ვინ არიან და რას ფლობენ მინისტრობის კანდიდატები? - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

ვინ არიან და რას ფლობენ მინისტრობის კანდიდატები?

25 ივლისი, 2014

 

 ფოტო: საქართველოს მთავრობის ვებგვერდი

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი სამინისტროს ახალი ხელმძღვანელები წარადგინა. ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილებაა და პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას საჭიროებს. ახალი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტს პრეზიდენტმა უკვე წარუდგინა. პარლამენტმა შვიდი დღის ვადაში უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს მთავრობის ახალ შემადგენლობას.

მინისტრობის ორი კანდიდატი – სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი მინისტრთა კაბინეტის წევრები აქამდეც იყვნენ. სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს ნაცვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ჩაუდგება სათავეში, ხოკრიშვილი კი ინფრასტუქტურის სამინისტროდან გარემოს დაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს.

დანარჩენი ხუთი კანდიდატიც საჯარო მოხელეები არიან, თუმცა საზოგადოებას მათთან დაკავშირებით ნაკლები ინფორმაცია აქვს. სწორედ ამიტომ, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა ინფორმაცია მათი საქმიანობის, ქონებრივი მდგომარეობისა და ბიზნესინტერესების შესახებ.

ოთარ დანელია – სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი

ოთარ დანელია 2014 წლის აპრილიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილეა. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ის წარსულში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (სსიპ) დირექტორი იყო (2014), იქამდე კი შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტმანეტის უფროსის მოადგილე (2013-2014). დანელია წარსულში ასევე კომპანია „სილქნეტსა“ (2011-2013) და ბანკ „რესპუბლიკაში“ (2009-2011) მუშაობდა.

რაც შეეხება მის ქონებას, ოთარ დანელია ოთხი კომპანიის მეწილეა: შპს „მეგა დომესტიკ“ (50%), შპს Smart House (100%), შპს Mega Construction (50%)  და Sky Motors (25%). არც ერთ ამ კომპანიას არ აქვს მონაწილეობა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებში. ონლაინ წყაროებში არ მოიპოვება ინფორმაცია ამ კომპანიების საქმიანობის შესახებ. შპს Smart House-ზე რეგისტრირებულია 359 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე.

უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელიას საკუთრებაშია ბინა თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე (161 კვ.მ), ასევე,  ბინა და ავტოფარეხი თბილისში ჩოლყაშვილის ქუჩაზე (99 კვ.მ.), ასევე, ორი საცხოვრებელი სახლი (თითოეული 265 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ და 602 კვ.მ) დაბა შინდისში და არასაცხოვრებელი ფართი (35 კვ.მ) ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დავით შავლიაშვილი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი

დავით შავლიაშვილი 2013 წლის მაისიდან მოყოლებული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული მისი ბიოგრაფიის თანახმად, შავლიაშვილი ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (სსიპ) უფროსი იყო (2012-2013). ის რამდენიმე კომპანიის – შპს „პარტნიორი“, შპს „კომპიქსი“, შპს „Smart Way Group“ და შპს „გლობალვტოსპეცტექნიკა“ – დამფუძნებელია.

ამჟამად, შავლიაშვილი არც ერთი ამ კომპანიის მეწილე აღარ არის. შპს „პარტნიორი“, შპს „კომპიქსი“ და შპს „გლობალავტოსპეცტექნიკა“ 2012 წლის დეკემბრის მერე დავით მჟავიას ეკუთვნის, რომელიც TV3-ის წილების 90%-ს ფლობს.

შავლიაშვილის უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის  შპს „სითის“ 4.5%-ს ფლობდა, თუმცა გასული წლის ივნისში მან ეს წილებიც დათმო და ამჟამად მეწილედ არც ერთ ქართულ კომპანიაში არ ფიქსირდება.

შავლიაშვილის სახელზე ასევე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება. მისი მეუღლე თათია იოსავა ფლობს ბინას თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე (58 კვ.მ.), ასევე ნაკვეთს წყნეთში (1163 კვ.მ.-ის 50%-ს) და თბილისში, გოძიაშვილის ქუჩაზე (214 კვ.მ.).

გელა დუმბაძე – დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი

გელა დუმბაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა.  იგი წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში მუშაობდა. 2001-2002 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

დუმბაძისა და მისი მეუღლის  სახელზე არც ერთი კომპანია არ არის რეგისტრირებული.

დუმბაძის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ძოწენიძის ქუჩაზე (90 კვ.მ.), ასევე მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (600 კვ.მ) და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზენობანში (150 კვ.მ.), რომლის თანამესაკუთრეებიც მალხაზ და დავით დუმბაძეები არიან.

დუმბაძის მეუღლე ირინა სულთანიშვილი ფლობს ბინას ყაზბეგის ქუჩაზე (33%, 100 კვ.მ) და სხვენს იმავე მისამართზე (78 კვ.მ.). ბინის თანამესაკუთრეები ვლადიმერ და ინესა სულთანიშვილები არიან.  

გიორგი მღებრიშვილი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი

გიორგი მღებრიშვილი 2013 წლის ბოლოდან დღემდე ქვემო ქართლის რწმუნებულის პოსტს იკავებდა, მანამდე კი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი  იყო (2013). მღებრიშვილი საჯარო სამსახურში წლების განმავლობაში მუშაობს.

მღებრიშვილისა და მის მეუღლის სახელზე არც ერთი ქართული კომპანია არ არის რეგისტრირებული. გიორგი მღებრიშვილის მამა, ანზორ მღებრიშვილი, ფლობს შპს T&G-ის 50%-ს, რაც მღებრიშვილის 2013 წლის დეკლარაციაში მითითებული არ იყო. ამ კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.  

გიორგი მღებრიშვილის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი (900 კვ.მ.) და საცხოვრებელი სახლი (90 კვ.მ.) წავკისში, მიწის ნაკვეთები წაღვერში (სულ 3000 კვ.მ.) და ბინა თბილისში ფოთის ქუჩაზე (100 კვ.მ.). მღებრიშვილის მეუღლის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (120 კვ.მ.).  

მიხეილ გიორგაძე – კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი

მიხეილ გიორგაძე მუსიკალური ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ გენერალური დირექტორი და ააიპ თბილისის საკონცერტო დარბაზის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. კანდიდატებს შორის იგი ერთადერთია, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, როგორც კომპანიის დირექტორი, რაც საჯარო მოხელეს კანონით ეკრძალება (კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუხლი 60). შესაბამისად, გამინისტრების შემთხვევაში მას მოუწევს ამ საქმიანობის შეწყვეტა.

გიორგაძეს ეკუთვნის „ისთერნ პრომოუშენსის“ 22.5% და შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ 20%. „ისთერნ პრომოუშენს“ 2012 წლის მარტიდან მოყოლებული პირდაპირი შესყიდვების გზით სხვადასხვა უწყებებიდან 1.5 მილიონი ლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტები აქვს მოპოვებული, მათ შორის არის ორი მსხვილი კონტრაქტი კულტურის სამინისტროსგან: 595,413 ლარის ღირებულების კონტრაქტი 2014 წელს შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ჩატარებისთვის და 2012 წელს იმავე მიზნით გაფორმებული 460,000 ევროს ღირებულების კონტრაქტი.

ბიზნესსა და მთავრობას შორის თანამდებობის პირთა მოძრაობას დასავლეთის ქვეყნებში „მბრუნავი კარის“ პროცესს უწოდებენ და მას ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე ახლავს თან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესიდან ხელისუფლებაში მოსულ პირს თანამდებობრივად სწორედ იმ სფეროს მართვა ევალება, სადაც ის ადრე ბიზნესს აწარმოებდა და კომერციული ინტერესები თუ კავშირები ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესიდან მოსული თანამდებობის პირის საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს ეჭვი, რომ თანამდებობის პირი მისი მართვის სფეროში კომერციულ ინტერესებს ინარჩუნებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამ პრობლემაზე ყურადღებას სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაშიც ამახვილებდა.

რაც შეეხება გიორგაძის სხვა ქონებას, მის სახელზე რეგისტრირებული ერთადერთი უძრავი ქონება არის ბინა გაბაშვილის ქუჩაზე (87 კვ.მ.). მისი მეუღლე ნინო ქომეთიანი ფლობს ბინას ჭავჭავაძის გამზირზე (166 კვ.მ.).

Author: ანა დაბრუნდაშვილი