ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება (2021-2025) - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობის შეფასება (2021-2025)

15 ოქტომბერი, 2025

შესავალი:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აფასებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს საქმიანობას. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს. კვლევის საანგარიშო პერიოდია 2021 წლის ნოემბრიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ზუგდიდის საკრებულოს საქმიანობა სამჯერ შეაფასა: პირველი შეფასება მოიცავდა პერიოდს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით, მეორე შეფასების საანგარიშო პერიოდი 2020 წელი იყო, მესამე შეფასებისა კი - 2022 წელი.

თავი 1. ძირითადი მიგნებები

  • ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულო ზუგდიდის მერიისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე საზედამხედველო ფუნქციას წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით უკეთ ახორციელდება, რაც დიდწილად განაპირობა იმან, რომ საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს, პარტია “ქართული ოცნება” კი უმცირესობაში აღმოჩნდა;
  • პრობლემურია, რომ საკრებულოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესში არ გამოუვლენია ინტერესთა კონფლიქტი ან რაიმე სახის გადაცდომა, თუმცა საკრებულოს ცალკეული წევრები ამ საკითხებზე ღიად საუბრობდნენ;
  • საკრებულოების როლი მნიშვნელოვნად დააკნინა თვითმმართველობის კოდექსის ცვლილებებმა, რომელიც მმართველი პარტიის ინიციირებით შევიდა. მათ შორის ყველაზე პრობლემურია 2022 წლის დეკემბრის ცვლილებები: კოდექსის ძველი რედაქციით, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდა მერსაც და საკრებულოსაც. ცვლილებების შემდეგ კი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრა;
  • ზუგდიდის საკრებულომ არ დაუჭირა მხარი მერიის თუ მისი სამსახურების ცალკეულ ინიციატივებს, რამდენიმეჯერ უარყოფითად შეაფასა მერიის ცალკეული იურიდიული პირების საქმიანობა;
  • ზუგდიდის მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენის შემდგომ, საკრებულომ მოამზადა და საკრებულოს ბიურომ ბრძანებით დაამტკიცა დასკვნები და რეკომენდაციები მათ  საქმიანობაზე;
  • 2021 წლის მოწვევის საკრებულოში 2025 წლის აგვისტოს მდგომარებით პერიოდში გაიმართა საკრებულოს 87 სხდომა, მათ შორის 49 სხდომა რიგგარეშე იყო, რომელიც მოიწვია მუნიციპალიტეტის მერმა.  კვორუმის არ არსებობის გამო საკრებულოს სხდომები არაერთხელ ჩაიშალა, მათ შორის 2011 წელს - 4-ჯერ, 2025 წელს კი - 11-ჯერ;
  • საანგარიშო პერიოდში ზუგდიდის საკრებულომ 158 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 139 - მერიის, 19 კი - საკრებულოს  ინიციირებული იყო;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებიდან დეკლარაცია ხარვეზებით მხოლოდ ერთმა წევრმა, ირაკლი გოგოხიამ შეავსო;
  • წინა მოწვევის საკრებულოსგან განსხვავებით, 2021 წლის მოწვევის საკრებულოში აქტიურად მუშაობდნენ საკრებულოს ფრაქციები და მათ ჯამში 89 წერილობითი ინიციატივა წარადგინეს;
  • 2021 წლის მოწვევის საკრებულოს ფრაქციების ხარჯებმა 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით 1,916,531 ლარი შეადგინა, საიდანაც 1,801,367  ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
  • საკრებულოს წევრი 14 ქალიდან თანამდებობას 7 იკავებს, მათ შორის სამი კომისიის თავმჯდომარე იყო, ერთი - ფრაქციის, სამი კი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე;
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს არ განუხორციელებია არც სამართლებრივი აქტების ანალიზი და არც ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტის პროექტებზე. არ შემუშავებულა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა;
  • ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი;
  • ზუგდიდის საკრებულოს ხარჯებმა საანგარიშო პერიოდში 6,708,143 ლარი შეადგინა, სადანაც შრომის ანაზღაურებაზე 5,655,439 ლარი მოდის;
  • წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ავტომობილებით არ უსარგებლია. შემცირდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტის მოცულობა 700-დან 400 ლიტრამდე, თავმჯდომარის მოადგილეებისთვის კი - 400-დან 350 ლიტრამდე;
  • საკრებულომ სულ გახარჯა 122,303 ლიტრი საწვავი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 341,823 ლარი შეადგინა.

თავი 2. ზოგადი ინფორმაცია ზუგდიდის საკრებულოს შესახებ

ზუგდიდის საკრებულოს 2021 წლის მოწვევის საკრებულოს 45 წევრი ჰყავდა, რომელთაგან 15 წევრი აირჩა ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში, ხოლო 30 წევრი – პროპორციული წესით. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ზუგდიდის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო.

  • 2025 წლის აგვისტოს მდგომარებით, ზუგდიდის საკრებულოს 87 სხდომა გაიმართა, მათ შორის 49 სხდომა რიგგარეშე იყო, რომელიც მოიწვია მუნიციპალიტეტის მერმა;
  • კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომები არაერთხელ ჩაიშალა, მათ შორის 2024 წელს - 4-ჯერ, 2025 წელს კი - 11-ჯერ;
  • საანგარიშო პერიოდში ზუგდიდის საკრებულომ 158 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 139 - მერიის, 19 კი  - საკრებულოს  ინიციირებული იყო;
  • ზუგდიდის საკრებულოში საკრებულოს უფლებამოსილების ვადით შექმნილი იყო და მუშაობდა 5 მუდმივმოქმედი კომისია, რომელთაც საანგარიშო პერიოდში 385 სხდომა გამართა. კვორუმის არარსებობის გამო კომისიების სხდომები 40-ჯერ ჩაიშალა;
  • საკრებულოს კომისიებმა საკრებულოს განსახილველად წარუდგინეს 493 საკითხი;
  • ზუგდიდის საკრებულოში 3 ფრაქცია მუშაობდა - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც 2024 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს სახელით “ახალი”, “ზუგდიდი საქართველოსთვის” და “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ;
  • საკრებულოს ფრაქციებმა 89 წერილობითი ინიციატივა წარადგინეს;
  • 2021 წლის მოწვევის საკრებულოს ფრაქციების ხარჯებმა 2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით 1,916,531 ლარი შეადგინა, საიდანაც 1,801,367  ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის;
  • ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში სტაბილურად მაღალი იყო საკრებულოს ასევე კომისიის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი.
  • ზუგდიდის საკრებულოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე ზედამხედველობის ორგანომ მოამზადა 10 დასკვნა/შენიშვნა, საკრებულომ ყველა მათგანი გაიზიარა;
  • საკრებულოს 45 წევრიდან 14 ქალი იყო, რაც საერთო რაოდენობის 31.1 პროცენტია. თანამდებობას 7 მათგანი  იკავებდა;
  • საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 9 პეტიცია (2022-2024 წლები). 2025 წელს პეტიცია არ დარეგისტრირებულა. 

თავი 3. პოლიტიკური კრიზისი და საკრებულოთა როლის დასუსტება

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზუგდიდი ერთ-ერთი იყო იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც გამწვავდა ადგილობრივი დემოკრატიის პრობლემები. 

  • პარტიათა შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა თუ შეუთანხმებლობის გამო, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს საკრებულოს პირველი შეკრებიდან (2021 წლის 3 დეკემბერი) 2 თვის განმავლობაში და მხოლოდ 2022 წლის 14 თებერვალს, მეექვსე ცდაზე შეძლეს. თავმჯდომარედ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი, გიგა ფარულავა აირჩიეს, ამავე პარტიიდან აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოადგილის ორი ვაკანტური პოზიცია კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა დაიკავეს. კომისიის თავმჯდომარეების პოზიციებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა გადაინაწილეს. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თანამდებობის პირთა არჩევის კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ. Მათ ასევე უარი თქვეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურების წარდგენაზეც;
  • ზუგდიდი ერთ-ერთი იყო იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც მმართველმა პარტიამ 2022 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში 2017 წლის მოწვევის საკრებულოს მიაღებინა. ლოგიკურად, 2022 წლის ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულოს უნდა დაემტკიცებინა, რადგანაც შემდგომში მის კონტროლზეც სწორედ ეს საკრებულო იყო პასუხისმგებელი. დაჩქარებული წესით 2022 წლის ბიუჯეტები, წინა მოწვევის საკრებულოებს მიაღებინეს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მერის პოზიციაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი იქნა არჩეული, საკრებულოებში კი ოპოზიციური უმრავლესობა შეიქმნა. ამ სცენარით მმართველი პარტია ეცადა თავიდან აერიდებინა ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების მისთვის არასასურველი სცენარით წარმართვა[1]. ეს პროცესი წაახალისა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, როცა განაცხადა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა” და ოპოზიცია ადგილობრივ დონეზე მათ გარეშე “ნაბიჯს ვერ გადადგამდა”;
  • საკრებულოების როლი ერთმნიშვნელოვნად შეასუსტა 2022 წლის დეკემბერში “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში პარტია “ქართული ოცნების” ინიციირებით შეტანილმა ცვლილებებმა. კოდექსის ძველი რედაქციით, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდა როგორც მერს, ასევე საკრებულოს. ცვლილებების შემდეგ კი პასუხისმგებლობა მხოლოდ საკრებულოს დაეკისრა. სავარაუდოდ, ამის შემდეგ საკრებულოები  ბიუჯეტის პროექტზე უფრო ნაკლებად გამოხატავენ განსხვავებულ პოზიციას,  განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს.

თავი 4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კონტროლი

2021 წლის მოწვევის საკრებულო საზედამხედველო ფუნქციას წინა მოწვევის საკრებულოსთან შედარებით უკეთ ახორციელდება:

  • მნიშვნელოვნად გაიზარდა ცალკეული საკითხების განსახილველად მერიის წარმომადგენლების, მუნიციპალური იურიდიული პირების საკრებულოში მოწვევის მაჩვენებელი.
  • საკრებულომ შეისწავლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობა
  • საკრებულომ არაერთხელ მხარი არ დაუჭირა მერიის თუ მისი სამსახურების ცალკეულ ინიციატივებს
  • რამდენიმენჯერ უარყოფითად შეფასდა მერიის ცალკეული იურიდიული პირების საქმიანობა

თავი 5. არასრულად შევსებული დეკლარაციები და შეუთავსებელი საქმიანობა

ზუგდიდის საკრებულოს თანამდებობის პირებიდან დეკლარაცია ხარვეზებით მხოლოდ ერთმა შეავსო:

ირაკლი გოგოხია -  ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე

ირაკლი გოგოხია 2025 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითებს  მის წილობრივ მფლობელობაში არსებულ ყველა კომპანიას - შპს “ზუგპეტროილი”, შპს “ოილ პრო”, შპს “ოილ პრო ჯგუფი”, შპს “იმედი 2”, შპს “ვიქტორია 2012” და შპს “ჯიპსი”.  დეკლარაციაში მითითებულია წილის მართვის უფლებით გადაცემის შესახებ, თუმცა, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის” მოთხოვნის მიუხედავად, ამ წილების მართვის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემის შესახებ ინფორმაცია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებში არ არის ასახული.

თავი 6.  სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა:

ზუგდიდის საკრებულომ საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა:

  • მუნიციპალიტეტის რვა სოფელში არსებული მიწის ნაკვეთები, ჯამური ფართობით 3,871 კვ.მ. და მათზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა, რათა შემდგომში სახელმწიფოს ეს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიეყიდა ა(ა)იპ “საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის” და მას ამ ნაკვეთებზე სამედიცინო ამბულატორიები მოეწყო;
  • სოფელ, ნარაზენში მდებარე 137 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს საქართველოს საპატრიარქოსათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა;
  • ქალაქ ზუგდიდში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 787  კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რათა მას შემდგომში იგი საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაეცა;
  • სოფელ ანაკლიაში მდებარე 383 კვ.მ. მიწის ნაკვეთ, რათა მას შემდგომში იგი სიმბოლურ 1 ლარად პირდაპირ მიეყიდა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის, რომელიც ამ ნაკვეთზე ამბულატორიას ააშენებდა;
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში მდებარე 2565,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელსაც შემდგომში იგი უვადო სარგებლობის უფლებით უნდა გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის;
  • ზუგდიდში, სოფ. ოქტომბერში მდებარე 355 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • ზუგდიდში, სოფელ ანაკლიაში მდებარე 73 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • ქალაქ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირი N7-ში მდებარე 22 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემის არსებული პრაქტიკა არაერთ მანკიერ მხარეს შეიცავს. ადგილობრივი თვითმმართველობები დამოუკიდებლად, ცენტრალური ხელისუფლების თანამონაწილეობის გარეშე, უნდა განკარგავდნენ მათ ტერიტორიაზე არსებულ ქონებას.

თავი 7. საკრებულოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები:

  • ზუგდიდის საკრებულომ 2023 წელს მიიღო “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციის მართვის წესი”. ამ წესის თანახმად,  ზუგდიდის მერიამ 2024 წლის 1 ივნისამდე უნდა დაეფუძნებინა ამ საკითზე მომუშავე კერძო სამართლის იურიდიული პირი (კომერციული), 2025 წლის 1 ივნისამდე კი მოეწყო თავშესაფარი;
  • ზუგდიდის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
  • ზუგდიდის მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენის შემდგომ, საკრებულომ მოამზადა და საკრებულოს ბიურომ ბრძანებით დაამტკიცა დასკვნები და რეკომენდაციები მერიის სამსახურებისა და იურიდიული პირების საქმიანობაზე;
  • ზუგდიდის საკრებულომ უარყოფითად შეაფასა ცალკეული მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობის ანგარიშები;
  • საკრებულომ გააუქმა სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯები საკრებულოს წევრებისთვის და იგი მხოლოდ აპარატის თანამშრომლებს აუნაზღაურდებოდა;
  • ზუგდიდის საკრებულომ შეამცირა საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების საწვავის ყოველთვიური ლიმიტები.

თავი 9. მოქალაქეთა ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში

ზუგდიდის საკრებულომ დაადგინა ის რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეთა ჩართულობას მუნიციპალიტეტის, მათ შორის საკრებულოს საქმიანობაში:

  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოში 9 პეტიცია დარეგისტრირდა;
  • ჯერაც არ არის დანერგილი პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემა;
  • 2021 წლის მოწვევის საკრებულოში გაიმართა ღია კარის სხდომები, სადაც მომხსენებლები ამომრჩევლები და სხვადასხვა ორგანიზაციათა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებმაც კონკრეტულ თემებსა თუ დასახლებებში არსებულ გამოწვევებზე მიაწოდეს საკრებულოს ინფორმაცია;
  • საკრებულომ, მერიასთან ერთად, გამართა ბიუჯეტის საჯარო განხილვები;
  • საკრებულოს წევრები ჩართული იყვნენ “დასახლების საერთო კრებებში”, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობის პროცესში;

თავი 11. ზუგდიდის საკრებულოს ხარჯები

2021 წლის მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს ხარჯემბა ჯამში 6,708,143 ლარი შეადგინა.

  • შრომის ანაზღაურებაზე მოდის 5,655,439 ლარი, რაც ხარჯების 84,3%-ს შეადგენს;
  • საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისთვის  ჯილდოდ  გაიცა 330,787 ლარი.
  • საკრებულოს წევრობისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება იყო  621,130 ლარი;
  • სატელეფონო კომუნიკაციის ხარჯებმა, რომლითაც მხოლოდ აპარატის თანამშრომლები სარგებლობდნენ, შეადგინა 24,089 ლარი;
  • საანგარიშო პერიოდში სამივლინებო ხარჯები 5,669 ლარი იყო;
  • საკრებულომ გახარჯა 122,303 ლიტრი საწვავი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 341,823 ლარი შეადგინა.

წინა მოწვევის საკრებულოსაგან განსხვავებით, ზუგდიდის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ავტომობილებით არ უსარგებლია. შემცირდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის განკუთვნილი საწვავის ლიმიტის მოცულობა 700-დან 400 ლიტრამდე, თავმჯდომარის მოადგილეებისთვის კი - 400-დან 350 ლიტრამდე.

რეკომენდაციები

დღეს საქართველოში თვალსაჩინოა დემოკრატიული სტანდარტების სრული დაკნინება, პოლიტიკური პოლარიზაცია და თვითმმართველობების როლის უკიდურესი დასუსტება. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია:

  • ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც მუნიციპალიტეტების, ისე მათი წარმომადგენლობითი ორგანოების — საკრებულოების დამოუკიდებლობას;
  • გაძლიერდეს ადგილობრივ დონეზე ბალანსის, ურთიერთკონტროლისა და გამჭვირვალობის მექანიზმები;
  • საკრებულოს მიეცეს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ რეალური ბერკეტები აღმასრულებელი ხელისუფლების — მერიის საქმიანობის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად;
  • საკრებულოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს დაცული და გარანტირებული საკანონმდებლო დონეზე ისე, რომ მან შეძლოს მერიის მიერ განხორციელებული პოლიტიკისა და ადმინისტრაციული პროცესების სრულფასოვანი და ეფექტიანი კონტროლი, ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.

აღნიშნული გარდაქმნები კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებებლი, თუ დემოკრატიული წესით არჩეული, პლურალისტურ ღირებულებებზე დაფუძნებული პარლამენტი შექმნის ისეთი შინაარსის კანონმდებლობას, რომელიც არ იქნება მიმართული ვიწროპარტიული ინტერესების დაცვაზე, არამედ დაამკვიდრებს მოქალაქეებზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას — გამჭვირვალეს, ანგარიშვალდებულსა და რეალურად მოქმედს.

 

[1] 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოსა და მერს შორის შეუთანხმებლობა, კანონის იმჟამინდელი რედაქციით შესაძლოა მერის და საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო