ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი – რა რეკომენდაციები გაითვალისწინა ადგილობრივმა თვითმმართველობამ

26 ნოემბერი, 2013

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას 2013 წლის 18 ნოემბერს წარუდგინა. ბიუჯეტის პროექტი საკმაოდ კარგად არის გაწერილი. მასში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეკომენდაციების დიდი ნაწილი, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ პრიორიტეტებს ეხებოდა, იქნა გათვალისწინებული. კერძოდ:

  • გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურმა ე.წ. უფასო სასადილოს დამატების შესახებ ზეპირი გადაწყვეტილება ოფიციალურ დოკუმენტში ასახა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საჯარო უწყებას ამ რეკომენდაციით მიმდინარე წლის 16 ივნისს მიმართა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო ქალაქის განაპირა უბანში კიდევ ერთი ე.წ. უფასო სასადილოს დამატება სოციალურად დაუცველი პირებისათვის. ბიუჯეტის პროექტის განმარტების ბარათში აღნიშნულია: “სოციალურად დაუცველი მოსახლებისათვის უფასო სასადილოს მომსახურება გათვალისწინებული იქნება 50 ბენეფიციარით მეტი და მთლიანობაში მოემსახურება 250-მდე მოქალაქეს ორ კვების ობიექტში. უფასო სასადილოს ახალი ნაწილი სავარაუდოდ იფუნქციონირებს ი.ქ.კ. ტერიტორიაზე”.

  • მუნიციპალიტეტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას შეღავათების დაწესების რეკომენდაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაციები 2013 წლის 26 ივნისს გადაუგზავნა. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ შეღავათები მხოლოდ სტუდენტებზე გავრცელდება: „მ/წლის ახალი სასწავლს წლიდან გათვალისწინებული იყო სტუდენტთა შეღავათიანი მგზავრობის პროგრამა მუნიციპალური ტრანსპორტით. მართალია პროგრამა დღემდე ამოქმედებული არ არის. ამასთან, ჩატარებულია გარკვეული სახის სამუშაოები და სავარაუდო წლის ბოლოს თავიდან ამოქმედება, 2014 წელს პროექტით გათვალისწინებულია ამ დანიშნულებით თანხების გამოყოფა“.

  • ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფელ ხურჩის მოსახლეობისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თემა იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2013 წლის თებერვალში მომზადებული წერილის მთავარი საკითხი. ორგანიზაციის ინიციატივით, ამ საკითხზე სოფლის მკვიდრებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ორგანიზაციის მიერ მომზადებული წერილი მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაუგზავნეს. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ: „საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობაზე ზრუნვისა და ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის თანადაფინანსება (ხურჩა) ადგილობრივი სტუდენტებისათვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის  თანადაფინანსება“.

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ზაფხულში გამოაქვეყნა კვლევა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნაგავსაყრელის, მოსახლეობის მხრიდან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და სამედიცინო ნარჩენების შესახებ. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტი გეგმავს მოსაკრებლის ამოსაღებად ეფექტური მექანიზმის ამოქმედებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით მდგომარეობის მოწესრიგებას.

  • მუნიციპალიტეტი მომავალი წლის ბიუჯეტში აღარ გააგრძელებს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ერთჯერადად 100 ლარის გაცემის პრაქტიკას. ამის ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობა გეგმავს ამ მიმართულებით დასახარჯი თანხით მიუსაფარი ოჯახებისთვის თავშესაფრის აშენებას. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის სოციალური საცხოვრისი ყველა მიუსაფარ მოქალაქეს ვერ დაიტევს, თუმცა ვფიქრობთ, რომ ასეთი მიდგომა გაცილებით უფრო ეფექტური იქნება წინა წლებში დამკვიდრებულ პრაქტიკასთან შედარებით.

მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებს და ღიაა რეკომენდაციების მისაღებად, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ზრდის ადგილობრივი დემოკრატიის ხარიხს და ქმნის საფუძველს რეალური თვითმმართველობის ჩამოსაყალიბებლად.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“