ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მედიასთან თანაბარ პირობებში უნდა ითანამშრომლოს

02 დეკემბერი, 2013

რეგიონულ მედიასაშუალებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის გასული წლის განმავლობაში გაუმჯობესებული თანამშრომლობის მიუხედავად, ბოლო დროს, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ, გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნული ურთიერთობები კვლავაც დაძაბული რჩება.

ზუგდიდში მოქმედი ტელეკომპანია „ოდიში“ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს მაია ღურწკაიას ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არხს შეზღუდული აქვს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან კომენტარის მიღება.

თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული არხის საშუალებით  მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ არაერთხელ გადაიცა ცრუ ინფორმაცია, რის გამოც მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, ამ მედიასაშუალებას კომენტარი აღარ მისცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსადმი“ გამოგზავნილ წერილში ტელეკომპანია „ოდიში“ რამდენიმე შემთხვევას აღწერს, როდესაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარს ეუბნებიან და მუნიციპალიტეტის შენობაში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ. მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა: "მე არასოდეს შემიშლია ხელი ვინმესთვის, დასწრებოდა სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებს. მე მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ვხელმძღვანელობ და სხვა ორგანიზაციების საქმიანობას არ გავაკონტროლებ, მაშინაც კი, როცა მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შენობაში ტარდება."

ტელეკომპანია „ოდიშის“  წილების 100 პროცენტიანი მფლობელი ემა გრიგოლიაა, რომლის შვილი - ალექსანდრე ქობალია 2005 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. იგი თანამდებობიდან 2012 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე, გადადგა. ქობალია ტელეკომპანია „ოდიშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. 2000-იანი წლების მიწურულს „ოდიშის“ სხვა დამფუძნებლები კომპანიას ჩამოშორდნენ და ემა გრიგოლია მისი ერთპიროვნული მესაკუთრე გახდა. კომპანიის დირექტორი ემა გრიგოლიას ძმისშვილი დავით გრიგოლიაა. ემა გრიგოლიას აწ გარდაცვლილი მეუღლე - გრიგოლ ქობალია კი 2004-2008 წლებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიით არჩეული პარლამენტის წევრი იყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული ორგანოა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის როგორც საჯარო დაწესებულება აცნობიერებდეს საკუთარ პასუხისმგებლობას, დაუბრკოლებლად და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოს ჟურნალისტების დაშვება ადგილობრივი თვითმმართველობის შენობებში ჩატარებულ ღონისძიებეზე და ასევე, საშუალება მისცეს ჟურნალისტებს კითხვები დაუსვან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ხელისუფლების ორგანოები შერჩევითად არ უნდა უდგებოდნენ მედიის წარმომადგენლებს და ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ მედიის ყველა საშუალებასთან, მიუხედავად მათი სარედაქციო პოლიტიკისა და მფლობელებისა. ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ვთხოვთ, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას და ადგილობრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა განაახლოს.

ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტები მიუკერძოებლად აშუქებდნენ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას აწვდიდნენ. ტელეკომპანია „ოდიშის“ მესაკუთრეები, მისი მენეჯმენტი და თანამშრომლები უნდა იცავდნენ ეთიკის წესებს და პროფესიულ სახელმძღვანელო პრინციპებს. მედია საშუალებებმა მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსტრუქციული სამუშაო ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

---

პროგრამა G-MEDIA USAID–ის მეშვეობით გადმოცემული ამერიკელი ხალხის დახმარებით ხორციელდება. ანგარიშის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებები „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკუთვნის და ა.შ.შ.–ის მთავრობის, USAID–ის ან IREX–ის პოზიციას არ გამოხატავს.

USAIDIREX Georgia

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“
Media