ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასწორად განსაზღვრული პრიორიტეტები
ყოველი წლის 1 მარტს იწყება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი1 და სრულდება ახალი წლის დაწყებამდე მისი დამტკიცებით. ბიუჯეტის პროექტის, პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებაზე, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო (გამგეობა/მერია), ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე კი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო).
როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ათეულ ათასობით ლარი იქნა გახარჯული ისეთ პროექტებზე, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებს. ნაკლები ყურადღება ეთმობოდა სოციალური პროექტების განხორციელებას:
მაგალითისათვის, სოფელ ონარიის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებას. მიუხედავად ამისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება, მაშინ როცა ანაკლიაში რამდენჯერმე გამართულ მოდების ჩვენებაში ჯამში 30 ათას ლარამდე დაიხარჯა.
ეს ტენდენცია სამწუხაროდ მიმდინარე წელსაც გრძელდება. მაგალითად, 2013 წლის ბიუჯეტით ხანდაზმულთა სოციალური დაცვისათვის მხოლოდ 10 ათასი ლარია გამოყოფილი, დევნილთა მხარდაჭერის პროგრამისთვის - 30 ათასი ლარი და შემცირებულია მოქალაქეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათები, კულტურული ღონისძიებებისთვის კი მიმდინარე წლის ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული. აქედან, მარტის თვეში ქალთა საერთაშორისო და ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან უკვე დაიხარჯა ჯამში 9319 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის 2013 წლის ბიუჯეტის მხოლოდ 4%-ია მიმართული სოციალურ პროგრამებზე და ისინიც არასწორად არის დაგეგმილი. მაგალითად, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსმა გოგი რევიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგელს განუცხადა „უფასო სასადილოს“ სერვისი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარით ფინანსდება. ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ 57000 და დაბალი სარეიტინგო ქულა.2 დღევანდელი მონაცემებით, ეს რიცხვი 12692-ს აღწევს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, „უფასო სასადილოს“ სერვისით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული მათგანისთვის. თუმცა ბატონი გოგი რევიას განცხადებით, რადგანაც მუნიციპალიტეტს აქვს მწირი საბიუჯეტო რესურსები, ეს სერვისი გათვლილია მხოლოდ 200 ბენეფიციარზე. მისივე თქმით, გამგეობის სოციალურ სამსახურს აქვს დამატებითი მექანიზმები/კრიტერიუმები „უფასო სასადილოს“ სერვისით მოსარგებლე პირთა შერჩევისა, რომლებიც ოფიციალურად გაწერილი არ არის. შესაბამისად, გაურკვეველია რეალურად რა კრიტერიუმებით ხდება ბენეფიციარების შერჩევა. ზემოხსენებული მაგალითის შემთხვევაში ნათელია, რომ საქმე გვაქვს საბიუჯეტო რესურსის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებზე განაწილების გარკვეულად დისკრიმინაციული მეთოდის გამოყენებასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, საბიუჯეტო რესურსები შეზღუდულია, მნიშვნელოვანია მისი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ასევე აუციებელია:
-
ბიუჯეტის დაგეგმვის, პრიორიტეტების დოკუმენტის განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა;
-
ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს წინა წლების გამოცდილება და ამის საფუძველზე მოხდეს საჭიროებათა განსაზღვრა;
-
ჩამოყალიბდეს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების კონკრეტული მექანიზმები/კრიტერიუმები, რათა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროებებს იყოს მორგებული და საჯარო ფინანსების ხარჯვა თვითმმართველობათა ექსკულზიურ უფლებამოსილებების განხორციელებისკენ მიმართული.
-
ადგილობრივი თვითმმართველობების აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა გააუმჯობესონ საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა საბიუჯეტო განაცხადის შევსებაში ადგილობრივი მხარჯავი დაწესებულებების დახმარებით3.
საქართველოს მთავრობამ დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რაც ცალსახად პოზიტიური ინიციატივაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ რეფორმის ეფექტურად იმპლემენტაციისა და დასრულებისთის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პერსონალის შესაბამისი მომზადება, რათა მათ ზუსტად შეასრულნ მათზე რეფორმის შედეგად დაკისრებული ახალი ფუნქციები და ვალდებულებები. ახალ ფუნქციებს შოროის უმთავრესი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა იქნება.
[1] “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”, მუხლი 76, მე-3 პუნქტი
[2] ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.12.2012 წლის დადგენილება N43 ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5.3.1.
[3] მხარჯავი დაწესებულება ფულს საბიუჯეტო განაცხადით ითხოვს ( „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, მუხლი 77, მე-3 პუნქტი)