უცხოური კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში გაორმაგდა - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ENG

უცხოური კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერებში გაორმაგდა

06 ნოემბერი, 2014

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მცირე კვლევა ჩაატარა სახელმწიფო ტენდერებში უცხოური კომპანიების მონაწილეობის შესახებ და სტატისტიკური მონაცემები შეკრიბა. ინფორმაცია მოძიებულია ჩვენი ტენდერების მონიტორინგის ვებგვერდისა tendermonitor.ge და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის tenders.procurement.gov.ge მეშვეობით.

2011-2014  წლებში სახელმწიფო ტენდერებში 150-მდე უცხოური კომპანია ფიგურირებს. ამ კომპანიებმა სულ დაახლოებით 250 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა. მათ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან 130 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.

მხოლოდ 2014 წლის 9 თვის განმავლობაში უცხოურმა კომპანიებმა სახელმწიფო კონტრაქტების გზით 73 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა წინა სამი წლის განმავლობაში მათმა შემოსავალმა ჯამში დაახლობით 58 მილიონი ლარი შეადგინა.

2011-2014 წლებში უცხოურმა კომპანიებმა წარმატებით დასრულებული ტენდერების დაახლოებით ნახევარში გაიმარჯვეს. (არ იგულისხმება შეწყვეტილი ან უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერები). უმეტეს შემთხვევებში, ისინი ქართულ კომპანიებთან მარცხდებოდნენ. 2014 წელს წინა წლებთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა უცხოური კომპანიებიდან შემოსული წინადადებების რიცხვიც. 2011-2013 წლებში კი ეს რიცხვი მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა.

მიუხედავად ამისა, უცხოური კომპანიების მონაწილეობის მაჩვენებელი სახელმწიფო ტენდერებში მაინც უმნიშვნელოა და ყველა ტენდერის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს.

ყველაზე მსხვილი უცხოელი კონტრაქტორები

2011-2014 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტენდერებში 40-ზე მეტმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათი უმეტესობა ევროპული ქვეყანაა. ყველაზე მეტი თანხა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული კონტრაქტებიდან თურქულმა კომპანიებმა მიიღეს. თურქული კომპანიების შემოსავალი უცხოური კომპანიების მიერ მიღებული მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 35%-ია. ტენდერებში მონაწილეობის სიხშირის მხრივაც თურქული კომპანიები ლიდერობენ. მათ 40-ზე მეტ ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, აქედან კი 25-ში გაიმარჯვეს.

საქართველოს სხვა მეზობელი ქვეყნები თურქეთს მნიშვნელოვანწილად ჩამოუვარდებიან. აზერბაიჯანისა და სომხეთის არც ერთ კომპანიას არ აქვს საქართველოში ტენდერი მოგებული. რაც შეეხება რუსეთს, რუსულმა კომპანია შპს „ინვესტროირეგიონმა” 2014 წელს სამშენებლოს სამუშაოების შესარულებლად ორი ტენდერი მოიგო - ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების.

2014 წელს, წინა წლებისგან განსხვავებით, მსხვილი კონტრაქტები გაფორმდა ავსტრიულ, რუსულ და ჩინურ კომპანიებთან. 2014 წლამდე კომპანიები ამ ქვეყნებიდან იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობდნენ სახელმწიფო ტენდერებში. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი კომპანიები, მაგალითად გერმანიის, დანიისა და ლიტვის ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას ქართულ სახელმწიფო ტენდერებში და მათ მიერ მიღებული შემოსავლებიც დიდია. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში შემოსავლების სიდიდე მხოლოდ რამდენიმე მსხვილი კონტრაქტიდან მოდის და არ ასახავს კონკრეტული ქვეყნიდან წამოსული წინადადებების სიხშირეს. მაგალითად, ავსტრიული კომპანიები მიღებული თანხების მიხედვით ოთხი წლის ჯამური მონაცემებით მესამე ადგილზე არიან, თუმცა მათ ჯამში მხოლოდ ოთხ სახელმწიფო ტენდერში აქვთ მონაწილეობა მიღებული.

უცხოურ კომპანიებთან გაფორმებული 20-ზე მეტი ტენდერი მილიონზე მეტი ლარის ღირებულებისაა. მათი დიდი ნაწილიც 2014 წელს გაფორმდა. ყველაზე მსხვილი 15 380 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი ავსტრიულ კომპანია RMS Ropeway Maintenance Systems-თან გაფორმდა თეთნულდში საბაგირო-სატრანსპორტო სისტემის მონტაჟისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის.

უცხოური კომპანიების სერვისებსა და საქონელზე დახარჯული თანხების დიდი ნაწილი სამშენებლო სამუშაოებსა და სამშენებლო მასალებზე მოდის. დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა სამედიცინო მოწყობილობებმა და ფარმაცევტულმა პროდუქციამაც.

Author: ანა დაბრუნდაშვილი