრანგეთი ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდა. პრემიერისა და პრეზიდენტის მსგავსი „თანაარსებობა” კი მხოლოდ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის დროსაა შესაძლებელი, როდესაც პარლამენტს შეუძლია უნდობლობის ვოტუმით მთავრობის გადაყენება, ხოლო პრეზიდენტს შეუძლია პარლამენტის დათხოვნა.

პირველი კოჰაბიტაცია საფრანგეთში 1986 წელს, სოციალისტი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის დროს დამყარდა, როცა პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნების შედეგად მემარჯვენეები მოვიდნენ უმრავლესობაში. ამის გამო, მიტერანი იძულებული გახდა თავისი პოლიტიკური კონკურენტი ჟაკ შირაკი დაენიშნა პრემიერმინისტრად, რაც სერიოზული გამოცდა იყო მე-5 რესპუბლიკის კონსტიტუციისთვის, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების გადანაწილება პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი იყო.

აღნიშნული კოჰაბიტაცია თავისი არსით კონფლიქტურ თანაცხოვრებას წარმოადგენდა, თუმცა არ გამორიცხავდა კოოპერაციას ისეთ საკითხებში, რომლებშიც მხარეების აზრი ერთმანეთს ემთხვეოდა. შედეგად მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით ძირითადად დაკავებული იყო საშინაო პოლიტიკით, პრეზიდენტი ამ სფეროში არბიტრის როლით იფარგლებოდა, თუმცა მისი გავლენის სფეროში რჩებოდა საგარეო და ევროპული პოლიტიკა, თავდაცვა და ბირთვული სტრატეგია. ასეთი კოჰაბიტაციით პირველ რიგში პრეზიდენტმა მიტერანმა მიიღო სარგებელი, მისი რეიტინგი საშინაო პრობლემების მოგვარებითაც გაიზარდა, სადაც ის მხოლოდ მაშინ ერეოდა, როდესაც მთავრობა წამგებიან პოზიციაში იყო. შედეგად, მან ადვილად გაიმარჯვა 1988 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მისი მოწინააღმდეგე მემარჯვენეების ლიდერი ჟაკ შირაკი იყო, რის შემდეგაც დაითხოვა პარლამენტი, ხოლო ახალი ნაციონალური ანსამბლეის არჩევნები ისევ მიტერანის სოციალისტების ბლოკმა გაიმარჯვა. ამ ფაქტით დასრულდა პირველ კოჰაბიტაცია საფრანგეთში.

შემდეგი კოჰაბიტაცია 1993 წელს ისევ ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს დამყარდა, როდესაც ნაციონალური ასამბლეის არჩევნების შემდეგ მანდატების 80% მემარჯვენეებს ერგოთ. მიტერანი კვლავ იძლებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის წარმომადგენელი ედუარდ ბალადიური დაენიშნა, რადგან ამ დროისთვის ჟაკ შირაკი 1995 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია. აღნიშნულმა კოჰაბიტაციამ შედარებით მშვიდად ჩაიარა, ამის მიზეზი, პირველ რიგში, იყო ის, რომ პირველი კოჰაბიტაციისგან განსხვავებით პრეზიდენტი და პრემიერი 2 წლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტები არ იყვნენ, გარდა ამისა, მიტერანი დასუსტებული იყო, როგორც ფიზიკურად (ამ დროს უკვე დასმული ჰქონდა სიმსივნის დიაგნოზი) ასევე პოლიტიკურადაც. შედეგად, მეორე კოჰაბიტაცია პრემიერმინისტრის დომინირებით გამოირჩეოდა.

მესამე კოჰაბიტაცია საფრანგეთში უკვე გაპრეზიდენტებული მემარჯვენეების ლიდერის ჟაკ შირაკის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც იგი არ დაელოდა არჩევნებს და 1997 წელს დაითხოვა პარლამენტი. შედეგად, ვადამდელ არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს და შირაკი იძულებული გახდა პრემიერმინისტრად ოპოზიციის ლიდერი ლიონელ ჟოსპენი დაენიშნა. კოჰაბიტაციის ეს პერიოდი ყველაზე დიდ ხანს, 5 წელს გაგრძელდა და პრემიერისა და პრეზიდენტის კონფრონტაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა. შირაკი ამ პერიოდს „დამბლის“ პერიოდით მოიხსენიებდა. პრეზიდენტი განსაკუთრებით შეზღუდული იყო საშინაო პოლიტიკის სფეროში, სადაც სოციალისტმა უმრავლესობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მემარცხენე ხასიათის რეფორმის გატარება შეძლეს. მე-3 კოჰაბიტაცია დასრულდა 2002 წლის ნაციონალური ანსამბლეის არჩევნებით სადაც მემარჯვენეებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის კოჰაბიტაცია შესაძლებელი გახდა, თუმცა აღნიშნულ მოვლენას მოგვიანებით ასევე ადგილი ჰქონდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცაა ფინეთი, რუმინეთი, უკრაინა და სხვა.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“
parliament