ENG

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად საკუთარი ბიუჯეტის ხარჯვა უწევს

13 მარტი, 2019

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილებისათვის თანხებს საკუთარი შემოსავლებიდან ხარჯავს.  იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტების, მათ შორის ზუგდიდის ბიუჯეტი მწირია და არ არის საკმარისი თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორცილებისათვის, დელეგირებული უფლებამოსილებების განხორცილება მერიას დამატებით ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს.

კანონის შესაბამისად, დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადგილობრივი თვითმმართველობა ფინანსური რესურსით სრულად უნდა უზრუნველყოს იმ ორგანომ, რომელიც ახდენს უფლებამოსილებების დელეგირებას[1]. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, ასეთი ადმინისტრაციული ორგანოებია რეგიონული განვითარების სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 350 ათასი ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტი კი, თავის მხრივ, 220 ათას ლარს ამატებს.

ზუგდიდის მერია შემდეგ უფლებამოსილებებს ახორციელებს:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, კონტროლი, იმუნოპროფილაქტიკა და ა.შ.)
  • ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა)
  • დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (სოციალური დახმარების გაწევა)
  • ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (წვევამდელთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა)

ოთხიდან სამ შემთხვევაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი თანხებს საკუთარი შემოსავლებიდანაც ხარჯავს,  სიტუაცია ანალოგიური იყო 2018 წელსაც. ჯამში, 2018-2019 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებების შესასრულებლად, ნახევარ მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსი საკუთარი მწირი ბიუჯეტიდან დახარჯა:

შესაბამისად მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კანონდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, თვითმმართველობებზე უფლებამოსილების დელეგირებისას უზრუნველყოს შესაბამისი ოდენობის ფინანსური და მატერიალური რესურსის გამოყოფა.

 


[1] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 15, მე-3 ნაწილი

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“