ENG

ვინ და როგორ ითვლის თბილისში მოსაჭრელ ხეებს

01 აპრილი, 2013

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცის“ ხელთ არსებული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ დედაქალაქის გამწვანების სფეროში არსებული მდგომარეობა დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს როგორც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების, ისე დაინტერესებული საზოგადოების მხრიდან. ამასთან, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დაგეგმილი სამუშაოს შესახებ გავრცელებული ბოლო ინფორმაცია მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს ამ სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით. არსებობს საფრთხე, რომ ქალაქის ბიუჯეტში გამწვანებისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯება და იმავდროულად ზიანი მიადგება ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ტენდერი ხეების ჭრაზე

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თბილისი მერიას ამჟამად გამოცხადებული აქვს ტენდერი ქ. თბილისის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის, გადაბელვის და ფორმირების მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2200 (ხმელი, ავარიული, დაავადებული) ხის მოჭრის, 650 ხის გადაბელვის და 6000 ხის ფორმირების მომსახურების შესყიდვა. მომსახურების სავარაუდო ღირებულებად მერიას 300 000 ლარი აქვს მითითებული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული სამუშაო უნდა შესრულდეს „თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის შესაბამისი დებულების და 2009 წლის 29 სექტემბრის N1 ბრძანებით შექმნილი შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ 2013 წელს განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი აქტების შესაბამისად (რომელიც შედგენილი იქნება სტიქიური (ქარიშხალი, სეტყვა, მეწყერი და სხვა) მოვლენების დროს და ასევე გამწვანების საქალაქო სამსახურში შემოსული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წერილობითი მომართვებით), და ასევე ქ. თბილისის ტერიტორიაზე ჩატარებული ფიტო-სანიტარული კვლევის დასკვნების საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება მწვანე ნარგავების ფორმირების, გადაბელვისა და მოჭრის სამუშაოები, მისამართების მიხედვით.“

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ანალოგიური ტენდერი მიმდინარე წლის იანვარშიც გამოაცხადა, თუმცა ტენდერი მოგვიანებით შეწყდა შპს „თბილისის შადრევნების“ წარმომადგენელ ირაკლი ჟვანიას საჩივრის საფუძველზე. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია არასრული იყო, რადგანაც არ შეიცავდა აგროსტანდარტების შესაბამის დასკვნას (რომლის მიხედვითაც დასაბუთებული იქნებოდა მოჭრის აუცილებლობა და მოსაჭრელი ხეების რაოდენობა) და არც მოსაჭრელი ხეების ადგილმდებარეობა იყო მითითებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თბილისის მერიას დაავალა „მინიმუმ იმ ხეთა მდებარეობის მითითება სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელთა მიმართაც მომსახურების გაწევის საჭიროება უკვე ცნობილი და დასაბუთებულია.“ 

თბილსის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა 28 თებერვალს და განახლებულ დოკუმენტაციაში მართლაც მიუთითა ხეების გარკვეული რაოდენობა და ადგილმდებარეობა, რომელთა მოჭრის, გადაბელვის ან ფორმირების აუცილებლობა დადგენილია 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია კვლავაც ტოვებს კითხვებს დაგეგმილი სამუშაოს დასაბუთებულობისა და მიზანშეწონილობის თაობაზე.

კერძოდ, ტენდერით გათვალისწინებულია 2013 წელს თბილისში 2200 ძირი ხის მოჭრა, 650 ხის გადაბელვა და 6000 ხის ფორმირება. იმავე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 2012 წლის დეკემბერსა და 2013 წლის იანვარში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა სულ 9 ხის მოჭრის, 19 ხის გადაბელვისა, და 17 ხის ფორმირების საჭიროება. ამ ორი თვის მონაცემების გათვალისწინებით, გაუგებარია, თუ რა გათვლების საფუძველზე დაადგინა თბილისის მერიამ იმ ხეების რიცხვი, რომლებიც 12 თვის განმავლობაში უნდა მოიჭრას, ან გადაბელვა და ფორმირება უნდა ჩაუტარდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერის ხელახლა გამოცხადების შემდეგ მერიამ დაგეგმილი სამუშაოს მოცულობა და ღირებულებაც გაზარდა (თავდაპირველი სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული იყო 1990 ხის მოჭრა, 500 ხის გადაბელვა, და 3300 ხის ფორმირება, ხოლო სამუშაოს სავარაუდო მთლიანი ღირებულება 280 000 ლარს შეადგენა). ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

თბილისში რეალურად მოსაჭრელი ხეების რიცხვი შეიძლება 2200-ზე მეტი ან ნაკლები იყოს, მაგრამ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ორი თვის მონაცემებსა და მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი ჭრების მოცულობას შორის არსებული დიდი შუსაბამობა სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მოსაჭრელი ხეების იდენტიფიცირებისა და აღირცხვის სისტემაში.

ფიტოსანიტარული კვლევები

ცალკე განხილვას იმსახურებს ფიტოსანიტარული კვლევების საკითხი (რომელთა დასკვნები, იმავე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ქალაქში ხეების მოჭრის ძირითადი საფუძველი უნდა იყოს).

თბილისის მერიის მიერ ხსენებული სამუშაოს (ქ. თბილისის და მის შემოგარენის მწვანე საფარის ფიტოსანიტარული გამოკვლევა, მავნებელ დაავადებათა შესწავლა–გამოვლინება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა) შესრულებაზე 2011 და 2012 წლებში ჩატარებულ ტენდერებში შპს „ფორესთ კონსალტინგმა“ გაიმარჯვა. ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცე“ 2011 წლიდან ცდილობს იმის დადგენას, ტარდება თუ არა რეალურად ტენდერების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისიწინებული კვლევები. 2011 წლის დეკემბერში „უსაფრთხო სივრცემ“ ამ საკითხზე სასამართლოსაც მიმართა და მოითხოვა, რომ თბილისის მერიას წარმოედგინა კომპანიასთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და მერიის ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მართლაც შესრულდა. თბილისის საქალაქო სასამათლოს განჩინების თანახმად (საქმე N3/706-12, 19.04.2012), თბილისის მერიის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა მიღება-ჩაბარების აქტები და განახცადა რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული რაიმე სხვა მასალა მერიას არ მოეპოვება.

მართალია საქალაქო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა „დავის საგნის არარსებობის“ გამო, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ თბილისის მერიას (მისივე წარმომადგენლის განცხადებით) მიღება-ჩაბარების აქტების გარდა ამ საქმესთან დაკავშირებული რაიმე სხვა დოკუმენტი არ გააჩნია, საფუძვლიან ეჭვებს ბადებს იმის თაობაზე, მართლაც შესრულდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო. მერიასა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად (პუნქტი 6.3), მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ინსპექტირების ჯგუფის დასკვნისა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე. ამრიგად, უკანასკნელი ორი კატეგორიის დოკუმენტების არარსებობა მართლაც უცნაურია.

თბილისის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში კვლავ გამოაცხადა ანალოგიური ტენდერი, რომელიც დღეისთვის დასრულებული არ არის, თუმცა ტენდერში, სავარაუდოდ, ისევ „ფორესთ კონსალტინგი“ გაიმარჯვებს. ამ კომპანიის გარდა ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, ინდივიდუალური მეწარმე „მაკა ზაალიშვილი საბა“ მონაწილეობდა, რომელიც დისკვალიფიცირებულ იქნა ტექნიკურ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო. საინტერესოა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ხსენებული ინდივიდუალური მეწარმის ელექტრონული ფოსტის მისამართი (besomamaladze@yahoo.com) ემთხვევა შპს „ფორესთ კონსალტინგის“ ელექტრონული ფოსტის მისამართს, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაშია მოცემული. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი როგორც იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა რეალურად „ფორესთ კონსალტინგი“ და „მაკა ზაალიშვილი საბა“ ერთმანეთის კონკურენტები, ისე მთლიანად სატენდერო პროცესის კეთილსინდისიერების თაობაზე.

რეკომენდაციები

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იკვეთება რამდენიმე ყურადსაღები გარემოება. კერძოდ:

  • არსებობს საფრთხე, რომ ტენდერის გზით დახარჯული საბიუჯეტო სახსრები არ იქნება გამოყენებული რეალურად არსებული საზოგადოებრივი საჭიროების დასაკმაყოფილებლად (მაგალითად, რეალურად გამხმარი ხეების მოსაჭრელად, ან იმ ხეების გადასაბელად, რომლებსაც გადაბელვა მართლაც ესაჭიროება).

  • სამწუხაროდ, ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქალაქში ხშირია საღი ხეების მოჭრის ფაქტები, მაშინ როდესაც გამხმარი ხეები ზოგიერთ შემთხვევაში წლობით დგას ხელუხლებლად. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, სწორედ ხეების აღრიცხვის და მოსაჭრელი ხეების გამოვლენის გამართული სისტემის არარსებობაა.

  • სისტემის გაუმართაობის შედეგად საღი ხეების მოჭრისას, ერთის მხრივ, ზიანი ადგება ქალაქის ეკოლოგიას, ხოლო, მეორეს მხრივ, საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან.

პრობლემის გადაჭრისა და კორუფციის რისკის შემცირების შესაძლო გზები:

  • ეს ორი სერიოზული პრობლემა, რომ თავიდან ავიცილოთ, აუცილებელი ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ  ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხსენებული მიზნებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევებში იხარჯებოდეს, როდესაც სამუშაოს განხორციელების აუცილებლობა შესაბამისი კომპეტენტური დასკვნით დასტურდება. სხვა შემთხვევაში, კვლავაც იარსებებს მომეტებული რისკი იმისა, რომ საბიუჯეტო სახსრები კონკრეტული მოხელეებისა თუ კომპანიების კერძო ინტერესებიდან გამომდინარე დაიხარჯოს (ქალაქის, მისი მოსახლეობისა და ეკოლოგიის საზიანოდ). ასეთი რისკის არსებობის გამო, შესაძლოა გამწვანების სფერო ერთგვარი გამონაკლისიც იყოს, სადაც განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნები დაწესდება შესყიდვების წარმოების მხრივ.

  • არსებული სისტემა, როგორც ჩანს, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს ზედმეტ თავისუფლებას ანიჭებს, როგორც წლის მანძილზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობის გამოთვლისას, ისე კერძო სუბიექტებისთვის ხის მოჭრის ნებართვის გაცემის მხრივ. შედეგად, ბოლო წლებში იყო შემთხვევები, როდესაც სამსახური საზოგადოებრივ სივრცეში არსებული საღი ხეების მოჭრის ნებართვას გასცემდა კერძო სუბიექტებზე (ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მათი პოლიტიკური კავშირებიდან გამომდინარე).

  • ამდენად, აუცილებელია, ერთის მხრივ, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის დისკრეციის შეზღუდვა ხსენებულ სფეროში მკაფიო და არაორაზროვანი ნორმების დაწესების გზით, მეორე მხრივ კი სამსახურის პრაქტიკულ საქმიანობაზე რეალური კონტროლის განხორციელება, როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს), ისე შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

აქ განხილული საკითხები, ისევე როგორც ბოლო წლებში ამ სფეროში გამოვლენილი პრობლემები (მაგალითად, მშენებლობები ქალაქის პარკებსა და ბაღებში, სარეკრეაციო ზონების კერძო მფლობელობასა თუ მენეჯმენტში გადაცემა, ხე-მცენარეების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი დარღვევები) იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ თბილისს დღესდღეობით არ გააჩნია გამწვანების მართვის ეფექტიანი სისტემა, რაც საფრთხეს უქმნის ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას და გრძელვადიან მდგრად განვითარებას.

აქედან გამომიდნარე, საჭიროა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ (მერიამ, საკრებულომ) და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისმა უწყებებმა (პირველ რიგში გარემოს დაცვის სამინისტრომ) დაუყოვნებლივ წამოიწყონ ზემოხსენებული პრობლემების საჯარო განხილვის პროცესი, დაინტერესებული მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მაქსიმალურად ფართო წრის მონაწილეობით. პროცესის საბოლოო მიზანი უნდა იყოს იმგვარი საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმების შექმნა, რომლებიც ქალაქის გამწვანების შენარჩუნებასა და სამომავლო განვითარებას უზრუნველყოფს. 

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“