ENG

ვინ მიიღებს ანაკლიის პორტის მშენებლობის ნებართვას?

16 ივლისი, 2015

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია მიმდინარეობს მსჯელობა ახალი პორტის აშენების თაობაზე, რომლის ადგილადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია მოიაზრება.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ანაკლიის ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი ქალაქის „ლაზიკა“ აშენება, სადაც უნდა აშენებულიყო საზღვაო პორტიც, თუმცა იდეა ვერ განხორციელდა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო განხილვები არა ახალი ქალაქის, არამედ მხოლოდ პორტის აშენების თაობაზე, რომელიც თავდაპირველი ვერსიით „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ მოზიდული კაპიტალით უნდა აშენებულიყო.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ანაკლიის ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი ქალაქის „ლაზიკა“ აშენება, სადაც უნდა აშენებულიყოსაზღვაო პორტიც, თუმცა იდეა ვერ განხორციელდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო განხილვები არა ახალი ქალაქის, არამედმხოლოდ პორტის აშენების თაობაზე, რომელიც თავდაპირველი ვერსიით „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ მოზიდული კაპიტალით უნდა აშენებულიყო. შემდგომში ამ საკითხს პატრონაჟს საპარტნიორი ფონდი უწევდა,  მისი დაკვეთით იაპონურმა კონსორციუმმა “Oriental Consultants Company Limitedm” შავი ზღვის აკვატორიაში კვლევა ჩაატარა და ახალი პორტისთვის საუკეთესო ადგილას სწორედ ანაკლია შეარჩია.

საბოლოოდ, 2014 წლის აგვისტოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. მთავრობის განკარგულებით შეიქმნა ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარმოდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობა 7 ეტაპად წარიმართება. მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტი გათვლილი უნდა იყოს შერეული ტვირთისთვის და მოემსახუროს როგორც კონტეინერებს, ისე – თხევად, მყარ და მშრალ ტვირთებს. კონკურსში გამარჯვებული კომპანია 2015 წლის სექტემბერში გამოვლინდება, პორტის მშენებლობა კი 2016 წელს დაიწყება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ინტერესი პირველ ეტაპზე 12 კომპანიამ გამოხატა, რომელთაგან მთავრობის მიერ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით, 7 კომპანია შეირჩა:

  1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (საფრანგეთი);
  2. MITSUI & CO., LTD (იაპონია); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (იაპონია, კონსორციუმი)
  3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (საქართველო);
  4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (ლუქსემბურგი);
  5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (საქართველო); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი); (კონსორციუმი);
  6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (აშშ); DIA HOLDING FZCO (არაბეთის გაერთიანებული ემირატები); (კოსორციუმი);
  7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (ჩინეთი).

სამთავრობო კომისიის 2015 წლის მაისის გადაწყვეტილებით, საბოლოო წინადადებების წარდგენის შესაძლებლობა 7 პრეტენდენტიდან ორს მიეცა:

  1. ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას მიერ დაფუძნებული კონსორციუმი: ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN POWER ENGINEERING CO., LTD (ჩინეთი); BRITISH ECO POWER LTD (დიდი ბრიტანეთი); სპარტაკ ერაგია – ფიზიკური პირი);
  2. „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის დააარსებული კონსორციუმი: JSC Anaklia Development Consortium, რომელშიც შედიან Conti International LLC – (Conti Group) (აშშ) და TBC Holding LLC (საქართველო).

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა, თუ ვინ არიან კონკურსის საბოლოო ეტაპზე გასული კომპანიების ორი ჯგუფის ხელმძღვანელები. ქვემოთ წარმოგიდგენთ ჩვენ მიერ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას.

თეიმურაზ ქარჩავა

თეიმურაზ ქარჩავა წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საქმიანობდა. ის ფლობდა „VIP კლუბ ნაციონალს“ ქალაქ მოსკოვში. ქარჩავა 2004 წელს ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. (ბლოგის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ თეიმურაზ ქარჩავას წარმომადგენლები და მოგვაწოდეს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ 2006 წლის 27 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თეიმურაზ ქარჩავა სასამართლომ გაამართლა, რის საფუძველზეც გათავისუფლდა პატიმრობიდანაც)

თეიმურაზ ქარჩავამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლიდან დაიწო. მის მიერ 100% წილობრივ მფლობელობაში არსებულ კომპანიას „ანაკლია პორტი“ სოფელ ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა. შპს „ანაკლია პორტმა“ 2009 წლის 20 ოქტომბერს მიიღო რეგიონული სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის კონტრაქტი, რომელიც პორტის, სატვირთო აეროპორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობებს და ახალი დასახლების ელეტროენერგიითა და საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოებს მოიცავდა. „ანაკლია-პორტს“ ამ ობიექტებში 2013 წლამდე 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. სანაცვლოდ მან 6 340 445 ლარად მიიღო 2 113 ჰა მიწა, ანუ 298 კერძო მიწის ნაკვეთი. 2010 წლის 10 ივნისს თემურ ქარჩავამ „ანაკლია-პორტი“ და მისი მრავალმილიონიანი ქონება 2000 ლარად მიჰყიდა ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე რეგისტრირებულ Olimp Management-ს. 27 სექტემბერს Olimp Management-ის ერთადერთმა დირექტორმა, რია კლაინმა, ქარჩავა შპს „ანაკლია-პორტის“ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა.

2012 წლის ზაფხულში მთავრობამ „ანაკლია-პორტის“ ქონების კონფისკაცია მოახდინა იმ მიზეზით, რომ კომპანია მშენებლობისთვის დათქმულ ვადებში ვერ ეტეოდა. ქარჩავა ამტკიცებს, რომ მთავრობამ შეთანხმება მას შემდეგ გააუქმა, რაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი დასახლების, ლაზიკის, მშენებლობის შესახებ გამოაცხადა.

2012 წლის სექტემბერში ეკონიმიკის სამინიტრომ თეიმურაზ ქარჩავას უჩივლა სასამართლოში და მისგან საინვესტიციო პირობების დარღვევისათვის 100 მილიონ აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შპს „ანაკლია პორტს“ 240 ათასი ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრა, რომელიც 2013 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ი სომხეთის რესპუბლიკაში 600 მილიონიანი ინვესტიციის განახორციელებას გეგმავს, შედეგად უნდა აშენდეს თბოელექტროსადგური. მედიისათვის ქარჩავას მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ამ თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ქართული მხარე შეიძენს და ის სრულად ანაკლიის პორტის მშენებლობას მოხმარდება

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, თეიმურაზ ქარჩავა წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ:

რაც შეეხება თეიმურაზ ქარჩავას მიერ შექმნილ კონსორციუმში შემავალ კომპანიებს:

  • Hubei Hongyuan Power Engineering Co., Ltd 1998 წელს შექმნილი ჩინური კომპანიაა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ელექტროინჟინერია და ელექტროტექნოლოგიების წარმოება. დღიდან დაარსებისა კომპანიას აშენებული აქვს11 ელექტრო სადგური (ჯამური ენერგია 3 390 MW), 2 568 კმ. სიგრძის ელექტრო გადამცემები და 4 ქვეელექტრო სადგური (ჯამური ენერგია – 1 200 MVA). კომპანია მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობს.
  • British Eco Power არის ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ბრიტანული კომპანია, რომელიც უწევს მენეჯმენტს სამთავრობო და ინსტიტუციურ პროექტებს. იგი ასევე ქმნის სხვადასხვა სახის პროექტებს საკუთარი სამშენებლო კომპანიებისა და კონსორციუმებისათვის. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ჰიდროენერგეტიკა, გეოთერმული ენერგეტიკა, ბიომასის ენერგეტიკა (Biomass Energy), ასევე თორიუმის ბირთვული ენერგია და მცირე ბირთვული რეაქტორები.

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ის 1995 წლიდან ასევე არის კომპანია „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების“ (GG&MW Co. N. V. ამჟამად Borjomi Beverages Co.N.V.) დამფუძნებელი და პარტნიორი. 2004 წლიდან მამუკა ხაზარაძე არის საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) დამფუძნებელი და პარტნიორი. 2007 წლიდან ხაზარაძე ხელმძღვანელობს კომპანია „ლისის ტბის განვითარებასაც“. მამუკა ხაზარაძე თბილისში ამერიკული აკადემიის (American Academy in Tbilisi) ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეა.

მამუკა ხაზარაძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობის მიზნით დაარსა და ამ პროექტში იგი ამერიკულ კომპანია Conti Group-თან თანამშრომლობს.

კონტი ჯგუფი ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგია, იგი საქმიანობს როგორც აშშ-ს ტერიტორიაზე, ასევე მსოფლიო მასშტაბით. კონტი ჯგუფი მთავრობებს და კერძო კლიენტებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: განვითარება, დიაზაინი, მშენებლობა, მშენებლობის მართვა, სხვა სახის ოპერაციული და ტექნიკური მომსახურება. კონტი ჯგუფს განხოცილებული აქვს 400 მეტი პროექტი ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ინდუსტრიულ და გარემოს დაცვით სფეროებში.

მამუკა ხაზარაძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებლებთან ერთად მიმდინარე წლის მაისში შეხვედრა გამართა ჩინურ კომპანიებთან, რომელსაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ პორტის მშენებლობის საკითხში პოტენციურ პარტნიორებად მოიაზრებს.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მამუკა ხაზარაძე წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ:

ანაკლიის პორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ზოგადად, სახელმწიფოს სტრატეგიული მნიშვნელობის გაძლიერებისათვის. გეგმის მიხედვით, იგი იქნება ყველაზე დიდი პორტი საქართველოში, რომელიც შეძლებს ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემების (უმსხვილესი, 40 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემი, რომელსაც არხში გავლა შეუძლია) მიღებას, მის მშენებელობაზე და შემდგომ ექსპლუატაციაზე დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, რაც თავისთავად შეამცირებს უმუშევრობის მაჩვენებელს ქვეყანაში, პორტისგან მიღებული შემოსავლები კი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. ანაკლიის პორტის აშენება ასევე გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული და სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით სტრატეგიული სახელმწიფოს მნიშვნელობას.

აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოება – სოფელ ანაკლიაში იქ, სადაც ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა მოაზრებული, არაერთი მოქალაქე ფლობს კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთებსა თუ სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობებს. რამდენიმე ათეულ მოქალაქეს კი ამ ადგილებში არსებული უძრავი ქონება 2010-2012 წლებში კანონდაღვევით ჩამოერთვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს რამდენიმე მათგანის უფლებებს, მხოლოდ მიმდინარე წელს ჩვენი დახმარებით ოთხმა მოქალაქემ აღიდგინა საკუთრების უფლება ანაკლიაში სანაპირო ზოლში არსებულ მიწებზე.

მნიშვნელოვანია, რომ პორტის მშენებლობის დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს საკუთრების უფლების დაცვას, შეისწავლოს ანაკლიაში ამ კუთხით არსებული პრობლემები და მიიღოს ქმედითი ზომები როგორც საკუთრების უფლების უზრუნველყოფის, ასევე უკვე დაზარალებულ მესაკუთრეთა ინტერესების დაცვის მიზნით.

Author: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“